US Agency for Global Media

News and Information from Around the World

Clear all
2 Sep 2026, 14:31 GMT By ჯიმშერ რეხვიაშვილი

პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ უკვე არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ რუსეთის პარტნიორებიც მოუწოდებენ. მოდისა და ტოყაევის შემდეგ კრემლისთვის სულ უფრო რთულია ომის გაგრძელების საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნება. თუმცა პუტინის პასუხი ჯერჯერობით უცვლელია - ომს ბოლომდე მიიყვანს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა. ეს მოხდა მათი შეხვედრის დროს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სამიტზე, სადაც შეიკრიბნენ ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები. ცოტა ხნის წინ ასეთივე მოწოდებით ვლადიმირ პუტინს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომარტ ტოყაევმაც მიმართა. რატომ მოუწოდებენ პუტინს ე.წ. მოკავშირეები ომის დასრულებისკენ? იზიარებს თუ არა ამ პოზიციას ჩინეთი და როგორ უპასუხებს პუტინი ამ მოწოდებებს? პოლიტიკის ექსპერტთა თქმით, ერთია, როდესაც უკრაინაში ომის დასრულებას დასავლეთის ქვეყნები მოითხოვენ და სულ სხვა, როდესაც რუსეთისგან იმავეს მისი აზიელი მოკავშირეები, ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნები ითხოვენ. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება ომის დასასრული და არა ომი დასასრულის გარეშე... ყოველი დღე, რომლის განმავლობაშიც ომი გრძელდება, არსებითად, კაცობრიობას ერთი ნაბიჯით უკან სწევს, მაშინ როდესაც მშვიდობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მთელ კაცობრიობას მშვიდობის რეალურ იმედს აძლევს. ჩვენ უნდა გადავიდეთ უსასრულო ომიდან ომის დასრულებაზე, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე“. პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის „დასრულების მიმართულებით მიდის“, თუმცა, კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, Bloomberg-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი, პირიქით, ესკალაციისთვის ემზადება, რადგან მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 1 სექტემბერს ბიშკეკის სამიტის ფარგლებში, პუტინი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინსაც შეხვდა. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ლიდერები ომს მხოლოდ „გაკვრით შეეხნენ“. თუმცა სი ძინპინმა ამავე სამიტზე განაცხადა, რომ მსოფლიოში კვლავაც „ომის ნისლია“ ჩამოწოლილი. რა უნდა ინდოეთს? ბერლინის კარნეგის ცენტრის მკვლევრის, ტიმურ უმაროვის თქმით, პრემიერ-მინისტრ მოდის ეს განცხადება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელიც ბიშკეკის სამიტის ფარგლებში გაკეთდა. “რატომ ცდილობს ინდოეთი, რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგოს? აქ ყველაფერი საკმაოდ გასაგები და ლოგიკურია. ინდოეთი, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, ზარალდება ენერგეტიკულ სფეროში არსებული კრიზისის გამო, რომელიც უკრაინაში ომის, სანქციებისა და სხვა მოვლენების შედეგად გაფართოვდა, მათ შორის ირანში მიმდინარე ომის გამოც. გარდა ამისა, ინდოეთის საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევრაზიის კონტინენტზე ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნება. ინდოეთი ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამს რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებას, რადგან ჩინეთთან მას საკმაოდ რთული ურთიერთობები აქვს - მათ შორის ტერიტორიული დავებისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინირებისთვის კონკურენციის გამო”, - ეუბნება მკვლევარი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) რუსულ რედაქციას. ნარენდრა მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უმაროვის თქმით, ინდოეთისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, როდესაც რუსეთსა და ჩინეთს შორის სტაბილური და პროგნოზირებადი, თუმცა არა ინტენსიურად განვითარებადი ორმხრივი ურთიერთობებია: “შესაბამისად, ყველაფერი, რაც 2022 წლიდან ხდება, ინდოეთისთვის არასასურველი სცენარია. ეს გავლენას ახდენს ინდოეთის პოზიციებზე როგორც მსოფლიო, ისე რეგიონულ პოლიტიკაში. ამასთან, უკრაინაში ომი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, როგორც მსოფლიო ბაზარზე იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებლისას. შეგახსენებთ, რომ 2022 წლამდე ინდოეთი რუსული შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი იყო და ამ მიწოდებებზე დღემდე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დელი. შესაბამისად, ინდოეთისთვის არასასურველია ვითარება, როდესაც რუსეთს შეიარაღების მიწოდება სრულფასოვნად აღარ შეუძლია. ყველა ეს ფაქტორი ერთად ინდოეთს აქცევს ქვეყნად, რომელსაც გულწრფელად სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მისი საგარეო პოლიტიკური ბალანსი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს”. ნარენდრა მოდი პირველი არ არის, ვინც პუტინს ღიად მიმართა ომის დასრულების მოწოდებით. 25 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ომსკში გამართულ რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმზე, პუტინთან შეხვედრისას უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა: „სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან. ეს ხომ მოძმე ხალხების გენოფონდია. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე გასაგები არ არის. ამის გაგება რთულია. ვიცი, რომ ალასკაში მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა გამოიჩინეთ; ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. შესაძლოა, დროა, კონფლიქტი გავყინოთ და სტამბოლის შეთანხმებებს, 2.0-ს დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ისეთი დიდი ძალების გარანტიით, როგორიცაა შეერთებული შტატები“ . როგორ გაბედა ტოყაევმა? რას ნიშნავს პუტინის მოკავშირეების ტონის ცვლილება პოლიტიკის ანალიტიკოსთა თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკვე არსებული ტენდენციის მიმყოლია. ნარენდრა მოდი ხედავს, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) ფარგლებში მას მხარდაჭერა აქვს, რადგან არიან ქვეყნები, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ და ორგანიზაციის ფარგლებში ომის შეწყვეტას მოითხოვენ. ბიშკეკში შთო-ს სამიტზე იმყოფებოდა თურქეთის პრეზიდენტიც, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც ასევე უჭერს მხარს ომის შეწყვეტას და ხშირად გამოდის სამშვიდობო ინიციატივით, თუმცა ერდოანისთვის, ისევე როგორც მოდისთვის, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. „არსებობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესები და, ამასთანავე, უსაფრთხოების საკითხიც. არაერთხელ გვინახავს, რომ რუსეთსა და თურქეთს შეთანხმების მიღწევა ურთიერთობების გამწვავების შემდეგაც შეუძლიათ - როგორც ეს, მაგალითად, სირიაში და სხვა რეგიონებში ხდებოდა. ამიტომ ერდოანს ტრადიციულად სურს მნიშვნელოვანი შუამავლის როლი შეასრულოს - იყოს ლიდერი, რომელსაც ერთდროულად შეუძლია საუბარი როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან. მით უმეტეს, რომ თურქეთი ნატოს წევრია, თუმცა რუსეთთანაც მჭიდრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებს. ამ გზით ერდოანს შეუძლია კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს თურქეთის შესაძლო როლი. მისი შუამავლობის ეფექტიანობა ნაწილობრივ უკვე დადასტურდა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმებების დროს. ამასთან, ეს შესაძლებლობას იძლევა გამოიცადოს, რამდენად მზად არის პუტინი დღეს კომპრომისზე წასასვლელად. სულ მცირე, თურქეთს შეუძლია დასავლელ პარტნიორებს - როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში - აჩვენოს, რომ ძალისხმევას არ იშურებს კონფლიქტის შეჩერებისა და მისი ზავამდე ან დროებით პაუზამდე მიყვანისთვის“, - უთხრა პოლიტიკის ანალიტიკოსმა ანტონ ბარაბაშმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (არქივი) ტიმურ უმაროვის თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას სავარაუდოდ იზიარებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) წევრი ქვეყნების უმრავლესობა, თუმცა ისინი განსხვავებულ დიპლომატიურ ტაქტიკას იყენებენ და არ კვეთენ ზღვარს, რომლის მიღმაც ინიციატივა შეიძლება კრიტიკად იქნას აღქმული: „ცენტრალურ აზიაშიც კი ვხედავთ დიდ განსხვავებას დიპლომატიურ მიდგომებში, მაგალითად, ყაზახეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. ყაზახეთი საკუთარი მოსაზრებებიდან და დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე მოქმედებს. მოსკოვს ეს კარგად ესმის. ესმის, რომ ტოყაევისთვის მსგავსი განცხადებების გაკეთება აუცილებელია, რათა დასავლელი პარტნიორების თვალში საიმედო პარტნიორად გამოიყურებოდეს, და ეს რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს არ შეარყევს. იგივე შეიძლება ითქვას ინდოეთზეც. ინდოეთს ვერ ვუწოდებთ რუსეთის უახლოეს მოკავშირეს ვერც მსოფლიოში და ვერც რეგიონში. ნათელია, რომ რუსეთმა თავისი არჩევანი ჩინეთზე გააკეთა, ხოლო ჩინეთი თავს მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლებას არ აძლევს. ჩინეთს შესანიშნავად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია შეუნარჩუნოს კრემლს იმის განცდა, რომ ის ყველაფერს სწორად აკეთებს. ჩინეთს ასევე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ვლადიმირ პუტინის ეგოს მოფერება და იმის თქმა, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა და საერთოდაც, ის საუკეთესო ლიდერი და, როგორც სი ძინპინი უწოდებს მას, „ძვირფასი მეგობარია. ჩინეთი ინდოეთის მსგავს განცხადებებს არ გააკეთებს მაშინაც კი, როდესაც ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება”. ექნება თუ არა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას რაიმე შედეგი? პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან ისინი არ ფიქრობენ, რომ რუსეთის მოქმედებები უკრაინაში საგარეო პოლიტიკური ვითარებითაა ნაკარნახევი. აკი, შთო-ს სამიტის დამთავრებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა არც არაფერი თქვა ომის შეწყვეტაზე. პირიქით, 40-წუთიანი პრესკონფერენციის დიდი ნაწილი მან სწორედ ომის წარმატებით მიმდინარეობას დაუთმო: „ეჭვი არ მეპარება, რომ მტერი ჩამოიშლება, თუმცა დროისა და ვადების საკითხი ყოველთვის რთულია და არც ღირს ვადების დაზუსტებაზე საუბარი. ინფორმაციას ვიღებ განსხვავებული წყაროებიდან, სპეცსამსახურებიდან და ყველა იმ უწყებიდან, რომელიც ასე თუ ისე ჩართულია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს. რ.თ.) ამიტომ ჩემი სურათი საკმაოდ ობიექტურია. საბრძოლო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა, დანაკარგები და ახალი გამოწვევები ახლავს, განსაკუთრებით ახლა - მეცნიერებისა და ტექნიკის თავბრუდამხვევი განვითარების დროს. ახლა მთავარი გამოწვევა უპილოტო საფრენი აპარატებია: წყალში, მიწაზე, ჰაერში. ეს სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ მას ვუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროში ყველა ამოცანა გადაჭრილი იქნება. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩვენი სამხედრო მრეწველობის მუშაობის ტემპი. შეიძლება სადღაც ჩამოვრჩებით მოწინააღმდეგეს, სადღაც ვუსწრებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ამოცანას დავძლევთ“. პუტინის მტკიცებით, რუსეთის არმიას წარმატება აქვს სვო-ს ზონაშიც, სადაც მისი თქმით, გეგმურად მიმდინარეობს დნრ-ს (დონეცკის სახალხო რესპუბლიკის) გათავისუფლების ოპერაცია. „მარტო აგვისტოში ჩვენ ხელში გადმოვიდა 207 კვ. კმ ფართობის ტერიტორია, 15 დასახლებული პუნქტი. დრონების საფრთხის გამო ფრთხილად მივიწევთ წინ. კრამატორსკის, სლავიანსკის აღმოსავლეთ გარეუბნებზე გავდივართ. ცენტრში, დობროპოლიესათვის ბრძოლები მიმდინარეობს. არ მინდა წარმატებებზე ვილაპარაკო, თვალი არ ეცეს“, - თქვა პრესკონფერენციის მსვლელობისას პუტინმა, რომელიც მხოლოდ გაკვრით, ზედაპირულად შეეხო სამშვიდობო მოლაპარაკებებს: ფრონტზე რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა - სირსკი “რუსეთი მომხრეა ნებისმიერი მოლაპარაკება უპირველეს ყოვლისა კონკრეტული შინაარსით იყოს დატვირთული. თუ ვინმეს შეუძლია პოზიტივი შეიტანოს მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამჟამად გარკვეულწილად გაყინულია, რუსეთი წინააღმდეგი არ არის.” თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, პუტინი “მოლაპარაკების კონკრეტულ შინაარსში” უკრაინის კაპიტულაციას გულისხმობს. რუსეთის ხელისუფლება, რომელიც თავშეკავებულია მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების სამშვიდობო მოწოდებებისადმი, უკიდურესი აგრესიით უპასუხებს ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სტუმრობისას განმარტა, თუ რატომ არის რუსეთისთვის მიუღებელი დასავლეთის სამშვიდობო შეთავაზებები: „ის, რასაც დღეს დასავლეთი გვთავაზობს, არის შეჩერება დაპირისპირების ხაზებზე, სადაც მხარეები ამჟამად ერთმანეთის პირისპირ დგანან - ანუ ზავი და არა გრძელვადიანი მშვიდობა. ამასთან, უკვე ღიად აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებების შეჩერების შემდეგ არც უკრაინა და არც დასავლეთი, ყოველ შემთხვევაში ევროპა, არ აღიარებენ რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად. ისინი თითქმის ამაყად აცხადებენ: „ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს, შემდეგ კი მშვიდობიანი გზებით 1991 წლის საზღვრების აღდგენას დავიწყებთ“, ზელენსკის ხელისუფლების კონტროლქვეშ დარჩენილ ტერიტორიებზე კი „სტაბილიზაციის ძალები“ განლაგდებაო. ამ ინიციატივის ავანგარდში განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დგანან. სინამდვილეში კი ეს „სტაბილიზაციის ძალები“ იმ რეჟიმის შენარჩუნებასა და დაცვას მოემსახურებიან, რომელსაც რუსეთი ნეონაცისტურს უწოდებს და რომელიც მსოფლიოში ერთადერთი რეჟიმია, რომელმაც აკრძალა მთელი ენა და კანონიკური რელიგია“. შთო-ს ბიშკეკის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა კვლავ ილაპარაკა ცხოველთა სამყაროში კვებითი ჯაჭვის შესახებ. ამჯერად მან გაიხსენა საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის აღწერისას ხშირად ახსენებდა “იმპერიალიზმის ზვიგენებს”. პუტინის ზოოლოგია: ომი, როგორც „კვებითი ჯაჭვი“ „ცელნამგალა ვეშაპები მართლაც საშინელი მტაცებლები არიან. საბჭოთა პერიოდში კოლექტიურ დასავლეთს უწოდებდნენ „იმპერიალიზმის ზვიგენებს“. მეტაფორის აზრი ის არის, რომ თუ ვინმე შეეცდება ჩვენს ჩაჩოჩებას კვებითი ჯაჭვის ქვედა ნაწილში, შეიძლება კბილებში მიიღოს. რუსეთს შეუძლია ამის გაკეთება ზვიგენების სწრაფად მზარდი მადისა და კბილების მიუხედავად“, - თქვა პუტინმა, რომელიც პრესკონფერენციის მსვლელობისას სამაგალითოდ ლოიალური იყო პარტნიორი ქვეყნების სამშვიდობო მოწოდებებისადმი. ექსპერტთა შეფასებით რუსეთი თავს ვერ მისცემს უფლებას ურთიერთობა გაუფუჭდეს შთო-ს მნიშვნელოვან წევრებთან. საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი და NEST-ის (New Eurasian Strategies Centre) მკვლევარი ჯონ ლაფი რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე რუსეთის დელეგაციისთვის „ნომერ პირველი მიზანი იყო გლობალურ სამხრეთში რუსეთის პოზიციების გაძლიერება და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის მხარდაჭერის შენარჩუნება“. „ვფიქრობ, პუტინისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რუსეთში საკუთარ ამომრჩეველს აჩვენოს, რომ ქვეყანას მსოფლიოში ჯერ კიდევ აქვს გარკვეული სტატუსი და რეალური გავლენით სარგებლობს“, - ამბობს ბრიტანელი პოლიტოლოგი.

Download metadata bundle
1 Sep 2026, 19:47 GMT By ლელა კუნჭულია

არდადეგების შემდეგ, "ქართული ოცნების" უმრავლესობას სადავო პარლამენტს დაჩქარებული წესით უნდა განეხილა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ყოფილი თანაგუნდელის, მამუკა მდინარაძის ყოფილ, ბოლო მოქმედ თუ სამომავლოდ დაგეგმილ თანამდებობებს შეეხებოდა. მაგრამ გეგმები შეიცვალა - სუსის ყოფილმა უფროსმა, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე დროებით იყო დანიშნული, 27 აგვისტოს თანამდებობაც დატოვა და პოლიტიკაც. პარლამენტში დარეგისტრირებული საკანონმდებლო პაკეტით დაგეგმილი იყო შემდეგი: უნდა გაუქმებულიყო რეგიონული განვითარების სამინისტრო [მინისტრის პოსტს მდინარაძე 29 ივლისიდან 27 აგვისტომდე იკავებდა]; უნდა გაუქმებულიყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტი [მდინარაძე იკავებდა 2026 წლის 30 აპრილიდან 2026 წლის 29 ივლისამდე]; უნდა შექმნილიყო რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტი [უნდა დაეკავებინა მამუკა მდინარაძეს]. მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მისი შემცვლელის გამოძებნის ნაცვლად, გადაწყდა, რომ სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი საერთოდ აღარ შეიქმნება; ხოლო რეგიონული განვითარების სამინისტრო ისევ ძველ მეწყვილეს - ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეერწყმება და გაერთიანებულ უწყებას სავარაუდოდ ისევ ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი უხელმძღვანელებს. „ქართული ოცნების“ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც სადავო პარლამენტში მუშაობს, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მმართველი პარტია სახელმწიფო უწყებებსა და თანამდებობებს მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. 1 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, მამუკა მდინარაძე მხოლოდ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა ახსენა. იმავე დღის ბოლოს, „ქართული ოცნების“ ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ თავის #5 წერილში აღნიშნა, რომ მდინარაძის კარიერა მის საქმეს შეეწირა. არ არის ადამიანი, არ იქნება პოსტი პარლამენტში აგვისტოს დასაწყისში დარეგისტრირებული და უკვე გაწვეული საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში მამუკა მდინარაძე, ცხადია, ნახსენები არ არის, თუმცა მრავალგზის ხაზგასმულია ახალი თანამდებობის შექმნის მნიშვნელობა - რეგიონებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის. „საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიღებით უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო მართვის უმნიშვნელოვანესი მიმართულების - ერთიანი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება, შედეგებზე დაფუძნებული რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება, გაუმჯობესებული კოორდინაცია რეგიონული მართვის საკითხებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობის ზრდა", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. ასევე, ტექსტის თანახმად: “ცვლილების მიზანია სახელმწიფო მართვის უმნიშვნელოვანესი მიმართულების - რეგიონული მართვის ეფექტიანობის გაზრდა”. “მოცემული რეფორმა დაეხმარება სხვადასხვა სამინისტროს რეგიონული პროექტების კოორდინირებულად განხორციელებაში. ასევე, გაზრდის რეგიონული პროექტების სტრატეგიული დაგეგმარების ხარისხს და უზრუნველყოფს მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უფრო დროულად მიღებას”. “რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოზიციის შემოღება, რომელიც ამავდროულად შეასრულებს ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც, მნიშვნელოვნად გაზრდის კოორდინაციის ხარისხს სხვადასხვა უწყებებს შორის”. ტექსტში ლაპარაკია ადმინისტრაციული რესურსებისა და საბიუჯეტო თანხების მნიშვნელოვან დაზოგვაზეც. ეს საქმიანობა დამღლელია, მის ფსიქოლოგიურ სტრესს გაგებით მოვეკიდეთ - კობახიძე მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე თუკი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოზიცია ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ გამოინახა ამ პოსტისთვის სხვა, შესაფერისი ადამიანი მდინარაძის წასვლის შემდეგ? 31 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობა ახლა „განსხვავებულ მოდელზე“ მუშაობს, რაც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. წინასწარი ინფორმაციით, აღარ გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „[მამუკა მდინარაძის] პირადი შესაძლებლობიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული“, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს და განმარტა, რომ ახლა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა რელევანტური აღარ არის. “მთავრობა ეს არის პოლიტიკური გუნდი და პოლიტიკურ გუნდში მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც აქვთ რესურსი გარკვეული საქმიანობის განხორციელების. იმისთვის, რომ კოორდინაცია აწარმოო სხვადასხვა სამინისტროების თუ სტრუქტურების, ამას რა თქმა უნდა პოლიტიკური გამოცდილებაც სჭირდება, პოლიტიკური რესურსიც სჭირდება, რომელიც მამუკა მდინარაძეს ჰქონდა განსაკუთრებული ამ მხრივ”, - განაცხადა პაპუაშვილმა. მდინარაძის წასვლა - პოსტიდან პოსტზე გადასვლის შემდეგ გაყოფა და შეერთება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორ ნაწილად 2025 წლის აპრილში გაიყო. 2025 წლის 2 აპრილს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე [2025 წლის 2 აპრილს] ირაკლი კობახიძემ სუსის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა - ამჟამად დაჭერილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო; 4 აპრილს კობახიძემ განაცხადა, რომ “განსხვავებული მიდგომების” გამო ლილუაშვილი აღარ დაიკავებდა მინისტრის პოსტს. 2025 წლის ოქტომბერში ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს, დეკემბერში ის დააკავეს. მას შემდეგ სამინისტროები ასე ცალ-ცალკე იყო დარჩენილი. 29 ივლისს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძე დანიშნა - დაპირებით, რომ „სექტემბრის პირველ კვირაში“ მისთვის ახალი პოსტი შეიქმნებოდა, სამინისტრო კი გაუქმდებოდა. ამ გეგმის შესრულება ვეღარ მოესწრო. 27 აგვისტოს მდინარაძე გადადგა. მდინარაძის 4 თანამდებობა არასრულ ერთ წელში - რა ხდება “ძალაუფლების ოლიმპოზე”? „ეს ხალხი [„ქართული ოცნება“] ასე ექცევა სახელმწიფოს... მათი ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება ერთადერთ მოტივაციას - ძალაუფლების შენარჩუნებას. სახელმწიფოს რა გამოადგება, ხალხს რა გამოადგება, რა უკეთესი იქნება, რამდენად ეფექტიანი იქნება - ეს მეასეხარისხოვანი „ოცნებისთვის“... უტიფარი სახეებით, მათ შეუძლიათ, ერთ დღეში რადიკალურად შეცვალონ გადაწყვეტილება და ისევ დაგისაბუთონ, რომ რაც გუშინ პრიორიტეტი იყო და რის გარეშეც თურმე არ შეიძლებოდა, დღეს ამის გარეშეც შესაძლებელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ - დეპუტატი, გიორგი შარაშიძე. ის „დიდ უპასუხისმგებლობას“ ხედავს პროცესებში - რაც ჯერ მხოლოდ რეგიონული სამინისტროს საკადრო გადაადგილებებს, მისი გაუქმებისა და ახალი პოსტების შექმნის გეგმებს, შემდეგ კი ამ გეგმების შეცვლას უკავშირდება: „მათი ერთადერთი კრიტერიუმი მონური მორჩილებაა - კონკურენცია იმაში კი არ აქვთ, ვინ უფრო რეფორმატორია ან ვინ უფრო კონკურენტულია; არამედ კონკურენცია იმაშია - ვინ უფრო მეტად, უკაცრავად ჟარგონისთვის და გააპრავებს [ბიძინა] ივანიშვილის გადაწყვეტილებებს“. შარაშიძეს ასევე აინტერესებს, როდემდე დარჩება კულტურის სამინისტრო მინისტრის გარეშე. კულტურისა და სპორტის სამინისტროები 2025 წლის იანვარში გაიყო. თინათინ რუხაძე, რომელმაც, 2026 წლის ივლისის ბოლოს, თანამდებობა ფეისბუკპოსტით დატოვა, სპორტიდან გამოყოფილი კულტურის სამინისტროს პირველი ხელმძღვანელი იყო. „დამჭირდება მკურნალობის სპეციალური კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას. კულტურა ისეთი სფეროა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ შექმნილი ვითარება საშუალებას არ მაძლევს, სათანადო დრო დავუთმო ჩემთვის უძვირფასეს საქმეს,“ - წერდა თინათინ რუხაძე განცხადებაში. შემოდგომის პირველ სხდომაზე 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე. ყოფილი თანაგუნდელებიდან მამუკა მდინარაძე მხოლოდ არჩილ ბერიძემ ახსენა და მადლობაც გადაუხადა „ღირსეული კვალის“ დატოვებისთვის, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. პოლიტიკური განცხადებების რიგში ბერიძე თანაგუნდელებს შორის მეექვსე იყო. არც მანამდე და არც მის შემდეგ, სხდომაზე, მდინარაძე არავის უხსენებია. “მის გარეშე რთული იქნება მუშაობა” , - ანსამბლ „ბათუმის“ ყოფილმა სოლისტმა არჩილ ბერიძემ სხდომაზე თქვა, რომ მდინარაძე “მაღალი დონის პროფესიონალი”, “გამორჩეული მენეჯერი”, “პრინციპული” და “გუნდის ერთგული ადამიანი” იყო. გიორგი შარაშიძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მდინარაძისთვის მადლობის გადასახდელად საგანგებოდ შეარჩიეს „ნაკლები პოლიტიკური წონის, ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც თავისი პროფესიის [მომღერლობის] გამო საზოგადოებაში აქვს გარკვეული ავტორიტეტი “, ხოლო დანარჩენები მდინარაძის ხსენებას მოერიდნენ. „ბატონი არჩილ ბერიძე „ქართული ოცნების“ ახალი წევრია [2024 წლის არჩევნების შემდეგ]... თუ ვინმეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა უნდა გადაეხადა მდინარაძისთვის, ეს უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებთან ერთადაც ის წლები მუშაობდა... ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის გამიჯვნა მისგან [მდინარაძისგან]“, - გვეუბნება შარაშიძე. მამუკა მდინარაძემ პარლამენტში 9 წელი გაატარა. 2016 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” გუნდში ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო - ჯერ მაჟორიტარი, ხოლო მომდევნო ორ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” პარტიული სიის მე-5 ნომრად დაასახელა. ძირითადად იყო “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი. გარკვეული პერიოდი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედაც მუშაობდა. თანაგუნდელების ნაწილმა, მდინარაძის წასვლის შემდეგ, მას ფეისბუკპოსტებით გადაუხადა მადლობა; აქებდნენ, მადლობას უძღვნიდნენ მედიასთან გაკეთებულ კომენტარებშიც. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 31 აგვისტოს, ბიუროს სხდომაზე, მდინარაძეს მადლობა გადაუხადა „წლების განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის“ და „მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ მთავრობაში. მის წასვლას დასანანი უწოდა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. უკვე სხდომაზე პაპუაშვილს იგივე არ გაუმეორებია. ღარიბაშვილი: მდინარაძის გადადგომამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ წერილი ნამდვილია 1 სექტემბერს, დღის ბოლოს, პატიმარი ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხეში დაწერილი მორიგი წერილი გამოქვეყნდა. ამჯერად წერს, რომ - მამუკა მდინარაძის კარიერა მის საქმეს შეეწირა. “მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა”, - ღარიბაშვილი ამჯერად, მდინარაძესთან ერთად, კობახიძესაც მძიმე ბრალდებებს უყენებს: “მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”. მანამდე, ღარიბაშვილი თავის წერილებში აღნიშნავდა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდა მდინარაძე, “ბიძინა ივანიშვილის დავალებით”, როდესაც მისგან კორუფციული ბრალის აღიარებას პოლიტიკიდან სამუდამო გამიჯვნის გარანტიად ითხოვდნენ. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვარაუდობს, რომ საბოლოოდ, მამუკა მდინარაძე გრიგოლ ლილუაშვილის ბედს გაიზიარებს და პასუხს, ადრე თუ გვიან - მათ თანაგუნდელზე, დეპუტატ გიგა ფარულავაზე „ოცნების“ დეპუტატების ჯგუფური ძალადობის წახალისებისთვისაც აგებს. გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს გახარიას გუნდში დარწმუნებული არიან, რომ 2026 წლის 26 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, ფიზიკური ანგარიშსწორება სწორედ მამუკა მდინარაძის “შეკვეთით” დაიწყო. პარლამენტში იმ დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენდნენ. დარბაზში იჯდა მდინარაძეც. ის ამ დროს ჯერ კიდევ სახელმწიფო მინისტრი იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. თანაგუნდელები მან სრულად გაამართლა და გამოძიების დაწყება გამორიცხა. "მეც ვიზიარებ, ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან, ვინც იმ სამწუხარო ინციდენტში მონაწილეობდნენ. ვიღებ მეც მეგობრულადაც, მორალურადაც, პოლიტიკურადაც, გუნდურადაც ყველა პასუხისმგებლობას. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გულით რომ გინდოდეთ, ვერ დადგება.” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ გიგა ფარულავას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. პარტიის “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატები მან პროვოკაციაში დაადანაშაულა; თქვა, რომ ჩხუბი გიგა ფარულავას გინებამ გამოიწვია. პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართა. გიორგი შარაშიძე გვეუბნება, რომ ამ ნაბიჯს - საგამოძიებო უწყების რეაგირება არ მოჰყოლია.

Download metadata bundle
1 Sep 2026, 16:24 GMT By ნინო თარხნიშვილი

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გივი გუდაძესა და საბა ბოჭორიშვილს, რომლებსაც ნარკოდანაშაული ედებათ ბრალად, მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რას ედავება გამოძიება ბრალდებულებს? პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა, 33 წლის გივი გუდაძემ დაურ ბუავას გარდაცვალების გამო დაკავებულ კიდევ ერთ პირს, 23 წლის ვალერია კირილიუკს, ნარკოტიკული საშუალება მეტადონი გადასცა, რომელიც 23 აგვისტოს მან და დაურ ბუავამ მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. ქალმა გონზე მოსვლა შეძლო. დაურ ბუავას ცხედარი კი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში 27 აგვისტოს აღმოაჩინეს. გამოძიების თანახმადვე, გივი გუდაძეს სახლში აღმოაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეტადონი. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა. თუკი მას დანაშაული დაუმტკიცდა, ის ციხეში 20 წლამდე ან უვადოდ წავა. რაც შეეხება ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, 24 წლის საბა ბოჭორიშვილს , მას გამოძიება ედავება ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენასა და შენახვას. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 0,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი მარიხუანა აღმოაჩინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. პროკურატურის თანახმად, ორივე პირი ნარკოტიკული დანაშაულისთვისაა ნასამართლევი და ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. დაურ ბუავას დედა და მამობილი (მარჯვნივ), პირველი სექტემბერი, 2026 წელი რა აკავშირებთ ბრალდებულებს დაურ ბუავასთან? საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილი, რომელიც ბრალდებულების ჩვენებებსა და ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს ეყრდნობა, ამბობს, რომ მათ დაურ ბუავა ერთ-ერთ საკვებ ობიექტში გაიცნეს: „ ერთმა დაახლოებით 7-8 თვის წინ, მეორემ ერთი თვის წინ. ბრალდებულები ამბობენ, რომ დაურ ბუავასთვის მანამდეც არაერთხელ გადაუციათ ნარკოტიკული საშუალება“. დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულებმა სწორედ დაურ ბუავასგან გაიცნეს 23 წლის ვალერია კირილიუკი, რომელიც აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების გამო, განსაცდელში მიტოვების მუხლითაა დაკავებული და სასამართლომ მას 31 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის თქმითვე, ბრალდებულების ჩვენებების თანახმად, მათ თავადაც, რამდენიმე საათით ადრე მოიხმარეს ის ნარკოტიკული საშუალება (მეტადონი), რომელიც გივი გუდაძემ ვალერია კირილიუკს გადასცა და ისინიც შეუძლოდ გახდნენ. ერთ-ერთი ბრალდებული საბა ბოჭორიშვილი კი კლინიკაშიც გადაიყვანეს: „მიუხედავად იმისა, რომ ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ ისინი ცუდად გახდნენ, მათ არ მოიკითხეს და არ გააფრთხილეს დაურ ბუავა და ვალერია კირილიუკი, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავდა. მინდა ასეთი კითხვა დავუსვა მათ და თუ აქვთ სურვილი, მიპასუხონ, პირადად რატომ არ გააგებინეს დაურს ან ქალბატონს, რომ ასეთი შედეგი მოჰყვა ამ ნარკოტიკის მოხმარებას, ან ავად გახდომის მომენტში ან კლინიკიდან გამოსვლის მომენტში, ჯერ კიდევ იყო შანსი, რომ ადამიანი გადაერჩინათ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ატარებდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“, - მიმართა ბრალდებულებს დავით ყაზარაშვილმა სასამართლოს დარბაზში. ბრალდებულებმა მის კითხვას არ უპასუხეს. რაც შეეხება იმას, თუ სად მოიპოვა გივი გუდაძემ ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, დავით ყაზარაშვილი ჟურნალისტებს ეუბნება: „თქვა, რომ იპოვა. ამბობს, რომ არ ახსოვს, სად იპოვა“. რა ხდებოდა ნარკოდანაშაულში ბრალდებულების სასამართლოზე? გივი გუდაძის ადვოკატმა, გოგა მეშველიანმა, სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა დააყენა და მოსამართლეს სთხოვა, ჟურნალისტებს დარბაზი დაეტოვებინათ. მას მიაჩნია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით „მედიას ამოძრავებს არა საზოგადოებრივი ინტერესი, არამედ პირადი ინტერესის დაკმაყოფილების სურვილი“: „არ არსებობს იმის ეფექტური კონტროლი, რომ სხვადასხვა ჩამწერი საშუალებებით შემოსული პრესა, ლეპტოპებით, ტელეფონებით, არ არსებობს გარანტია, რომ ისინი ჩვენს პოზიციას არ ჩაიწერენ, რაც დღევანდელი რეგულაციებით, აკრძალულია. ახლაც კი, შუამდგომლობის წარდგენის დროს მეშლება ხელი (მას კლავიატურის ხმა უშლიდა ხელს რ.თ)... და გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა პროცესის ნაწილობრივ დახურვის შესახებ“. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, გივი გუდაძეს, რომელმაც გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ვალერია კირილიუკს გადასცა, ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიებად მისთვის 20 000 ლარიანი გირაოს დაკისრების შუამდგომლობა დააყენა: "მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახის ინფორმაციაა წარმოდგენილი, ეს ინფორმაცია არ არის სამართლებრივად მყარი, არ ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა". ხოლო პროკურორის კითხვას ბრალდებულების მიმართ, თუ რატომ არ გააფრთხილეს მათ დაურ ბუავა და ვალერია კირილიუკი, რომ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ ისინი შეუძლოდ გახდნენ, გოგა მეშველიანმა ასე უპასუხა: „შეიძლება ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ როგორც სიცოცხლის უფლება აქვთ ადამიანებს, ისე სიკვდილის უფლება აქვთ... ეს ხდება უბრალოდ საზოგადოების ზემოქმედების გამო. კარგი, დავუშვათ ამან იმ გოგოს გადასცა, იმან ხო გადასცა იმას [დაურს]. მან, გარდაცვლილმა გადაწყვიტა, რა დოზა მიეღო. ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდაო, რომ ამბობს პროკურორი და ასეთი ადამიანი გარდაიცვალაო, კაცმა არ იცის, ვინ ვის ინტერესებს ახორციელებს ამ ქვეყანაში. რატომ არ მიიღეს ზომებიო, არ შეეძლოთ მიეღოთ ზომები იმ ადამიანის გადასარჩენად, რომელმაც თავისი სურვილით, თავისი ნებით მიიღო მომაკვდინებელი დოზა ნარკოტიკისა“, - თქვა სხდომაზე გივი გუდაძის ადვოკატმა. საბა ბოჭორიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების ნაცვლად, „პატიმრობაზე უფრო მსუბუქი ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობა დააყენა მისმა ადვოკატმა, გიორგი მეგრელიშვილმა. მისი თქმით, გამოძიება საბა ბოჭორიშვილით მხოლოდ იმიტომ დაინტერესდა, რომ მას დაურ ბუავასთან უბრალოდ ნაცნობობა აკავშირებდა: "ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს წარდგენილი აქვს 273-ე მუხლი, რაც ნიშნავს მხოლოდ შენახვას. მას არავისთვის არაფერი გადაუცია, არანაირი შემხებლობა არ გააჩნია დაურ ბუავას გარდაცვალებასთან. უბრალოდ იცნობდა და იმის გამო, რომ მას იცნობდა, მოხდა საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა და აღმოჩნდა მარიხუანა, რომელიც მას ჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით. შესაბამისად, მისი გაიგივება დაურ ბუავას გარდაცვალების საქმესთან, არის შეუსაბამო". მისივე თქმით, პროკურატურა საბა ბოჭორიშვილს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს ედავება და შესაბამისად, არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. „ჯერ ერთი, სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს გამოყენებული უკიდურესი ღონისძიება და არ აქვს მნიშვნელობა, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება თუ არა. როდესაც მის მიმართ გამოყენებული იყო გირაო წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის, არცერთ ეტაპზე არ შეშლია ხელი მართლმსაჯულებას. ამ საქმესთან დაკავშირებითაც, ბრალდების მხარე დამეთანხმება, რომ სრულად შეუწყო ხელი გამოძიებას და ეს საქმის მასალებითაც დასტურდება. შესაბამისად, მისი მხრიდან, არანაირი რისკი არ არსებობს, რომ რაიმენაირად შეუშლის ხელს გამოძიების მიმდინარეობას თუკი მის მიმართ გამოყენებული იქნება მსუბუქი ღონისძიება“, - მიმართა გიორგი მეგრელიშვილმა მოსამართლეს. სხდომაზე ბრალდებულებს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ისინი მხოლოდ ადვოკატებს დაეთანხმნენ. დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა კაცების წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს, 12 საათზე გაიმართება. ამავე დღეს გაიმართება აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების გამო დაკავებული კიდევ ერთი პირის, 23 წლის ვალერია კირილიუკის წინასასამართლო სხდომაც. მას გამოძიება ახალგაზრდა კაცის განსაცდელში მიტოვებას ედავება. გამოძიების თანახმად, 23 აგვისტოს, ღამის საათებში, დაურ ბუავამ და ვალერია კირილიუკმა (დაურ ბუავას სახლში) მიიღეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ისინი შეუძლოდ გახდნენ. თითქმის ორი დღის თავზე, 25 აგვისტოს, დილის 9 საათისთვის კი გონზე მოსულმა ვალერია კირილიუკმა ნახა, რომ დაურ ბუავა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, „მძიმედ სუნთქავდა“, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მას დახმარებოდა, ბინა დატოვა, კარი გარედან გადაკეტა, არ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და საერთო მეგობრებსაც არაფერი გააგებინა. ის გამოძიებამ 29 აგვისტოს, ნაქირავებ ბინაში დააკავა. ვალერია კირილიუკი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 31 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ქალი „საწოლსაა მიჯაჭვული და მძიმე მდგომარეობაშია“. პირველ სექტემბერს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გაიმართა დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი. მას 2 სექტემბერს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 32 წლის დაურ ბუავა სოციალურ ქსელში, წლების განმავლობაში ცნობილი იყო როგორც ვიდეოების ავტორი, რომელიც უმეტესად ქართულ-აფხაზურ მეგობრობაზე საუბრობდა. ახალგაზრდა კაცი ტყვარჩელიდან თბილისში 2021 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად და უკან აღარ დაბრუნებულა. დაურ ბუავას დედა და მამობილი (მარჯვნივ), პირველი სექტემბერი 2026 წელი 2022 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა მას „სახელმწიფოს ღალატში“ დასდო ბრალი. დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახური თვლიდა, რომ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“. რადიო თავისუფლება დაურ ბუავას 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. ამ დროს გადაღებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სურს აუხსნას, რომ საქართველო ომზე არ ფიქრობს და როგორ შეიძლება მშვიდობიანი თანაცხოვრება. 2022 წლის დეკემბერში, დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვარაუდები, რომ შესაძლოა, დაურ ბუავა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, განზრახ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი იყოს. საქმის პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და "ნებისმიერი ვერსია გადამოწმდება".

Download metadata bundle
1 Sep 2026, 13:06 GMT By რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური

ბელარუსში უგზო-უკვლოდ გაუჩინარება მხოლოდ 1990-იანი წლების პოლიტიკური მკვლელობების ისტორია არ არის. გაეროს შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების ხანგრძლივი იზოლაცია და მათი გარე სამყაროსთან სრული კავშირის გაწყვეტაც შესაძლოა, იძულებით გაუჩინარებას გაუთანაბრდეს. 30 აგვისტოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა იძულებით გაუჩინარების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე. ბელარუსში ამ თემას ორი ასპექტი აქვს: 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური ოპონენტების გატაცებები და თანამედროვე პრაქტიკა - პოლიტიკური პატიმრების სრული იზოლაცია, ანუ გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე დატოვება, - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი „ვიასნა“. ზახარანკა, ჰანჩარი, კრასოუსკი, ზავადსკა 2004 წელს კვიპროსელმა იურისტმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ქრისტოს პურგურიდესმა მოამზადა მოხსენება სახელწოდებით „უგზო-უკვლოდ დაკარგულები ბელარუსში“ – 1999-2000 წლებში ხელისუფლების ოთხი მოწინააღმდეგის გატაცების დეტალური გამოძიება. ქრისტოს პურგურიდესმა შემდეგი საქმეები შეისწავლა: იური ზახარანკა - ბელარუსის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი; ვიქტარ ჰანჩარი - უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე; ანატოლ კრასოვსკი - ბიზნესმენი და ჰანჩარის ახლო მეგობარი; დზმიტრი ზავადსკა - ჟურნალისტი. პურგურიდესმა დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია „კრიმინალურ დაპირისპირებას“, რომ ეს იყო პოლიტიკური ოპონენტების მოსაშორებლად წინასწარ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციები. „პურგურიდესმა დაასკვნა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ ამ გაუჩინარებებში ეჭვმიტანილია მაღალი თანამდებობის არაერთი პირი. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მოსაშორებლად ჩადენილი გაუჩინარებები“ , - იხსენებს „ვიასნას“ უფლებადამცველი ვალიაცინ სტეფანოვიჩი . ეს მოხსენება საფუძვლად დაედო ევროკავშირის სანქციებს შემდეგი პირების მიმართ: ულადიმირ ნავუმაუ - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი;- დზმიტრი პაულიუჩენკა - სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფის ყოფილი მეთაური; ვიქტარ შეიმანი - ყოფილი გენერალური პროკურორი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სხვა პირები. სრული იზოლაცია - წამების ფორმა და სისტემური რეპრესიის მექანიზმი ბელარუსის ციხეებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცხედრები დღემდე არ უპოვიათ. დამნაშავეები კი პასუხისმგებლობაში არ მიუციათ. „ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით ამ ფაქტებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე და სასტიკ დარღვევებად. არსებობს ეჭვი, რომ ეს გაუჩინარებები სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯასთან არის დაკავშირებული. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს“ , - ამბობს უფლებადამცველი ვალიაცინ სტეფანოვიჩი. სტეფანოვიჩი აღნიშნავს, რომ მტკიცებულებითი ბაზა დღემდე არსებობს - გენერალ ლაპაციკის, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მოხსენება, რომელშიც პაულიუჩენკაზეა მითითებული - კგბ-ის გადაწყვეტილება „გაუჩინარებების ორგანიზებაში ეჭვის საფუძველზე“ მისი დაკავების შესახებ; ასევე მინსკის საგამოძიებო იზოლატორის ყოფილი უფროსის, ალკაევის ჩვენება, რომელშიც მან განაცხადა, რომ იარაღს გასცემდა იმ თარიღებში, რომლებიც ადამიანების გაუჩინარების დღეებს ემთხვეოდა. 2026 წლის სექტემბერში შვეიცარიაში, უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის საფუძველზე, განიხილავენ იური ჰარაუსკის საქმეზე სააპელაციო საჩივარს. იური ჰარაუსკი ბელორუსის სპეციალური სწრაფი რეაგირების რაზმის (САХР) ყოფილი მებრძოლია, რომელმაც საჯაროდ აღიარა მონაწილეობა 1990-იანი წლების ბოლოს ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გატაცებებსა და მკვლელობებში. 2020 წლის შემდეგ: გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე დატოვების ("ინკომუნიკადო") რეჟიმი მეორე ასპექტი უკავშირდება 2020 წლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრების ფართომასშტაბიან იზოლაციას. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სექტემბრის სესიის წინ გამოქვეყნდა გაეროს სამუშაო ჯგუფის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი პატიმრობა გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე შეიძლება, იძულებით გაუჩინარებას გაუთანაბრდეს“. სესია 2026 წლის 7 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე გაიმართება. ვალიაცინ სტეფანოვიჩი, რომელმაც თავადაც გამოიარა გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე პატიმრობის პერიოდი, ამ პრაქტიკის მექანიზმს ასე განმარტავს: ადამიანს ათავსებენ საგამოძიებო იზოლატორში ან დაკავების ცენტრში, სადაც ეკრძალება წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო ზარები, ხოლო მისი ოჯახის წევრებმა შესაძლოა თვეების განმავლობაში არც კი იცოდნენ, საერთოდ ცოცხალია თუ არა ის. სტეფანოვიჩის თქმით, ამ პრაქტიკის მიზანია პატიმარზე ზეწოლა, მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო შურისძიება და დარღვევების დამალვა. მილიონი „მტერი“ და განდევნილი. ბელარუსი და ბელარუსელები 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ 2026 წელს აღინიშნება იძულებითი გაუჩინარებებისგან ყველა პირის დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიღების მე-20 წლისთავი. ბელარუსს ამ კონვენციისთვის ხელი არ მოუწერია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ქვეყანაში კვლავ გრძელდება პატიმართა იზოლაციის პრაქტიკა, ხოლო 1999–2000 წლებში მომხდარი საქმეები დღემდე გამოუძიებელია. 22 სექტემბერს შვეიცარიის სასამართლო განიხილავს ჰარაუსკის გამამართლებელ განაჩენზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ზახარანკასა და კრასოვსკის ნათესავებმა შეიტანეს. იური ჰარაუსკი გაიქცა შვეიცარიაში, სადაც საჯაროდ აღიარა, რომ მონაწილეობდა 1999 წლის მაისსა და სექტემბერში გაუჩინარებული პოლიტიკოსების გატაცებაში. საქმე უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის ფარგლებში განიხილებოდა, რადგან იძულებითი გაუჩინარება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კლასიფიცირდება. საბოლოოდ სასამართლომ ჰარაუსკი უდანაშაულოდ ცნო, რადგან მისი დანაშაულის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ადვოკატებმა მსხვერპლთა ნათესავების სახელით სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრეს.

Download metadata bundle
1 Sep 2026, 12:53 GMT By რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური

ბელარუსის ხელისუფლება მოქალაქეების დნმ-ის მონაცემთა ბაზას ქმნის. ადგილობრივი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებები, ხშირად მუქარითა და მოტყუებით, გენეტიკურ ინფორმაციას უკვე აგროვებენ - განსაკუთრებით ლუკაშენკას რეჟიმის მოწინააღმდეგეებისა და მათი ნათესავებისგან. ბელარუსის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომიტეტი მოქალაქეების გენომური რეგისტრაციისა და დნმ-ის ნიმუშების შეგროვების ინიციატივით გამოვიდა. წინადადება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალიაქსეი ვოლკაუმ გააჟღერა. მისი თქმით, ბელარუსის მოქალაქეების მონაცემებზე დაფუძნებული დნმ-ის ბაზის შექმნის ინიციატივა ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა, თუმცა მან უკვე მიიღო ძალოვანი სტრუქტურებისა და სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა. „საუბარი არ არის მთელი ქვეყნის მასშტაბით დნმ-ის ნიმუშების ერთდროულად შეგროვებაზე. ჩვენი აზრით, ამ სამუშაოს გარკვეული დრო დასჭირდება - ერთი, ორი, სამი, ოთხი წელი, შესაძლოა, მოქალაქეთა კატეგორიების მიხედვით. ზოგიერთი კატეგორია პრიორიტეტული იქნება, სხვებისთვის კი შეიძლება უფრო შორეული ვადა განისაზღვროს“ , - განაცხადა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომიტეტის თავმჯდომარემ. თუმცა, ბელარუსელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ძალოვანი უწყებები უკვე აგროვებენ დნმ-ის ნიმუშებს და, პირველ რიგში, იღებენ ლუკაშენკას რეჟიმის მოწინააღმდეგეებისა და მათი ნათესავებისგან. მათ შორის იმ ადამიანების ოჯახის წევრებისგანაც, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს, ადამიანებს დნმ-ის ნიმუშების ჩაბარებას ხშირად მუქარითა და მოტყუებით აიძულებენ. მათი ინფორმაციით, ბელარუსში სულ მცირე რამდენიმე წელია არსებობს ქვეყნის მოქალაქეების დნმ-ის არასაჯარო მონაცემთა ბაზა, რომლის გამოყენება კანონით დარეგულირებული არ არის. დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) - ადამიანის ერთგვარი უნიკალური „შტრიხკოდია“. დნმ-ის შესაგროვებლად, როგორც წესი, ნერწყვის ნიმუშს იღებენ. ევროპის ქვეყნებში მოქალაქეებს სახელმწიფო ორგანოებისთვის დნმ-ის ნიმუშის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დნმ-ის ნიმუშებს იღებენ მსჯავრდადებული და გარკვეული კატეგორიის დანაშაულებისთვის დაკავებული პირებისგან. მსგავსი სისტემა არსებობს აშშ-შიც (CODIS), თუმცა იქაც დნმ-ის ნიმუშებს ყველასგან არ აგროვებენ - მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებისა და ზოგიერთ შტატში გარკვეულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირებისგან. „გვითხრეს: თუ თქვენს შვილს რამე დაემართება, მისი ამოცნობა უფრო ადვილი იქნება“ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტებისთვის ცნობილია სულ მცირე რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბელარუსის ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ცდილობდნენ ქვეყნიდან წასული ბელარუსის მოქალაქეების ნათესავებისგან დნმ-ის ნიმუშების აღებას. საუბარია არასახელისუფლებო მედიის თანამშრომლებზე, რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. პირველი შემთხვევები ჯერ კიდევ 2024 წელს დაფიქსირდა. ბელარუსის მილიცია. დამოუკიდებელი ბელარუსული მედიის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს და რომლის სახელიც უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ორი წლის წინ, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ბელარუსში მცხოვრებ მის მშობლებს დნმ-ის ტესტის ჩაბარება აიძულეს. „ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დედაჩემი საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს. გარკვეული ხნის შემდეგ ის ისევ დაიბარეს - ამჯერად დნმ-ის ნიმუშის ჩასაბარებლად , - ამბობს ჟურნალისტი, - იმ დროს დედაჩემი ქალაქგარეთ ცხოვრობდა. უთხრა, რომ ჩამოსვლას ვერ შეძლებდა. საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები თვითონ ჩავიდნენ მის სოფელში და ნერწყვის ნიმუში ადგილზე აუღეს“. „მათ რაღაც ასეთი უთხრეს: „თუ თქვენს შვილს რამე დაემართება, ასე მისი ამოცნობა უფრო ადვილი იქნება“ , - ციტირებს რადიო თავისუფლების რესპონდენტი ძალოვნების სიტყვებს. ბელარუსული არასახელისუფლებო მედიის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ, რადიო თავისუფლებას ასევე უამბო თავისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევის შესახებ. მილიონი „მტერი“ და განდევნილი. ბელარუსი და ბელარუსელები 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ „ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ჩემი მშობლები საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს. გამომძიებლებმა მათ უთხრეს, რომ სჭირდებოდათ ჩემი დნმ, მაგრამ რადგან მე ბელარუსის ფარგლებს გარეთ ვცხოვრობდი, ნერწყვის ნიმუშს მათგან აიღებდნენ“ , - ამბობს ჟურნალისტი, რომელსაც უსაფრთხოების მოსაზრებებით საკუთარი სახელის გამხელა არ სურს. „ჩემმა მშობლებმა ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა უარი ეთქვათ დნმ-ის ნიმუშის ჩასაბარებლად საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადებაზე. გამომძიებლებმა უპასუხეს, რომ ნიმუშს ნებისმიერ შემთხვევაში აიღებდნენ“ , - განუცხადა რესპონდენტმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს, რომლის ინფორმაციით, დნმ-ის მონაცემებს მხოლოდ პოლიტიკური ემიგრანტების ნათესავებისგან არ აგროვებენ. ნიმუშებს იღებენ იმ ადამიანების ოჯახის წევრებისგანაც, რომლებიც ბელარუსში პოლიტიკურ საქმეებზე გაასამართლეს. იურისტი და ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ აგეი ადასტურებს, რომ ბელარუსში დნმ-ის იძულებით შეგროვების პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული: „ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა: დნმ-ის ნიმუშებს იღებენ პოლიტპატიმრებისგან და იმ ადამიანების ნათესავებისგან, რომლებმაც ბელარუსი დატოვეს. ეს ყველაფერი სამართლებრივი რეგულირების ფარგლებს გარეთ ხდება“. ოლეგ აგეი „კანონის მიხედვით, ასეთი ინფორმაცია პირად ინფორმაციად ითვლება და მისი შეგროვება და გავრცელება აკრძალულია , - განმარტავს იურისტი, - კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ნიმუშების შეგროვების გარკვეული პროცედურა არსებობს, თუმცა ბელარუსში მასაც არ იცავენ. ახლა კი ფართომასშტაბიან შემთხვევებს ვხედავთ, როდესაც ადამიანებისგან დნმ-ის ნიმუშებს მოტყუებით ან მუქარით იღებენ რათა შექმნან მონაცემთა ბაზები, რომელიც არსებითად უკანონოა“. ოლეგ აგეის თქმით, ბელარუსის ძალოვანი უწყებების თანამშრომლების ქმედებები ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 203-1 მუხლის - „პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უკანონო ქმედებები“ სფეროში ექცევა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, თუ კანონდამრღვევი თანამდებობის პირი არ არის. „ჩვენ არ ვიცით, როგორ ინახება დნმ-ის შესახებ ინფორმაცია და როგორ იყენებენ მას. ახალი კანონის მიღება კი უკვე არსებული პრაქტიკის ლეგალიზების მცდელობაა“, - ამბობს ადვოკატი. „გენომური რეგისტრაცია საზოგადოებაზე კონტროლის გაძლიერებაა“ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის (BAJ) იურისტის ოლეგ აგეის თქმით, დღემდე გაურკვეველია, რაში შეიძლება დასჭირდეთ ბელარუსის ძალოვან სტრუქტურებს რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების ან ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური აქტივისტების დნმ-ის მონაცემები. აგეი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში, სადაც კანონი არ მოქმედებს, ეს განსაკუთრებით სახიფათოა. იურისტი არც იმას გამორიცხავს, რომ რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანების დნმ-ის ნიმუშები ბელარუსმა ძალოვნებმა სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების გაყალბებისთვის გამოიყენონ. „თუ სამართლებრივი რეგულირება არ არსებობს, მხოლოდ ისინი - თავად ხელისუფლების წარმომადგენლები - წყვეტენ, როგორ გამოიყენონ ეს ინფორმაცია. სხვა ქვეყნებში დნმ-ის შეგროვების პრაქტიკა არსებობს, მაგრამ იქ არსებობს სამართლებრივი რეგულირებაც და შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოებიც. ბელარუსში კი ძალოვან სტრუქტურებს შეუძლიათ შეგროვებული დნმ-ის ნიმუშები საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ. ადამიანები კი ამის გამო ვერც საჩივარს შეიტანენ და ვერც თავის დაცვას შეძლებენ“, - ამბობს ოლეგ აგეი. რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ვიასნას“ იურისტმა სვიატლანა ჰალაუნიოვამ დაუდასტურა, რომ ბელარუსის ძალოვანი უწყებები დნმ-ის ნიმუშებს იღებენ როგორც პოლიტიკურ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდადებული პირებისგან, აგრეთვე იმ ადამიანებისგან, რომლებიც 2020 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციულად გასამართლდნენ. „ადამიანები მოგვმართავენ და გვეკითხებიან, შეუძლიათ თუ არა დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა. უმეტეს შემთხვევაში ეს ყოფილი პოლიტპატიმრები ან ის ადამიანები არიან, რომელთა წინააღმდეგაც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმეებია აღძრული , - ამბობს იურისტი, - ამ ეტაპზე ბელარუსში ადამიანებს დნმ-ის ნიმუშების წარდგენის ვალდებულება არ აქვთ; ეს მხოლოდ თავად პირის თანხმობით შეიძლება მოხდეს. თუმცა ასეთი გენომური რეგისტრაცია საზოგადოებაზე კონტროლის გაძლიერების მიზნით კეთდება“. სვიატლანა ჰალაუნიოვა ექსპერტები დნმ-ის ნიმუშების იძულებით ჩაბარებას ბელარუსის მოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული სხვა კანონების გაგრძელებად მიიჩნევენ. ჯერ კიდევ 2004 წელს ბელარუსში მიიღეს კანონი „თითის ანაბეჭდების რეგისტრაციის შესახებ“, რომელშიც რამდენჯერმე შევიდა ცვლილება. საბოლოო რედაქციით, კანონი ბელარუსის მოქალაქეობის მქონე თითქმის ყველა სრულწლოვან მამაკაცს თითის ანაბეჭდების ჩაბარებას ავალდებულებს. ბელარუსში სავალდებულო დაქტილოსკოპიის ტალღა 2008 წელს დაიწყო - 3 ივლისს მინსკში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს მომხდარი აფეთქების შემდეგ. 2026 წლის გაზაფხულიდან ბელარუსში თითის ანაბეჭდების ჩაბარება სავალდებულოა ყველა უცხოელისთვის, რომელიც ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადებას დაწერს, ან დაქტილოსკოპიურ პროცედურას სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადის. გარდა ამისა, თითის ანაბეჭდები უნდა ჩააბარონ 14-დან 75 წლამდე ასაკის იმ ბელარუსებმაც, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ულადიმერ ჟიგარი ბელარუსის ყოფილი ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ასოციაცია BelPol-ის წარმომადგენელი ულადიმერ ჟიგარი ბოლომდე ვერ ხვდება, რაში სჭირდება ბელარუსის ხელისუფლებას „პოლიტიკურთა“ დნმ-ის მონაცემთა ბაზა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ნიმუშების შენახვა საკმაოდ რთულია. ჟიგარი იხსენებს, რომ ბელარუსში ადრე დნმ-ის ნიმუშებს მხოლოდ მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისგან აგროვებდნენ, რაც ზოგჯერ დანაშაულების გახსნასაც უწყობდა ხელს. „ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, როგორი იქნება ეს კანონი - დნმ-ის ნიმუშების ჩაბარების შესახებ. შეუძლია თუ არა მას რაიმე გავლენა მოახდინოს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე? სავარაუდოდ, არა. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკურ საქმეებში ხშირად საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არის საჭირო - ყველაფერი „არაფრისგან“ კეთდება, - ამბობს ულადიმერ ჟიგარი, - ისეთი რთული ინსტრუმენტები, როგორიც დნმ-ის მონაცემთა ბაზაა, ამისთვის უბრალოდ ზედმეტია“.

Download metadata bundle
1 Sep 2026, 08:51 GMT By ლელა კუნჭულია

“სულერთია, სად მოვხვდები”, “მთავარია, სადმე ჩავირიცხო”, “სტუდენტი გავხდები, მიხარია” - აბიტურიენტები ელოდებიან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ახალ შანსს, რომელიც მათ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის სახელით შესთავაზეს. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები თვლიან, რომ ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლების მიღმა წინდაუხედაობის გამო აღმოჩნდნენ და ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის ხელისუფლების მადლიერი უნდა იყვნენ. “ქართულ ოცნების” ხელისუფლებას არ ეკუთვნის მადლობა მისივე გაფუჭებული საქმის გამოსწორების მცდელობისთვის - საპირისპიროს ამბობენ განათლების სფეროს სპეციალისტები, რომლებიც მომხდარს განათლების რეფორმის არასწორად გათვლილი და გაუაზრებელი გეგმით ხსნიან; სიახლე ეხება მხოლოდ მათ, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა. როგორ ხედავენ მეორე შანსს აბიტურიენტები “ისე ცუდად გავხდი, სულ კანკალმა ამიტანა” - თბილისელი კესო ნიჟარაძეს [სახელი და გვარი შეცვლილია] სასწრაფო დახმარება დასჭირდა, როცა ჩარიცხულთა სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ “მეცადინეობაში გათენებული ღამეებისა” და დიდი შრომის შემდეგ - არჩეული 21 უმაღლესიდან - ვერცერთში ვერ ჩაირიცხებოდა 1695 ქულით. “ძალიან მინდოდა ილიას უნივერსიტეტში [ილიაუნი] მოხვედრა ქართულ ფილოლოგიაზე და პირველი მეწერა; მერე მეწერა - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და შემდეგი ყველა ასევე კერძო მეწერა, მაგრამ ვერცერთში ვერ მოვხვდი. რაზეც მინდა, იმაზე ვერ ვისწავლი - ეგრე გამოვიდა… შემცირებული იყო წელს მიღება” , - კესომ ქართულ ენაში 60-დან 40 წულა მიიღო; თუმცა იცნობს არაერთ თანატოლს, მასზე გაცილებით დაბალი ქულებით სხვა უმაღლეს სასწავლებლებში რომ ჩაირიცხნენ. ამიერიდან რას იზამს, ჯერ არ იცის. “ველოდები, რომ შევარჩიო, სად დარჩა ადგილები. თუ ეს რეფორმა დარჩება, შეიძლება ვერც მომავალ წელს ჩავირიცხო - სადაც მინდა იქ, და უკვე იმ აზრზე ვარ, რომ სულერთია, სადაც ჩავირიცხები, მთავარია ჩავირიცხო .. . სხვა ქალაქში ვერ წავალ ფიზიკურად”, - გვეუბნება კესო. ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს „მეორადი ჩარიცხვის“ შესაძლებლობა მიეცემათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით: 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი. • 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა - უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; • 1 795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე; • 3 744 აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 16 წლის ანა მამალაძეც [სახელი და გვარი შეცვლილია] ერთ-ერთია იმ 1795 აბიტურიენტს შორის, რომელსაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა - მას შემდეგ, რაც შერჩეული 11 უმაღლესი სასწავლებლიდან ვერცერთში ვერ მოხვდა. “ბათუმელი ვარ მე და პირველ რიგში - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდოდა სწავლის გაგრძელება - სამართალი და ჟურნალისტიკა მქონდა მითითებული. მერე კავკასიის უნივერსიტეტი მქონდა მითითებული, თუმცა თბილისში - დიდი ხარჯია და ძნელი იქნებოდა ჩვენთვის. მაგრამ ვერც ბათუმში ჩავირიცხე და ვერც თბილისში”, - ახლა ანასთვისაც სულერთია, სად აღმოჩნდება - მთავარია სტუდენტი გახდეს. სტუდენტობის მეორე შანსს ელოდება 18 წლის თამარ ზურაბაშვილიც - კახეთიდან, რომელსაც ყველაზე მეტად ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ანდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდოდა ჩაბარება; თუმცა ვერც ამ და ვერც სხვა ორ უმაღლეს სასწავლებელში, რაც მითითებული ჰქონდა [2-2 ფაკულტეტით] ვერ ჩაირიცხა. “ჩემმა ქართულის მასწავლებელმა დამალაგებინა ეს ჩემი უნივერსიტეტები და გამომითვალა საკონკურსო ქულები. 100%-ით დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩავაბარებდი - მაგრამ ფაქტია, რომ ვერ… ძალიან განერვიულებული ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რომ კიდევ გვაქვს ჩარიცხვის შესაძლებლობა. სადაც შანსი მექნება, ახლა ყველგან ვცდი. თუ ისეთ ადგილზე მოვხვდები, რაც არ მომეწონება - მერე გადავალ”, - გვეუბნება თამარი. მეორე შანსის მაძიებელ აბიტურიენტის უმრავლესობას, ვისაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, მობილობის იმედი აქვს - რომ იძულებით არჩეული უმაღლესი სასწავლებლიდან, ერთ დღეს - მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლას შეძლებენ. მობილობა ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლას ეწოდება და სტუდენტს გადასვლის უფლება პირველი სასწავლო წლის გავლის შემდეგ ეძლევა. თითოეული უმაღლესი სასწავლებელი თავად განსაზღვრავს თავისუფალი ადგილების რაოდენობას კონკრეტულ ფაკულტეტებსა და პროგრამებზე. განათლების სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს იოლი არ იქნება. “აბიტურიენტებმა არ იციან, რომ ამ დამანგრეველი რეფორმით მობილობის შესაძლებლობებიც შეზღუდულია. როდესაც ჩვენთან უნივერსიტეტები ევროპულ-ამერიკული მოდელით იყო აგებული, მაშინაც კი არ იყო ასე თავისუფლად მობილობა - პოპულარულ ფაკულტეტებზე. იქაც კონკურსია ჩვეულებრივად. ახლა, “ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის” პირობებში სად წავლენ?! რეგიონში რომ გამოჩნდეს ადგილი იქ წავლენ?! მაშინ რატომ არ დარეგისტრირდნენ იქ?!” - განათლების სპეციალისტი მანანა ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ - მობილობის მსურველთა რიგი წელს ძალიან გრძელი იქნება და ამ რიგში იდგებიან როგორც უკვე ჩარიცხული სტუდენტები - რომლებიც მათთვის არასასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ, ასევე - სტატუსშეჩერებული სტუდენტები; რაც “მეორადი" წესით ჩარიცხულებისთვის მობილობის პერსპექტივებს ამცირებს. 10 ათასამდე აბიტურიენტი გარეთ დარჩა - რას აჩვენებს გამოცდების შედეგები? “ქართული ოცნების” განათლების რეფორმას, მანანა ნიკოლაიშვილი გაუთვლელსა და დამანგრეველს უწოდებს, ხოლო დღეს შექმნილ ვითარებას - ლოგიკურს, რადგან, მისი თქმით, რეფორმის შედეგად - "უმაღლესი სასწავლებლები გამოშიგნეს". “მოთხოვნადი ადგილებია კატასტროფულად შემცირებული. ათასობით ადგილი შეამცირეს და რაც დარჩა, შეივსო - როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კერძო უნივერსიტეტში. საქართველოში პოპულარულია - სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესადმინისტრირება - ეს ადგილები შემცირდა. მართალია სამედიცინო უნივერსიტეტში 900-მდე გაზარდეს ადგილები, მაგრამ ესეც გაუთვლელი იყო და 379 ადგილი შეივსო. ან რატომ წაართვეს უცხოელი სტუდენტების მიღების საშუალება თსსუ-ს?! ” - მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, დიდი უსამართლობაა, როცა აბიტურიენტებს აბრალებენ - რომ თითქოს მათ რაღაც სწორად ვერ გათვალეს ანდა არ მიუთითეს საჭირო რაოდენობის უმაღლესი სასწავლებელი: "თავი რომ იმართლონ ამ ე.წ. რეფორმატორებმა საზოგადოების და ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რადგან ის კაციც აკვირდება, რა მოიმოქმედეს ამათმა - ახლა მოიგონეს, რომ სასოწარკვეთილმა ბავშვებმა ვერ დაალაგეს თურმე უნივერსიტეტები... რა მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის დალაგებას, როდესაც არ არის საკმარისი ადგილები, სადაც მათ ჩაბარება უნდოდათ". შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აბიტურიენტებმა, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ მაინც ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში იმის გამო, რომ აირჩიეს “მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი”, მათ მიერ შერჩეულ პროგრამებზე - “მაღალი კონკურსის გამო”. “მეტი რა ქნას ხელისუფლებამ?” “ახალგაზრდებო, ამას დაფასება სჭირდება”, "ჩათვალეთ, ეს საჩუქარია!" “დაფიქრდით, რამხელა რამ გაგიკეთათ ხელისუფლებამ”... – წერენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში. „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ - კობახიძემ „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“ წარადგინა „ოცნების“ განათლების რეფორმა - ვინ იხეირებს, თქვენი შვილი თუ მმართველი პარტია რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ აბიტურიენტებისთვის მეორე შანსი მიეცა? პოლიტიკურ ოპოზიციაში თვლიან, რომ - ამით მღელვარება აირიდა თავიდან და პროტესტმაც შედეგი გამოიღო. თუმცა საზოგადოების პროტესტი - სოციალურ ქსელებს, დახურულ ჯგუფებსა და ანონიმურ შეტყობინებებს არ გასცდენია. დისკუსიებში გამოკვეთილი მეორე ვერსიით, ხელისუფლება ცდილობს, რომ - რეფორმის პირველი ხილული მარცხის შედეგები გამოასწოროს - სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ადგილები შეავსოს და ამით, იქ დასაქმებული, „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურ ადამიანების გული მოიგოს. განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, საგამონაკლისო წესის დაშვება იმის გამო გახდა საჭირო, რომ - „მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისთვისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს”. რა აჩვენა ბოლო გამოცდებმა? განათლების საკითხების მკვლევრის, „სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, შალვა ტაბატაძის საჯარო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების შეზღუდვის გამო, აბიტურიენტების ნაკადი ფასიანი კერძო უნივერსიტეტებისკენ წავიდა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა შემცირდა - 2017-ით; კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რაოდენობა კი გაიზარდა 1452-ით; 2026 წელს საჯარო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე გამოყოფილი ადგილებიდან შეუვსებელი დარჩა 3847 ადგილი; საჯარო უნივერსიტეტებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა , 2025 წელთან შედარებით, მკვეთრად გაეზარდათ თსუ-სა და სამედიცინო უნივერსიტეტს, ხოლო შეუმცირდა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონულ უნივერსიტეტებს (ბათუმი-ქუთაისის გარდა). პირველადი მონაცემებით, 2026 წელს, საბაკალავრო საფეხურზე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს სასწავლებელში – 11 586. “თუკი მონაცემებს შევხედავთ, ერთი ნათელი და ცალსახა სურათია - მთელი ეს რეფორმა დაკავშირებული იყო ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის განადგურებასთან”, - უთხრა შალვა ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. ილიაუნიმ 2025 წელს - 3829 სტუდენტი მიიღო; წელს კი - მხოლოდ - 338. 2025 წლის შემოდგომაზე, როცა განათლების რეფორმა ჯერ კიდევ ახალი დაანონსებული იყო, ბევრმა ივარაუდა , რომ რეფორმის მთავარი სამიზნე სწორედ ილიაუნი იქნებოდა - ხელისუფლებისთვის მიუღებელი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის გამო. 2026-27 სასწავლო წლისთვის ილიაუნის 20 პროგრამა გაუუქმეს, მათ შორის: სოციოლოგია; ფსიქოლოგია; ფილოსოფია; კინომცოდნეობა; რუსისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ლიტერატურათმცოდნეობა; პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი; ხელოვნებათმცოდნეობა; ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი). 92%-იანი შემცირება - ილიაუნის მომავალ წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება დაუტოვეს “წარმატებებს ვუსურვებთ ყველა იმ აბიტურიენტს, რომელსაც ხელისუფლების უკან დახევის შედეგად მიეცა შესაძლებლობა, გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება უშედეგოდ არ ჩაივლის!”, - წერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფუძნებული მოძრაობის - „დაიცავი ილიაუნის“ განცხადებაში. თუმცა, ტექსტის თანახმად, “ეს მხოლოდ ერთი პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა” და “თუ რეფორმა ამავე გზით გაგრძელდა”, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პრობლემები შეექმნება როგორც აბიტურიენტებსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას, ისე მთელი ქვეყანა. “პოლიტიკურად მოტივირებული და გაუაზრებელი ცვლილებები ყველას დაგვაზიანებს. რეფორმის შრომის ბაზრის დაუზუსტებელ კვლევაზე დაყრდნობა, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები, უნივერსიტეტებში კვოტების შემცირება, აკადემიური საზოგადოების პოზიციების უგულებელყოფა და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა საბოლოოდ განათლების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს”, - “დაიცავი ილიაუნი” განათლების რეფორმის შეჩერების, ფართო საჯარო განხილვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის საჭიროებას უსვამს ხაზს. ამ მოთხოვნებით პეტიციაზე ხელმოწერებიც გროვდება.

Download metadata bundle
31 Aug 2026, 21:11 GMT By დონბას რეალიი, ევგენი ლეგალოვი

ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობებში უფრო იშვიათად გვხვდება შეტყობინებები რუსეთის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული იერიშების შესახებ. „შაჰედის“ ტიპის მოიერიშე დრონები კვლავაც მონაწილეობენ უკრაინაზე განხორციელებულ კომბინირებულ დარტყმებში, თუმცა ახლა მათმა საშუალო რაოდენობამ ერთ შეტევაზე 100-150-მდე იკლო. მიუხედავად ამისა, მათგან მომდინარე საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა კომბინირებულ შეტევებში რუსული დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი რეაქტიული და ონლაინმართვადია. ისინი სამიზნეებისკენ წინასწარ მითითებული კოორდინატებით კი არ მიფრინავენ, არამედ რეალურ დროში იმყოფებიან ოპერატორის მუდმივი კონტროლის ქვეშ. როგორც საჰაერო ძალების სპიკერი იური იჰნატი წერდა, ივლისში რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით ხუთჯერ მეტი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, ვიდრე ივნისში. თუმცა შიდაწვის ძრავიან ჩვეულებრივ დრონებს რუსეთის ჯარი მაინც უფრო ხშირად იყენებს. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტი donbass.realii სპეციალისტებსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გურ) წარმომადგენლებს ესაუბრა რუსეთის მართვად რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატებზე და იმის შესახებ, თუ რატომ არ აღმოჩნდა უკრაინა ამ საფრთხისთვის ბოლომდე მომზადებული. მასშტაბები და სიჩქარე, რომლებსაც არ ელოდნენ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის არმიამ დარტყმების ფართო კამპანია გაშალა უკრაინის სასაზღვრო და ფრონტისპირა რაიონებში მდებარე სამიზნეებზე. მისი მოცვის სავარაუდო ზონა, რომელიც ზოგ მონაკვეთზე 100 კილომეტრზე მეტად იჭრება უკრაინის სიღრმეში, რუკაზე აჩვენა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიური მიმართულებების საკითხებში, სერჰი ბესკრესტნოვმა. დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები donbass.realii-ს უამბობენ, რომ რუსეთის არმია უპილოტო საფრენ აპარატებს MESH-მოდემების მეშვეობით მართავს. მათ რამდენიმე კილოგრამი წონის შავი ყუთის იერი აქვთ და დაახლოებით 3500 დოლარი ღირს. ეს რამდენჯერმე ძვირია Starlink-ზე, თუმცა მოძრავ სამიზნეებზეც კი იძლევა მართვადი დარტყმების მიყენების საშუალებას. MESH-ტექნოლოგია ახლა თუ სერიის თითოეულ უპილოტოში არა, შესამჩნევ რაოდენობაში მაინც არის დამონტაჟებული. MESH-მოდემი რუსეთის მოიერიშე დრონიდან, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაზიანა. „ტექნიკური თვალსაზრისით MESH-ქსელის ჩახშობა რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებებით რთულია. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე მოქმედი რებ-ი, რომელიც 100 პროცენტით ჩაახშობს რუსულ ქსელს. ეს ძალიან რთულია. სტაბილური კავშირითა და ვიდეოდამიზნებით მათ შეუძლიათ დააზიანონ ყველაზე ხელსაყრელი ტიპის სამიზნეები, რადგან ხედავენ გამოსახულებას და შეუძლიათ პრიორიტეტების დასახვა, თუ რა განადგურდეს“, ამბობს დანილა შენჰელსკი, საქველმოქმედო ფონდის, „დაბრუნდი ცოცხალის“, პროექტ „დრონოპადის“ სამხედროებთან მუშაობის მენეჯერი. უპილოტოებს მართავენ რუსეთის ტერიტორიასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მიწისზედა სადგურებიდან. სადგურიდან მიღებული სიგნალი თითოეულ უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია გადასცეს მომდევნო დრონს, ხოლო მას - კიდევ უფრო შორს, რითაც ყალიბდება ქსელი. თუმცა ყოველ მომდევნო მიერთებასთან ერთად სიგნალის ხარისხი იკლებს: რაც მეტია მანძილი სადგურსა და უპილოტოს შორის, მით უფრო რთულია მისი მართვა. ამ სიძნელეების მიუხედავად, რუსულ რეაქტიულ დრონებს უკვე კიევის თავზეც აფიქსირებენ, რუსეთის საზღვრიდან 200 კილომეტრის დაშორებით. „ზოგიერთ მიმართულებაზე რეაქტიული „შაჰედები“ სიტყვასიტყვით ნიშნავს არსებული „შაჰედების“ უმრავლესობას. და ეს ქმნის ყველაზე დიდ პრობლემას. ზუსტად ვიცოდით, რომ არსებობდა ასეთი იარაღი, რომ მას შეეძლო მასობრივი გამხდარიყო, მაგრამ არ გვეგონა, თუ ასე სწრაფად და ასეთი მასშტაბებით გამოჩნდებოდა ამ ზაფხულს“, აღნიშნავს შენჰელსკი. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ივლისში რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით თითქმის ხუთი ათასი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა - ნაკლები, ვიდრე ივნისში. ამასთან, გადატაცებული დრონების წილიც შემცირდა და 87 პროცენტი შეადგინა - დიდწილად რუსეთის მიერ გამოყენებული რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. ფართოდ არის ცნობილი, რომ რუსეთის არმია ახლა იყენებს რეაქტიული მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე მოდიფიკაციას: „გერან-3“-ს, „გერან-4“-სა და „გერან-5“-ს. ჩამოთვლილთაგან პირველი არის ირანული Shahed-238-ის ანალოგი, გარდამავალი მოდელი ფრენის სიჩქარით დაახლოებით 300 კმ/სთ. ისინი უკვე არაერთხელ ჩამოაგდეს დრონული საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. თუმცა „გერანის“ შემდგომი ვერსიები სიჩქარით უკვე შესამჩნევად აღემატებია უკრაინულ დრონ-გადამტაცებს. „გერან-4“-ს შეუძლია იფრინოს დაახლოებით 350 კმ/სთ სიჩქარით. რუსეთის არმია აქტიურად ამონტაჟებს ამ უპილოტოებზე MESH-მოდემებს ამ საშუალებების ხელით სამართავად, რაც უკრაინაში არსებულ სამიზნეებზე მიზანმიმართული დარტყმების მიყენების საშუალებას იძლევა, ჰყვება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც რადიო თავისუფლება უსაფრთხოების მოსაზრებებით არ ამჟღავნებს. ის ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მუდმივად ეძებენ გზებს, თუ როგორ გამოიყენონ ეს უპილოტოები ყველაზე ეფექტიანად - მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატები საზღვარს კვეთენ მაქსიმალური სიჩქარითა და განსაზღვრულ სიმაღლეზე, ხოლო სამიზნესთან მიახლოებისას მაქსიმალურად დაბლა ეშვებიან. „გერან-5“-ს ხშირად „დრონ-რაკეტას“ უწოდებენ კონსტრუქციული თავისებურებების გამო: ვიზუალურად ის კლასიკურ „შაჰედს“ კი არა, ფრთოსან რაკეტას უფრო წააგავს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს შეფასებით, მათი ფრენის სიშორე 950 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარე - 600 კმ/სთ. თუმცა მათ უფრო იშვიათად იყენებენ, ვიდრე „გერან-4“-ს. უკრაინული გამოცემა „მილიტარნი“ დაზვერვის მთავარი სამმართველოდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსეთი თვეში დაახლოებით 3 ათას რეაქტიულ „გერან-4“-სა და „გერან-5“-ს აწარმოებს. არსებობს დრონისა და ფრთოსანი რაკეტის კიდევ ერთი ჰიბრიდი - „ბანდეროლი“ - ფრენის დაახლოებით 500-კილომეტრიანი სიშორითა და 600 კმ/სთ-ზე მეტი მაქსიმალური სიჩქარით. „ბანდეროლის“ გაშვება შესაძლებელია როგორც ხმელეთიდან, ისე მსხვილი რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან, „ორიონიდან“. დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, რუსეთს შეუძლია თვეში 80-მდე ასეთი „დრონი-რაკეტა“ აწარმოოს. მისი დარტყმებისგან ყველაზე მეტად ხარკოვი და ოდესა ზარალდებიან, აღნიშნავს donbass.realii. რა არის რეაქტიული დრონის შიგნით? რეაქტიული დრონების „გერან-4“-ის წარმოებისას რუსეთი ეყრდნობა უცხოურ კომპონენტებს აშშ-იდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან და სხვა ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნებიდან. დასავლური წარმოშობის ნაწილებს რუსი მწარმოებლები ლაზერით უშლიან თავდაპირველ მონაცემებს. „მარკირების წაშლით ისინი მალავენ პარტიის ნომერს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ სქემის მეთვალყურეობა, თუ ვისგან და ვისი მეშვეობით მოხვდა ეს კომპონენტები რუსეთში“, აღნიშნავენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში. წაშლილი მარკირება "გერან-4"-ის ელექტრონიკაში. ჩინური კომპონენტები რუსულ დრონებში დაახლოებით მესამედს შეადგენს. ზოგიერთი დეტალის დამზადებას რუსეთი დამოუკიდებლად ცდილობს. მაგალითად, CRPA-ანტენებისა თანამგზავრული ნავიგაციისთვის. „რუსეთის ფედერაცია ყიდულობს გარკვეულ ტექნოლოგიებს, და თუ პირველი ჩინური CRPA-ანტენები, კერძოდ 16-ელემენტიანი, წმინდა ჩინური იყო, ახლა ეს კავშირი უკვე აწყობას გადის თათრეთში, ალაბუგის ქარხანაში და შესაბამისი მარკირებაც აქვს - ჰვება გურ-ის წარმომადგენელი. „რეაქტიული „შაჰედები“ ახლა - დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით რუსებიდან პირობითად პირველი 100 კილომეტრისთვის, რადგან, სამწუხაროდ, არ არსებობს ეფექტიანი საშუალება, რომელსაც შეუძლია მასობრივად და გარანტირებულად გადაიტაცოს ისინი. შესაბამისად, მთელი ჯარი, რომელიც უშუალოდ გადატაცების საკითხებზე მუშაობს, ახლა ფიქრობს იმაზე, თუ რა გზით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა“, ამბობს დანილა შენჰელსკი. ჩვეულებრივი დრონი-გადამტაცები, როგორც წესი, ავითარებენ 315 კმ/სთ-მდე სიჩქარეს და ეს ყოველთვის არ არის საკმარისი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გადასატაცად. ფოტოზე: უკრაინული გადამტაცი დრონი P1-Sun. უკრაინელი სამხედროები და სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის არმიას შეიძლებოდა დაეწყო რეაქტიული დრონების წარმოებისა და გამოყენების მასშტაბირება, თუმცა არ ელოდნენ, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა, აღიარებს ექსპერტი. „სამხედრო წრეებში იყო მოსაზრებები იმის შესახებ, რომ რუსები ვერ შეძლებდნენ [მათი წარმოების] მასშტაბირებას, რადგან საჭიროა უფრო ძვირი ტურბორეაქტიული ძრავა და ა.შ. მათ ახლა მიაღწიეს ამ რეაქტიული „შაჰედების“ წარმოების პლუს-მინუს ადეკვატურ, მათი თვალსაზრისით, რაოდენობრივ მაჩვენებლებს“, ამბობს შენჰელსკი. ის, რომ ახალი მოიერიშე საშუალებებით რუსეთის შეტევები პრობლემას წარმოადგენს ფრონტისპირა, სასაზღვრო რაიონებსა და უკრაინის სამხრეთში, ირიბად აღიარა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. „ჩვენ დეტალურად განვიხილეთ გამოწვევები რკინიგზაზე, ზოგადად ლოგისტიკის გამო. გამოწვევები ოდესაში მუდმივი რუსული ტერორის გამო. არის რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით ეს საჯარო არ არის, რათა ჩვენს ლოგისტიკას შესაძლებლობები დავუმატოთ. და მესამე - მე გავეცი დავალება, მეტი ძალა ჩაერთოს ფრონტისპირა და სასაზღვრო თემებში სამუშაოებისთვის. სწორედ დამცავი სამუშაოებისთვის გზებზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, დაწერა მან თავის არხზე ტელეგრამში. რა ობიექტებს ურტყამს რუსეთის არმია რეაქტიული დრონებით რუსეთის რეაქტიული დრონების დარტყმების სამიზნეებს თვალს ადევნებს ფრანგი მკვლევარი კლემან მოლენი. „წინა თვეში ყველაზე მეტი შეტევა იყო ობიექტების ორ კატეგორიაზე. პირველი უკავშირდება ენერგეტიკას - ეს არის ნავთობი და საწვავი. რუსეთმა ბოლო თვეებში დაარტყა 200 ავტოგასამართ სადგურს. ასევე არის ენერგეტიკისა და ელექტრომომარაგების ობიექტები, რომლებსაც მიაყენეს 20-მდე დარტყმა: რუსეთი უტევს ელექტრულ ქვესადგურებს მთელს უკრაინაში. ასევე არის დარტყმები გაზის ინფრასტრუქტურაზე. ეს დარტყმები რეგულარულად ხორციელდება იმ მიზნით, რომ გაძნელდეს უკრაინული მრეწველობისა და ლოგისტიკის მუშაობა“, აღნიშნავს ის donbass.realii-სთან საუბარში. თუმცა, მოლენის პროგნოზით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის საიერიშო კამპანიის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის და, სავარაუდოდ, ამა წლის სექტემბერ-ოქტომბერზე მოვა. ივლისში რუსეთის არმიამ უფრო ხშირად დაიწყო დარტყმების განხორციელება უკრაინულ ლოგისტიკაზე, ირკვევა მკვლევრის სტატისტიკიდან. „რუსეთმა დარტყმები მიაყენა დაახლოებით 60 საწყობს მთელს უკრაინაში, რომელთა შორისაც იყო სუპერმარკეტი, ასევე მრავალრიცხოვანი საწყობები, რომლებიც გამოიყენება დრონების წარმოებისთვის, სამხედრო და სამოქალაქო მრეწველობისთვის მთელს ქვეყანაში“, ამბობს კლემან მოლენი. გარდა ამისა, მიუთითებს ის, რუსეთი დარტყმებს აყენებდა მრავალრიცხოვან სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მთელს უკრაინაში, კერძოდ მატარებლებს მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით დნეპროპეტროვსკის ოლქში, ასევე პორტებს ოდესასა და ნიკოლაევში. რუსეთის დარტყმების მსხვერპლი ხშირად ხდებიან უკრაინის მშვიდობიანი მცხოვრებლები. 21 აგვისტოს რუსეთის არმიამ ორი რეაქტიული დრონი „გერან-4“-ით დაარტყა სავაჭრო ცენტრს კრივოი-როგში, რის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, კიდევ სულ მცირე 130 კი დაიჭრა. როგორ შეუძლია უკრაინას დაუპირისპირდეს რუსულ რეაქტიულ დრონებს? „ბევრი მწარმოებელი სამხედროებთან ერთად ექსპერიმენტებს ატარებს, ცდილობს იპოვოს რაიმე გამოსავალი, მაგრამ, სამწუხაროდ, რაიმე მასობრივ, სტაბილურად მომუშავე გადაწყვეტას ამ მომენტისთვის ვერ ვხედავ“, აღიარებს სპეციალისტი დანილა შენჰელსკი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილის, ანდრი ლებედენკოს თქმით, ჩვეულებრივი უკრაინული დრონი-გადამტაცები ანადგურებენ ძველი თაობის „შაჰედების“ თითქმის 70 პროცენტს. „ახლა გაიზრდება დრონი-გზაგადამჭრელების ახალი თაობა. თქვენ იცით, რომ ჩვენ რეაქტიულებიც უკვე გვაქვს. მე ვფიქრობ, დაახლოებით ორ თვემდე ვადაში გვექნება ახალი გადაწყვეტები, თუმცა არა მასშტაბური“, აკეთებდა ის პროგნოზს ივლისში გამართულ ბრიფინგზე. 21 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების არსენალს შეემატა უკრაინაში პირველი რეაქტიული გადამტაცი Alexa Spatium. ეს არის სწრაფი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინელმა ინჟინრებმა შექმნეს სპეციალურად რეალურ საბრძოლო პირობებში მცირე ზომის საჰაერო, ხმელეთზე მყოფი და წყალზე მყოფი სამიზნეების, პირველ რიგში კი დრონი-კამიკაძეების - „გერან-3“-ის, „გერან-4“-ის, „გერან-5“-ისა და Shahed-131-ის გასანადგურებლად. ლებედენკოს თქმით, რომელიც მათ შორის არმიაში ინოვაციებისთვისაც არის პასუხისმგებელი, არსებობს ერთდროულად რამდენიმე პარალელური პროექტი, რომელთაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეუძლიათ: დისტანციურად მართვადი კოშკურები, უკრაინული წარმოების საბრძოლო მასალები, რომელთათვისაც შესაძლებელია აფეთქების დაპროგრამება, მოდერნიზებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სარაკეტო შეიარაღება. ამ ჩამონათვალში გადამტაცები მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია. „ვამზადებთ თვითმფრინავის ტიპის პლატფორმებს, რომლებიც ასევე გადაიტანს განადგურების საშუალებებს, იძლევა მანევრირების საშუალებას 300-დან 800 კმ/სთ-მდე სიჩქარით და იმ სიმაღლეებზე, რომლებზეც რეაქტიული „შაჰედები“ მუშაობს. ჩვენი აზრით, ეს ყველაზე მასობრივი ამბავია. შეგვიძლია მისი მასშტაბირება და ის ეკონომიკურად მომგებიანია“, დარწმუნებულია ბრიგადის გენერალი. F-16 გამანადგურებლები უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების დღის აღნიშვნისას. კიევის ოლქი, 2024 წლის 4 აგვისტო. „რეაქტიული „შაჰედების“ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა ნამდვილად შეიძლება დრონული საჰაერო თავდაცვის მეშვეობით. ვინაიდან ახლაც კი, 10 წუთის წინ, უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთმა ბრიგადამ ჩამოაგდო რეაქტიული „შაჰედი“ და გამოგვიგზავნა ვიდეო. ამის გაკეთება შესაძლებელია. და ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავზარდოთ ეკიპაჟების ან გადამტაცების დისტანციური მართვის პუნქტების რაოდენობა იმისათვის, რომ დავფაროთ უკრაინის დიდი ტერიტორია“, მიიჩნევს დანილა შენჰელსკი. ფრანგი მკვლევარი კლემან მოლენი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტა შეიძლება გახდეს შეტევა ალაბუგაში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს. „არის მეორე გამოსავალიც - ამ დრონების გასაშვები დანადგარების დაზიანება, რადგან განსხვავება „გერან-2“-სა და „გერან-4“-ს შორის ის არის, რომ „გერან-4“-ის გაშვება მხოლოდ ფიქსირებული რელსიდან არის შესაძლებელი. ეს 3-4 ადგილია რუსეთში და უკრაინის სამხრეთში. [გასაშვებ დანადგარებზე დარტყმები] რუსებს აიძულებდა, შეეჩერებინათ გაშვება რამდენიმე დღით ან კვირით, სანამ ახლებს აღჭურავდნენ“, ამატებს ის. გამოცემა donbass.realii აღნიშნავს, რომ საჰაერო დაპირისპირებაში დაიწყო ახალი ტექნოლოგიური ეტაპი: თუ სულ ცოტა ხნის წინ უკრაინულმა საიერიშო კამპანიამ სერიოზული პრობლემები გამოიწვია რუსეთის ზურგში, ახლა უკვე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აიძულებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რეაგირება მოახდინონ უკრაინის ტერიტორიაზე რეაქტიული დრონებით მიყენებულ დარტყმებზე. „ისტორიაში პირველად“: როგორ არღვევს უკრაინა სახმელეთო ოპერაციების გარეშე რუსეთის ლოგისტიკას ყირიმში „რეაქტიული დრონების ჩამოგდების პროცენტი მაღალი რჩება საჰაერო თავდაცვის სხვადასხვა ელემენტის, კერძოდ რაკეტების მარაგის წყალობით, თუმცა გამოფიტვის ომში მნიშვნელოვანია, რომ საფრთხესთან ბრძოლის შესაძლებლობა მუდმივი იყოს“, აჯამებს ჟურნალისტი რომან პაჰულიჩი.

Download metadata bundle
31 Aug 2026, 17:14 GMT By ნასტასია არაბული

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და ბოლო 5 წლის მონაცემების ანალიზი რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას კვეთს. მათგან თვალში საცემია ის, რომ აბიტურიენტთა დიდი ნაწილი საბუნებისმეტყველო საგნებში - ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, გეოგრაფიასა და მათემატიკაში - მინიმალური ზღვრის გადალახვასაც კი ვერ ახერხებს. არამარტო წელს, თითქმის ყველა წინა წელს ამ საგნებში ბარიერის გადალახვა ყველა მესამე ან ყველა მეოთხე აბიტურიენტისთვის შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. რატომ ვერ სწავლობენ ბავშვები საბუნებისმეტყველო საგნებს? “საბუნებისმეტყველო საგნების კარგად სწავლას განსაკუთრებით სჭირდება კრიტიკული აზროვნება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი დავით თარხნიშვილი, რომელიც გვიხსნის, რომ მისი სტუდენტებისთვის ნაკლულ ცოდნაზე უფრო დიდი პრობლემა კვლევის ჟინის და უნარების სიმწირეა. თუმცა ეროვნულ გამოცდებში მიღებული ცუდი შედეგები ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდას ცუდი სასტარტო პირობების გაუმჯობესება არ შეუძლია. „მქონია შემთხვევები, როცა წარმატებული, მაღალი ქულებით ჩარიცხული ახალგაზრდები სწავლისას კარგავენ ინტერესს და მათთვის უნივერსიტეტში გატარებული დრო დაკარგულია”, - ამბობს პროფესორი დავით თარხნიშვილი რადიო თავისუფლების პოდკასტ “გამოკითხვაში”. რადიო თავისუფლებამ გამოკითხა ათამდე პედაგოგი, მათი ნაწილი სკოლაში, მოწაფეებთან ან აბიტურიენტებთან მუშაობს, ნაწილი კი სტუდენტებთან. მათთან საუბრის შემდეგ იმ პრობლემების კომპლექსური სია, რომელიც ხელს უშლის მოსწავლეებს უკეთ ისწავლონ საბუნებისმეტყველო საგნები, ასე გამოიყურება: კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი - ერთი მხრივ, სისტემა საკმარისს ვერ აკეთებს ახალგაზრდების სკოლაში მისაზიდად და მეორე მხრივ, არც მასწავლებლების გადამზადების პროგრამებია საკმარისად ეფექტური. მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ან უკვე საპენსიო ასაკისაა, ან საპენსიო ასაკს უახლოვდება. “მცირეკონტინგენტიან და ქალაქის სკოლებშიც კი, არიან მასწავლებლები, რომლებიც რამდენიმე საგანს ასწავლიან იმისათვის, რომ ელემენტარული, ყოფისათვის საკმარისი ანაზღაურება მიიღონ - ეს არ არის მათი არჩევანი და დამატებით სხვა საგნების ხელფასისთვის აღება, მასწავლებლებისთვისაც შეურაცხმყოფელი და დამღლელია და პროფესიისთვის ღირსების და რეპუტაციის შემლახველი”, - ამბობს გეოგრაფი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის პროფესორი, მანანა რატიანი, რომელიც თვლის, რომ მოსწავლის შედეგების გამადიდებელი შუშით შესწავლის პარალელურად მნიშვნელოვანია, სისტემა ხედავდეს მასწავლებლის საჭიროებებსაც. დაფინანსების სიმწირე, მასწავლებლების დაბალი ხელფასები [500-დან 2 000 ლარამდე, დატვირთვის და სტატუსის მიხედვით] და სკოლების ღატაკი ლაბორატორიები, რაც სწავლას ექსპერიმენტების ჩატარების ელემენტს ართმევს. “სკოლას რეალურად ბევრად უფრო კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები სჭირდება, ვიდრე უნივერსიტეტს, სადაც მე ვასწავლი. უნივერსიტეტში უკვე მოტივირებული ადამიანი მოდის და სკოლაში ეს მოტივაცია უნდა შექმნა და გააჩინო…” - ფიზიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ზაზა ოსმანოვი თვლის, რომ განათლებაში ფინანსების დაზოგვა ყველაზე თვალსაჩინო ზიანს ყველაზე რთულად ასათვისებელ საგნებს აყენებს და აბიტურიენტების შედეგები მის ამ მოსაზრებას მხოლოდ ამოწმებს. ინფრასტრუქტურული პრობლემები - რემონტის ან ახალი შენობის ასაშენებლად დაკეტილი სკოლები და ამის გამო წლობით სხვა სკოლის შენობაში შეხიზნული მოწაფეები და მასწავლებლები. რამდენიმე ცვლაში სწავლა კი უფრო მოკლე გაკვეთილებსაც ნიშნავს. რეპეტიტორების აუცილებლობა - სკოლა დამოუკიდებლად ვერ ამზადებს მოწაფეებს ეროვნული გამოცდებისთვის. - სიღარიბე კი უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს იმ მოსწავლეებს, ვისაც უმაღლესში ჩასაბარებლად რეპეტიტორის დაქირავება სჭირდება. უთანასწორობა თვალში საცემია დედაქალაქისა და პერიფერიების სკოლების მოსწავლეთა ოჯახების შესაძლებლობებს შორის. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 18 წლამდე ბავშვების 9.2% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამავე წელს 379 957 ბავშვი იყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. სახელმძღვანელოების ხარისხი - ეს პრობლემაც შესაძლოა უფრო დამძიმდეს, რადგან სახელმწიფო სასკოლო წიგნების შექმნაზე მონოპოლიას აცხადებს, გამომცემლობებს თიშავს ამ პროცესიდან და კონკურენციას, რაც გარკვეულწილად მაინც აიძულებდა ავტორებს სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სრულად სპობს. შეუფასებელი დანაკარგები - განათლების სისტემა არ ითვლის არც იმ ზიანს, რაც პანდემიის დროს დისტანციური სწავლის გამო მიიღეს მოსწავლეებმა და არც იმას, რაც სკოლების გაჭიანურებულმა მშენებლობამ მოიტანა. განათლების პოლიტიკა - ფრაგმენტული და დაუგეგმავი, უფრო ცალკეულ ცვლილებებზე გათვლი, ვიდრე სისტემურ გარდატეხაზე. თუ მშობელი გააპროტესტებს და ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს, მექანიზმები ამოქმედდება - მიქანაძე “პრობლემას მე ვერ ვხედავ მოსწავლეებში, პრობლემას მე ვერ ვხედავ მასწავლებლებში, პრობლემას მე ვხედავ სამინისტროსა და მის პოლიტიკაში”, - ამბობს პროფესორი, მანანა რატიანი, რომელიც თვლის, რომ დიდია ცდუნება, ცუდი შედეგები მასწავლებლების არაკომპეტენტურობით აიხსნას, თუმცა ეს პრობლემის გამარტივება იქნებოდა. მეცნიერები და განათლების სპეციალისტები შიშობენ, რომ პრობლემა, რომელიც ბოლო წლების მონაცემებში ჩანს და რომელსაც სახელმწიფო ვერ პასუხობს, შესაძლოა უფრო გამწვავდეს. “ჩვენ წინ გველოდება განათლების სფეროში სერიოზული აპოკალიფსი - ჩვენ უკვე ვართ კატასტროფაში, სადაც მხოლოდ აბიტურიენტები კი არა, მასწავლებლებიც ვერ ლახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. ამ სისტემის ჩამოშლა გარდაუვალია და ბევრი სხვა სისტემისგან განსხვავებით, განათლების სისტემის ჩამოშლა ცალსახად საზიანო იქნება ჩვენი შვილებისთვის”, - ამბობს ზაზა ოსმანოვი. აბიტურიენტების ნაწილი ვერ არკვევს, რამდენ ხანს მოუწევს სწავლა კიდევ რა ჩანს სტატისტიკაში - ევროპულ ენებს რუსული ანაცვლებს ეროვნულ გამოცდებზე ახალგაზრდები ქართულსა და ინგლისურში თითქმის ერთნაირი წარმატებით ახერხებენ მინიმალური ზღვრის გადალახვას და მხოლოდ აბიტურიენტების 3%-ს უჭირს ამ ორ საგანში გამოცდის ჩაბარება, თუმცა, იგივე არ ითქმის რუსულის, ფრანგულისა და გერმანულის შემთხვევაში. ინგლისურის გარდა, ქართველ მოსწავლეებს უნივერსიტეტში მოსახვედრად სწორედ ამ სამი ენის ჩაბარება შეუძლიათ. 2026 წელს რუსულში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 6%-მა, ფრანგულში, თითქმის 5%-მა და გერმანულში 3%-მა - წინა ხუთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ენის შემთხვევაში 8-დან 15%-მდე მერყეობს. ენების გამოცდების სტატიკა აჩვენებს იმასაც, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო ცოტა ახალგაზრდა აბარებს გამოცდას ფრანგულსა და გერმანულში და მეტი ირჩევს რუსულს. და რა საჭიროა ყველამ უნივერსიტეტში ჩააბაროს? კიდევ ერთი, რასაც მონაცემები აჩვენებს, არის ის, რომ მცდარია შეხედულება, თითქოს სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებას უმრავლესობა ცდილობს - რიცხვები აჩვენებს, რომ: ყოველწლიურად მცირდება იმ მოსწავლეების რიცხვი, ვინც 12 კლასს ამთავრებს - თუკი 2022 წელს საქართველოში 45 ათასს აჭარბებდა მათი რიცხვი, 2026 წელს მათი რიცხვი 21 ათასამდე შემცირდა; ყოველ წელს დაახლოებით 5 ათასამდე თორმეტკლასდამთავრებული არ რეგისტრირდება ეროვნულ გამოცდებზე, ანუ არ აინტერესებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება. საბოლოო ჯამში სტუდენტი თორმეტკლასდამთავრებულთა დაახლოებით 75% ხდება. მთავარი პრობლემა, რაც მონაცემებში იკვეთება, ისაა, რომ ქართველი მოსწავლეები სკოლის დამთავრებამდე ეთიშებიან ქართულ განათლების სისტემას - ბოლო 6 წელიწადში, საქართველოს სკოლებიდან საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად 22 737 მოსწავლე წავიდა. მხოლოდ 2025 წელს 3 669 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა ქართულ სკოლებში და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა - ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც ხევსურეთის, რაჭის და სვანეთის სკოლის მოსწავლეების ჯამური რაოდენობა, ან თბილისის ერთი დიდი სკოლა. 2026 წლის მონაცემები აჩვენებს სოციალურ უთანასწორობის ზრდის რისკსაც - ბოლო ეროვნულ გამოცდებზე შარშანდელთან შედარებით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც კერძო უნივერსიტეტებში ჩააბარა და სადაც სახელმწიფოს გრანტის გაუქმების გამო სწავლის გადასახადი გაიზარდა, სახელმწიფო სასწავლებლებში კი, სადაც სახელმწიფო სტუდენტებს უფასო სწავლის შესაძლებლობას ჰპირდებოდა, სტუდენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

Download metadata bundle
31 Aug 2026, 16:49 GMT By სანდრო ჯუფალაკიანი

სავარაუდოდ, საქართველოს ათასობით მოქალაქემ ჩადო ფული ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმა“ TSQ Investment Group-ში. პლატფორმა კრიპტოვალუტით „ვაჭრობს“ და წევრებს სწრაფ შემოსავლს ჰპირდება, რისი ერთ-ერთი საფუძველიც სქემაში ახალი წევრების მიყვანაა. ეს „კლასიკური ფინანსური პირამიდაა“, ამბობენ ექსპერტები. მისი „ჩამოშლის“ რისკზე კი ის მიუთითებს, რომ აგვისტოს ბოლოს სისტემამ ფულის გატანა შეზღუდა. ორგანიზატორები მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ თანხის გატანასთან დაკავშირებული პრობლემა დროებითია და სექტემბერში მოგვარდება. თუმცა სხვა ქვეყნებში მსგავსი პლატფორმების გამოცდილება ამ დაპირების მიმართ ეჭვის საფუძველს აჩენს. „ჯერ სქემა მუშაობს, თუმცა თანხის გატანა შეიზღუდა“ ნიკა (სახელი შეცვლილია) თბილისში ცხოვრობს, TSQ Investment Group-ს 23 აგვისტოს შეუერთდა. კრიპტოანგარიშიდან სისტემაში 1 000 დოლარი გადარიცხა და პლათფორმა GXMCOIN-ზე „ვაჭრობა“ დაიწყო. ის ე.წ. სავაჭრო სიგნალს, სპეციალურ ჩატში იღებს, შემდეგ ეს კოდი აპლიკაციაში შეყავს და ანგარიშზე „მოგებას“ ხედავს. ნიკა ყვება, რომ დამწყებ მომხმარებელს დღეში ოთხი ასეთი „სიგნალის“ გამოყენება შეუძლია, შემდეგ ეტაპებზე კი რაოდენობა მცირდება. რაც უფრო მეტი თანხა გაქვს ანგარიშზე, მით მეტი „მოგების“ შანსი გიჩნდება. დამატებითი სარგებელი მოაქვს სისტემაში ახალი კლიენტების ჩართვას. რაც მეტ ადამიანს გააწევრიანებებ, მით მეტ ფულს გააკეთებ. სწორედ ახალი წევრების მოზიდვაზე დამოკიდებული სარგებელია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ ფულის გამომუსავება ფინანსური პირამიდის სქემით ხდება. „სქემა, ჩემი ინფორმაციით, (საქართველოში) მინიმუმ 2025 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ვისაც რა თანხა ჰქონდა ჩადებული, მერე ეს თანხა ამოიღეს და დიდ მოგებაზეც გავიდნენ - ზოგმა მკურნალობის თანხა დაფარა, ემიგრაციიდანაც კი დაბრუნდნენ. დაზარალებული მე არ მინახავს“, - გვიყვება ნიკა. „საინვესტიციო პლატფორმის“ აპლიკაცია მისი პირველი „ინვესტიციის“ ჩადებიდან რამდენიმე დღეში სისტემიდან თანხის გატანა შეიზღუდა. ორგანიზატორებმა ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელეს - მათ შორის მომხმარებლებს შორის გავრცელებული პანიკა, რასაც თანხების მასობრივი გატანა მოჰყვა, და „აუდიტის“ ჩატარების აუცილებლობა. მათი დაპირებით, თულის გატანაზე დაწესებული შეზღუდვები სექტემბრის პირველი კვირიდან უნდა გაუქმდეს. ნიკას იმედი აქვს, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში თავის თანხას უკან დაიბრუნებს. ჩვენ ვესაუბრეთ სქემის კიდევ ერთ მონაწილეს, ლაშას (სახელი შეცვლილია), რომელიც სისტემას დაახლოებით ორი თვის წინ შეუერთდა. მას შემდეგ, რაც ანგარიშზე ასახული თანხა გაუორმაგდა, საწყისი „ინვესტიცია“ სწრაფადვე გაიტანა და „ვაჭრობა“ მოგებული ფულით გააგრძელა. მას თავიდანვე ესმოდა, რომ ფინანსურ პირამიდაში ერთვებოდა. „მე როგორც მესმის, შენი თანხით კრიპტობირჟაზე ვაჭრობას იწყებენ. მოგებიდან პროცენტს იღებენ, ნაწილს შენ გაძლევენ. ჯერ სქემა მუშაობს, თუმცა თანხის გატანა შეიზღუდა. ყველამ იცის, რომ ადრე თუ გვიან ეს სქემა დასრულდება“, - ეუბნება ლაშა რადიო თავისუფლებას. $70 მლნ „კრიპტოვალუტის პირამიდაში“ - ვინ გადასცა საქართველომ აშშ-ს ვინ არის „პროფესორი ჰენრი ჯონსი“? პროექტის ერთ-ერთ მთავარი ფიგურა „ჰენრი ჯონსია“. TSQ მას „ფინანსურ ექსპერტად“ და კომპანიის დამფუძნებლად წარადგენს. სოციალურ ქსელში გავრცელებული „ბიოგრაფიის“ მიხედვით, ჯონსი 1986 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, ფლობს საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, წლებია „ფინანსურ სფეროში მუშაობდა და მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა“. „ჰენრი ჯონსი“ „ჰენრი ჯონსი“ მომხმარებლებისთვის პერიოდულად ვიდეომიმართვებსაც ავრცელებს. მაგალითად, 29 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოში ის ქართველ მომხმარებლებს ამშვიდებდა და ჰპირდებოდა, რომ თანხას ყევლა გაიტანდა. არავინ იცის, „ჰენრი“ მართლაც რეალური ადამიანია თუ ის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი პერსონაჟი. და თუ მართლაც არსებობს, სად ცხოვრობს, რა ქვია და ვინ არის? პოლონური გამოცემა Bankier.pl ჯერ კიდევ 2025 წელს „ჰენრი ჯონსს“ „ადამიან-მოჩვენებას“ უწოდებდა და წერდა, რომ მართალია TSQ მის ბიოგრაფიულ ცნობებს ავრეცელებს, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა. კამათი სოციალურ ქსელებში მიუხედავად იმისა, რომ სქემა საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, განსაკუთრებული ყურადღება მან აგვისტოს მეორე ნახევარში მიიქცია. შესაძლო ფინანსური პირამიდის რისკებზე ფეისბუკზე ჟურნალისტები ლაშა ბერულავა და დავით ჭაბაშვილი , ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეკონომისტი რომან გოცირიძე აფრთხილებდნენ. გოცირიძემ 29 აგვისტოს დაწერა , რომ „პირამიდის სისტემა საქართველოში პიკს უახლოვდება“, თუმცა კლიენტების „რეკრუტირება“ სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ისევ გრძელდება. გოცირიძე, სხვადასხვა წყაროს მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ქართველებმა ამ სქემაში დაახლოებით 30 მილიონი დოლარი შეიტანეს. TSQ-ში დაბანდებული სახსრების ოდენობის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. სქემაში ჩართული მოქალაქეების ნაწილი გაფრთხილებებს მწვავედ პასუხობს და ამტკიცებს, რომ სისტემიდან თანხის გატანა შეძლო: „ყველა, ვინც ჩართულები ვართ, თანხაც გამოგვაქვს და ვართ ბედნიერად. ვიცით, რომ პირამიდაა, მაგრამ სხვის ფულს რატო დასდევთ“. „ხალხმა სესხები დროზე ადრე დაფარა, ბანკებს ანაბრები შემოაკლდა. ეს ყველაფერი არ აწყობს წურბელებს და მაგიტომაცაა, რომ ჩვენზე „დარდობენ“. „ბანკები რომ ძარცვავენ პროცენტების სახით, მაგაზე რატომ არ აშუქებთ აქტიურად?“ კომენტარებში საპირისპირო მოსაზრებებიც მრავლადაა. „ეგ პროექტი კრიპტოვაჭრობას იყენებს როგორც ლეგენდას, რეალურად არ ვაჭრობს არანაირი კრიპტოთი და ის „სიგნალები“, რომლებსაც მომხმარებლებს უგზავნის, ყალბია“. „მანდ კრიპტო მხოლოდ შირმაა, არავითარი ვაჭრობა არ ხდება, სარგებლობენ ხალხის გაუთვითცნობიერებით და არის ტიპიური პონცის თაღლითური სქემა. როგორც ყველა ფინანსურ პირამიდაშია, რაღაც ეტაპზე ვიღაცეები ფულს „გამოიმუშავებენ” - სხვების გამწარების ხარჯზე… “ პონცის სქემა საინვესტიციო თაღლითობის ფორმაა, როდესაც ადრინდელ მონაწილეებს „მოგებას“ ახალი მონაწილეების მიერ შეტანილი თანხებით უხდიან. სახელი უკავშირდება იტალიელ ემიგრანტ ჩარლზ პონცის, რომელმაც 1920 წელს აშშ-ში ამ პრინციპზე აგებული მასშტაბური აფერა ჩაატარა. TSQ Investment Group-ის პრობლემები სხვა ქვეყნებში TSQ Investment Group-ისა და მასთან დაკავშირებული პლატფორმების საქმიანობით სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლები და სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდნენ. სომხეთი პლატფორმა Hellobit, რომელსაც TSQ Investment Group მომხმარებლების კრიპტოოპერაციებისთვის იყენებდა, სომხეთში ყურადღების ცენტრში 2025 წლის ბოლოს მოექცა. 8 დეკემბერს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Hellobit-ს პირდაპირ „ფინანსური პირამიდა“ უწოდა და განაცხადა , რომ მასში თანხის დაბანდებით „ბევრი მოქალაქე დაზარალდა“. კიბერპოლიციამ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით Hellobit-ის სომხეთთან დაკავშირებული ონლაინპლატფორმები დაბლოკა. ესპანეთი 2025 წლის 28 ივლისს ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეროვნულმა კომისიამ (CNMV) TSQ Investment Group Ltd-ის შესახებ ოფიციალური გაფრთხილება გამოაქვეყნა. რეგულატორის განცხადებით, TSQ Investment Group-ს ესპანეთში არ ჰქონდა უფლება გაეწია კანონით რეგულირებული საინვესტიციო მომსახურება, მათ შორის სავალუტო ოპერაციები, ან კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული მომსახურება, რომლისთვისაც წინასწარი ავტორიზაციაა საჭირო. TSQ-ის საქმიანობით ესპანური მედიაც დაინტერესდა . Cadena SER 2025 წლის ნოემბერში წერდა, რომ კომპანია მომხმარებლებს კრიპტოვალუტით მაღალი შემოსავლის მიღებას სთავაზობდა, ახალი წევრების მოზიდვა კი დამატებით სარგებელს იძლეოდა. გამოცემასთან საუბრისას ეკონომისტმა ხავიერ როშემ TSQ-ისა და Hellobit-ის მოდელში ფინანსური პირამიდისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე მიუთითა. რამდენიმე დღის შემდეგ Cadena SER-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პლატფორმამ მუშაობა შეწყვიტა. გამოცემის ცნობით, მომხმარებლებს უთხრეს, რომ სისტემა „გატეხეს“ და პრობლემის მოსაგვარებლად დამატებით 10%-ის შეტანა იყო საჭირო. პოლონეთი პოლონეთში საქმე სისხლის სამართლის გამოძიებამდე მივიდა. შჩეცინის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით , გამოძიება 2025 წლის 27 ნოემბერს დაიწყო და ეხება ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც TSQ Investment Group-ისა და Hellobit-ის გამოყენებით მოქმედებდა. პროკურატურის თანახმად, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი სულ მცირე 2,19 მილიონ ზლოტს (500 ათას ევროზე მეტი) შეადგენს. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, Hellobit საინვესტიციო კომპანია არ ყოფილა და რეალური ინვესტიციები არ ხორციელდებოდა. 2025 წლის 17 დეკემბერს პოლიციამ საქმეზე ექვსი ეჭვმიტანილი დააკავა. ხუთ მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რას ამბობს ეროვნული ბანკი? საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მოქალაქეები საეჭვო ფინანსური სქემის შესახებ პირველად 31 ივლისს გააფრთხილა. „მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა“, - აცხადებდა ეროვნული ბანკი. 26 აგვისტოს სებ-მა ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, თანხის დაბანდებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ და შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკი. ის ხსნიდა, რომ სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ სისტემაში კლიენტები მასობრივად ერთვებიან, კამპანია საკმაოდ წარმატებულადაც კი შეიძლება ჩანდეს და მონაწილეებმა სარგებელიც კი მიიღონ. თუმცა დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს ვალდებულებებს და სქემა „აუცილებლად იშლება“. ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ, ამბობს გზირიშვილი. რატომ ერთვებიან ადამიანები მსგავს სქემებში? პაატა ბაირახტარი „ადვილი ფულის შოვნის იდეოლოგია ვერ გადაამუშავა საზოგადოებამ და ისევ სჯერათ, რომ შესაძლებელია ვიღაცამ უფასოდ ან არაფერში რაღაც ფული გაშოვნინოს და გაგაკეთებინოს, რაც ბუნებაში არ არსებობს“, - ამბობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და ამატებს, რომ ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მანამდე უნდა აფრთხილებდეს, სანამ პრობლემა მასშტაბური გახდება. „კლასიკურ პირამიდულ სქემაში“ მისი თქმით, ძირითადად ორი განსხვავებული განწყობით ერთვებიან: ერთ ნაწილს მართლაც სჯერა დაპირებული მაღალი შემოსავლის, მეორე ჯგუფი კი აცნობიერებს სქემის არსს, თუმცა იმედი აქვს, რომ მის ჩამოშლამდე მოგების მიღებას მოასწრებს. ბაზარზე კი, ექსპერტების ინფორმაციით, TSQ-ის მსგავსი კიდევ არაერთი სქემა მუშაობს, ყველა ეს პლათფორმა „მსხვერპლებს“ სწრაფი გამდიდრების დაპირებით იზიდავს.

Download metadata bundle
31 Aug 2026, 16:13 GMT By გიორგი გვახარია

2024 წლის ვენეციის ფესტივალზე „ჯოკერი 2-ის" წარუმატებლობამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად შეცვალა კინოფესტივალების მიმართ ჰოლივუდის დამოკიდებულება. „ჯოკერი 2-ის" კინოგაქირავებაში ჩავარდნას ფილმის პროდიუსერები სწორედ ვენეციის ფესტივალზე აკრედიტებულ კინოკრიტიკოსებს აბრალებდნენ, რომლებმაც „ახალ ჯოკერს“ ფელეტონები მიუძღვნეს. გაგახსენებთ, 2019 წელს „ჯოკერი 1“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. ჰოლივუდში დაფიქრდნენ: არის კი აუცილებელი „დიდი ფილმების“ საპრემიერო ჩვენება „A“ კლასის ფესტივალებზე, სადაც კინოს ხარისხს ძალიან ხშირად პოლიტიკური სიტუაციით, კონიუნქტურითა და სპონსორების ახირებით აფასებენ? ახალი „ჯოკერი“ – „გთხოვ, შეწყვიტე სიმღერა!“ ამ დისკუსიის შედეგი უკვე გამოჩნდა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე, რომლის კონკურსშიც ჰოლივუდის დიდი სტუდიების არცერთი ფილმი არ გვინახავს. ახლა კი ვენეციის კინოფესტივალი, რომელიც 2 სექტემბერს გაიხსნება, კანის კინოფორუმის მსგავსად, ვეღარ ჩაითვლება „ოსკარების რეპეტიციად“ - საკონკურსო პროგრამაში აქაც არ არის ფილმი, რომელიც ამერიკული „ოსკარის“ რეალურ კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს. 21 საკონკურსო ფილმიდან 100 პროცენტით ამერიკული მხოლოდ ერთია - „პრაიმ-თაიმი“, რობერტ პატინსონის მონაწილეობით. და მაინც, მხოლოდ „ჯოკერი 2- ზე" ქილიკსა და „ვენეციურ კატასტროფას“ ვერ დაჰბრალდება დიდ კინოფორუმებზე ძვირადღირებული კინოს ნაკლებობა. ჰოლივუდის საფესტივალო სტრატეგია, პირველ რიგში, სტრიმინგმა შეცვალა. საფესტივალო პრემიერებზე ხშირად უარს ამბობს არა მხოლოდ „ნეტფლიქსი“. ბოლო დროს კინოფორუმების მიმართ ერთგვარი ფობია დაეტყოთ სხვებსაც. „რატომ უნდა დაიწყოს ფილმის ისტორია ფესტივალით, სადაც რამდენიმე ასეული კრიტიკოსი ამ ფილმის ბედის განსაზღვრას ცდილობს?“ - იკითხა ერთხელ „ამაზონის“ ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა. დაუმატეთ ამას 2023 წლის ჰოლივუდში მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვა, რომელმაც სერიოზულად დაარღვია პროგრამირების ციკლი: წარმოებები გადაიდო, პოსტპროდუქციამ გადაიწია და მნიშვნელოვნად შემცირდა სწორედ იმ ტიპის ფილმების წარმოება, რომლებიც იდეალური იყო კანისა და ვენეციის ფესტივალებისთვის. და მაინც, ჰოლივუდის სტრატეგიის ცვლილება დიდი ფესტივალებისთვის განსაკუთრებული დარტყმა არ ყოფილა. კანში და ვენეციაში ისევ ჩამოდიან კინოვარსკვლავები. „წითელი ხალიჩა“ ვარსკვლავისთვის ისევ „წმინდათა წმინდა“ ადგილია. წელს, მაგალითად, რობერტ პატინსონის გარდა, ვენეციაში ელიან პენელოპა კრუსს და ხავიერ ბარდემს, რომლებიც მთავარ როლებს ასრულებენ ფლორიან ზელერის ფილმში „ბუნკერი“; ასევე - ალისია ვიკანდერს, სიუზან სარანდონსა და კეისი აფლეკს. აფლეკის, როგორც რეჟისორის, ფილმი „კომპანია“ ფესტივალის მთავარ კონკურსშია. ვენეციაში ასევე ელიან სემ როკუელსა და ჯონ მალკოვიჩს, რომლებიც ფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტის, ირლანდიელი რეჟისორის, მარტინ მაკდონაჰის ფილმში „ველური ცხენი“ თამაშობენ. ჯორჯ კლუნი და ელენ ბერსტინი კი საპატიო „ოქროს ლომებით“ დაჯილდოვდებიან. სამშობლო, რომელმაც გიღალატა ჰოლივუდის ახალმა სტრატეგიამ მყისიერად შეცვალა კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ინტერესებიც: ორივე კინოფორუმი დღეს უფრო ენერგიულად ეძებს ევროპულ, აზიურ და ლათინურ-ამერიკულ ფილმებს. შედეგი სახეზეა ვენეციის წლევანდელი კინობიენალეს პროგრამაში - ვენეციის ფესტივალმა ფაქტობრივად ხელიდან გამოსტაცა თავის მთავარ კონკურენტს, კანის კინოფორუმს, კორეელი რეჟისორის, ლი ჩანგ-დონის, „სიყვარულის შესაძლებლობა“, რომელსაც მე პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ. რვა წლის წინ კანის კინოფესტივალმა პრიზის გარეშე დატოვა „კორეელი ვისკონტის“ მისტიკური დრამა „ალმოდებული“, რომელსაც ფესტივალის ბოლომდე ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. დიდი იმედი მაქვს, რომ 12 სექტემბერს, როდესაც ვენეციის წლევანდელი ფესტივალის ჟიური, რომელსაც წელს ამერიკელი მსახიობი მეგი ჯილენჰოლი ხელმძღვანელობს, ფესტივალის შედეგებს გამოაცხადებს, სამართლიანობა აღდგება და დაფასდება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავტორის ახალი ნამუშევარი. ფესტივალი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ვენეციის კინობიენალეს ჟიური უკვე სკანდალის ცენტრში მოექცა. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ჟიურიმ უარი თქვა პრესკონფერენციის გამართვაზე. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ვენეციის ფესტივალის ჟიური აშკარად გაექცა იმ კითხვებს, რომლებიც კინოფორუმზე აკრედიტებულ პრესას ჰქონდა მომზადებული. როგორც ჩანს, ჟიურის წევრებს ახსოვდათ ზამთარში ბერლინის ფესტივალზე მომხდარი სკანდალი, როდესაც სწორედ ბერლინალეს გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟიურის თავმჯდომარემ, ვიმ ვენდერსმა, არ უპასუხა კითხვას ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის შესახებ. ვენდერსმა თქვა, რომ პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. Deutschlandfunk-ი: "ბერლინალეს" დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებენ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი, როგორც ჩანს, აუცილებლად განსაზღვრავს ვენეციის წლევანდელი კინობიენალეს „დრამატურგიას“. ფესტივალის გახსნამდე ათი დღით ადრე საკონკურსო პროგრამას დაემატა ფილმი „ Naza “ - ოსკაროსანი „ No Other Land -ის" თანარეჟისორების ნამუშევარი, ჯონათან გლეიზერის პროდიუსერობით. ფილმი თელ-ავივის სახურავებიდან გადაღებული კადრებით დეტალურად აღწერს ისრაელის სამხედრო სისტემას ღაზაში. მისი ჩვენება ვენეციის ლიდოზე, სავარაუდოდ, დიდ პოლიტიკურ ვნებათაღელვასა და საპროტესტო აქციებს გამოიწვევს. კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც წინ უძღოდა ვენეციის კინოფესტივალის გახსნას, გენდერული დისბალანსია. მთავარ საკონკურსო სექციაში მხოლოდ ერთი ქალი რეჟისორის ფილმი მოხვდა - დანიელი მეი ელ-ტოხის „უცნობი ქალი“. ფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ თავი იმით იმართლა, რომ პრობლემა თავად კინოინდუსტრიაშია, რომელიც ქალებს დიდ ბიუჯეტზე წვდომას უზღუდავს, და არა ვენეციის ფესტივალის შემრჩევ კომისიაში. სამაგიეროდ, ფესტივალის დირექციამ თავი არ იმართლა და მოკლე უარით უპასუხა უკრაინის კულტურის სამინისტროს, რომელიც ევროპაში მცხოვრები რუსი რეჟისორის, ილია ხრჟანოვსკის ახალი ფილმის, „დაუს“, საკონკურსო პროგრამიდან მოხსნას მოითხოვდა. კიევიდან გამოგზავნილ წერილში ეწერა, რომ მოსკოვი კულტურულ პლატფორმებს „ჰიბრიდული ომებისთვის“ იყენებს და პროექტი დაკავშირებულია კრემლთან დაახლოებულ, სანქცირებულ ოლიგარქ სერგეი ადონიევთან. დაუ - ძალადობის ძალადობით დამთრგუნველი თავად რეჟისორმა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და დაგმო უკრაინაში შეჭრა, განაცხადა, რომ ფილმი გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა. მისი თქმით, ადონიევი „დაუს“ პროექტს 2018 წლამდე აფინანსებდა, თუმცა ბოლო ნაწილის გადაღებასთან კავშირი აღარ აქვს. ასეა თუ ისე, უკრაინელები საპროტესტო აქციისთვის 8 სექტემბერს ემზადებიან, როდესაც „დაუს“ ფინალური სერიის საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი. ვენეციის ფესტივალისთვის ასეთი აქციები უკვე ორგანული ხდება. „წითელი ხალიჩა“, გამოპრანჭული კინოვარსკვლავებით, და საპროტესტო მანიფესტაციები იმავე წითელ ხალიჩასთან... იქვე - დიდი კინოდარბაზები, სადაც „A“ კლასის საშემოდგომო ფესტივალზე სეზონის საუკეთესო ფილმებს უჩვენებენ... ეს სანახაობა, რომლის შესახებ ვენეციიდან გიამბობთ, 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

Download metadata bundle
31 Aug 2026, 15:18 GMT By ნინო თარხნიშვილი

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების გამო დაკავებულ 23 წლის უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირილიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება ახალგაზრდა კაცის განსაცდელში მიტოვებას ედავება. ბრალდებული სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის „ვივამედის“ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება: „საწოლზეა მიჯაჭვული, არის მძიმე მდგომარეობაში“, - თქვა სხდომაზე ვალერია კირილიუკის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ, რომელიც ქალის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. 23 წლის ვალერია კირილიუკის ჯანმრთელობის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები არც ადვოკატსა და არც პროკურატურას აღარ დაუზუსტებია. ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ის თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და არ არსებობს მისი მიმალვისა თუ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. „აღიარებით ჩვენებაში თქვა“ - რას ამბობს პროკურატურა გამოძიება ამბობს, რომ საქმეში ვალერია კირილიუკის აღიარებითი ჩვენება დევს. ამბობს იმასაც, რომ საქმეში დევს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერებიც. დავით ყაზარაშვილი, საქმის პროკურორი ირწმუნება, რომ სწორედ კირილიუკის აღიარებითი ჩვენებით ირკვევა, რომ 23 აგვისტოს, ღამის საათებში, დაურ ბუავამ და ვალერია კირილიუკმა (დაურ ბუავას სახლში) მიიღეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ისინი შეუძლოდ გახდნენ. თითქმის ორი დღის თავზე, 25 აგვისტოს, დილის 9 საათისთვის კი გონზე მოსულმა ვალერია კირილიუკმა ნახა, რომ დაურ ბუავა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, „მძიმედ სუნთქავდა“, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდა, ბინა დატოვა, კარი გარედან გადაკეტა და არც სასწრაფო დახმარებას დაურეკა და არც საერთო მეგობრებს გააგებინა რა ხდებოდა. დაურ ბუავას ცხედარი სამართალდამცავებმა ორი დღის შემდეგ, 27 აგვისტოს, საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. დავით ყაზარაშვილი, პროკურორი „ბრალდებული თავის აღიარებით ჩვენებაშიც ამბობს, რომ მას შეეშინდა და იმიტომ არ მიმართა არავის. სავარაუდოდ, გარკვეული პასუხისმგებლობის შეეშინდა და არ განაცხადა მომხდარის შესახებ. მას შეეშინდა და ამიტომ დატოვა დაურ ბუავა. ეს მიუთითებს მისი მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებაზეც“, - ამბობს დავით ყაზარაშვილი. პროკურორი ვალერია კირილიუკზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ მათ ერთად მოიხმარეს ნარკოტიკიც: „ამბობს, რომ დაკარგა გონება. გონზე მოდის 25 აგვისტოს, დილის საათებში, ესეც ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარეა ცნობილი და ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დაურ ბუავა. ეს ადამიანი, ისე, რომ არც დაეხმარა დაურ ბუავას, ტოვებს გარდაცვლილის ბინას და მიდის თავისი სახლის მიმართულებით. გზადაც რამდენიმე ადამიანი შეხვდა, არც მათ ეუბნება რაიმეს“. დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულისა და გარდაცვლილის სისხლის ნიმუშის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ მიღებული ნარკოტიკი მეტადონია: „ამ ეტაპზე, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ბუავამ იცოდა, რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, სამწუხაროდ, ასეა“. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვარაუდებს, რომ შესაძლოა, დაურ ბუავა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, განზრახ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი იყოს, პროკურორი ამბობს: „რეალობა, რაც დადგენილია ამ მომენტისათვის, ეს არის. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიება გრძელდება და ნებისმიერი ვერსია იქნება თუ გარემოება, თუნდაც სოციალურ ქსელში გაჩნდეს, რა თქმა უნდა, გადამოწმდება“. პროკურორის თქმით, ვალერია კირილიუკი საქართველოში დაახლოებით ორი თვის წინ ჩამოვიდა და დაურ ბუავა, კაფეში გაიცნო: „თავად ბრალდებული საუბრობს გაცნობის დეტალებზე. კაფეში გაიცნეს ერთმანეთი და ამის შემდეგ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. რაც შეეხება სხვა დეტალებს, თქვენ შეიძლება უამრავი კითხვა გქონდეთ, მაგრამ ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველაფერს და ყველა დეტალი, რაც კი შეიძლება საინტერესო იყოს ან კითხვა გაჩნდეს, ყველა ამ დეტალამდე ჩვენ მივალთ“, - ამბობს ჟურნალისტებთან დავით ყაზარაშვილი. 31 აგვისტოს სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ იურისტებიც, რომლებიც საქმეში აფხაზი ბლოგერის მეგობრების თხოვნით ჩაერთნენ. ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათ უკვე გააცნეს ის კონკრეტული კითხვები გამოძიებას, რომლებიც იურისტებს გაუჩნდათ. მისივე თქმით, იურისტები არ ეთანხმებიან თვითმკვლელობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ: ნათია მეზვრიშვილი, ადვოკატი „აქ არ ყოფილა არანაირი თვითმკვლელობა...თუ რომელი მუხლით უნდა იყოს გადაკვალიფიცირებული, ეს უკვე გამოძიების შემდეგ უნდა დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს იყო განზრახული ქმედება ბრალდებულის მხრიდან, რატომ დატოვა მარტო, რატომ გადაკეტა კარი, თუ ასე შეუძლოდ იყო თავად, რომ ძლივს გამოდის ლიფტიდან, როგორ მოახერხა კარის დაკეტვა. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს გამოძიებასთან, პროკურატურასთან, რასაც პასუხი უნდა გაეცეს“. როგორც იურისტი ამბობს (ამის შესახებ დაურ ბუავას მეგობრებიც მიუთითებენ), ბლოგერი სიცოცხლეში მუქარებს იღებდა და ამიტომ მისი გარდაცვალების გარემოებების შესწავლისას ეს მიმართულებაც უნდა შემოწმდეს. საქმეში ჩართული იურისტები გეგმავენ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასაც. ამაზე საქმის პროკურორი ამბობს: „ჩვენ ერთი მხარე ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ, ყველას გვაინტერესებს, რა მოხდა, დავადგინოთ, რა იყო სიმართლე. ადვოკატებს, დამიჯერეთ, რომ საფუძველი არ ექნებათ, ცალკე რაიმე ექსპერტიზის ჩატარების. თუ რა თქმა უნდა, მათი სურვილია, რომ ჩართონ თავიანთი ექსპერტი, ნებისმიერი მათი ჩართულობა ჩვენთვის პირიქით, იქნება სასურველი და მისაღები“. წინასასამართლო სხდომა დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდების განხილვით 22 ოქტომბერს გაიმართება. კიდევ ორი დაკავებული - „დაურ ბუავასგან გაიცნო [ისინი] ვალერია კირილიუკმა“ 30 აგვისტოს გამოძიებამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით. მათ ბრალი 31 აგვისტოს ოფიციალურად წარედგინათ. დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ორივე საქართველოს მოქალაქეა და ისინი დაურ ბუავას კარგად იცნობენ. „მათ, სამწუხაროდ, ნარკოტიკული საშუალებები მანამდეც მოუხმარიათ ერთად. ეს ფარული საგამოძიებო მოქმედებებითაც დადგინდა და ამას ჩვენებებშიც აფიქსირებენ. ფაქტობრივად, დაურ ბუავასგან გაიცნო ეს პირები ვალერია კირილიუკმა. ამ ორი დაკავებულიდან ერთ-ერთი უშუალოდ ის პირია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა ვალერია კირილიუკს და რომელმაც შემდეგ ბუავასთან ერთად მოიხმარა ის“. მუშაობს თუ არა გამოძიება დაურ ბუავას განზრახ მოწამვლის ვერსიაზე? - ამ კითხვას პროკურორი ასე პასუხობს: „სისხლში მეტადონის გარდა აღმოჩნდა ეთილის სპირტი, რაც ალკოჰოლური სასმლის არსებობასაც ადასტურებს და სხვა რაიმე მომწამლავი ან რაიმე ნარკოტიკული საშუალება, არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპზე, რაც გამოძიებით დგინდება, იმას ვამბობთ. გამოძიება, რა თქმა უნდა, გრძელდება, თუმცა, ამ ეტაპზე, რა კვალიფიკაციის გაგრძელდება, რა შეიძლება გამოიკვეთოს, წინასწარ ამაზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ, ჯერ მხოლოდ ორი დღის შედეგია, რაზეც ვსაუბრობთ და მოვიპოვეთ“. აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებას 31 აგვისტოს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: „რაიმე საფუძველი, არ ვენდოთ იმ ფაქტებს, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, - მათ შორის ვიდეოჩანაწერებს, ჩვენებებს - არ არსებობს; [ამას რომ არ ენდოს ადამიანი], შეთქმულების თეორიების ძალიან დიდი მოყვარული ან საქართველოს ძალიან დიდი მტერი უნდა იყოს". დაურ ბუავას გარდაცვალებაზე 30 აგვისტოს, პოზიცია დააფიქსირა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ამრა“. დაურ ბუავა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქართულ-აფხაზური დიალოგის სამშვიდობო პროცესის წარმართვაა. “ენგურს გაღმა არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც წლებია, ცდილობენ როგორც დაურ ბუავას, ისე „ამრას“ საქმიანობის დისკრედიტაციას. მათი პოზიცია ჩვენთვის ახალი არ არის. თუმცა განსაკუთრებით შემაშფოთებელი და მტკივნეულია ის თავდასხმები, რომლებიც ამ დღეებში ენგურს აქეთ მცხოვრები ადამიანების მხრიდანაც გვესმის. იკვეთება ტრაგედიიდან გარკვეული დივიდენდების მიღების მცდელობებიც, რაც შეუთავსებადია დაურის საქმიანობასთან, თუ მის ხსოვნასთან. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ვერსიის შეფასებას, გამორიცხვას ან დადასტურებას. სიმართლე უნდა დადგინდეს გამოძიების შედეგად და არა ვარაუდებით, კონსპირაციული თეორიებითა და დაუდასტურებელი ინფორმაციით”, - წერია განცხადებაში. 32 წლის დაურ ბუავა სოციალურ ქსელში, წლების განმავლობაში ცნობილი იყო როგორც ვიდეოების ავტორი, რომელიც უმეტესად ქართულ-აფხაზურ მეგობრობაზე საუბრობდა. Video/ITV //www.radiotavisupleba.ge ახალგაზრდა კაცი ტყვარჩელიდან თბილისში 2021 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად და უკან აღარ დაბრუნებულა. 2022 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა მას „სახელმწიფოს ღალატში“ დასდო ბრალი. დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახური თვლიდა, რომ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“. რადიო თავისუფლება დაურ ბუავას 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. ამ დროს გადაღებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სურს აუხსნას, რომ საქართველო ომზე არ ფიქრობს და როგორ შეიძლება მშვიდობიანი თანაცხოვრება. 2022 წლის დეკემბერში, დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად დაკრძალავენ აფხაზ ბლოგერს. საქმეში ჩართული იურისტების თქმით, დაურის დედა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, საქართველოში, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს ან პირველ სექტემბერს ჩამოვა. აფხაზეთიდან თბილისში გამოქცეულ ტიკტოკერს აფხაზეთში ბრალი წაუყენეს „ღალატისთვის“

Download metadata bundle
31 Aug 2026, 14:45 GMT By ჯიმშერ რეხვიაშვილი

ვეშაპები, თეთრი დათვები, „კვებითი ჯაჭვი“ და ომის გამართლება - პუტინის უცნაურმა მეტაფორამ კრემლის ლიდერის სიტყვები დაცინვის საგნად აქცია. ზოოლოგებმა მის მონათხრობს არამეცნიერული უწოდეს, კრიტიკოსებმა კი პუტინის „სამყაროს ხედვაში“ მის მიერ წარმოებული ომის ნამდვილი ლოგიკა დაინახეს. პუტინი მასწავლებლებს სთავაზობს, ველური ცხოველების - ვეშაპებისა და თეთრი დათვების - მაგალითზე აუხსნან ბავშვებს, „რა სამყაროში ვცხოვრობთ“ და რატომ აწარმოებს რუსეთი ომს უკრაინაში. 29 აგვისტოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მასწავლებლებს შესთავაზა, ბავშვებს ველური ცხოველების (კერძოდ, ვეშაპებისა და თეთრი დათვების ცხოვრების მაგალითზე) აუხსნან, „რა სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ (ასე უწოდებენ რუსეთის ხელისუფლებაში უკრაინაში მიმდინარე ომს). ღონისძიების ვიდეო იმავე დღეს კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ბელგოროდის ოლქში მცხოვრები ჩინური ენის მასწავლებელი, დმიტრი ბალანჩუკოვი რუსეთის პრეზიდენტს უყვებოდა ჩრდილოეთ პოლუსზე მოგზაურობისა და ორ თეთრ დათვთან შეხვედრის შესახებ, რის პასუხადაც პუტინმა გაიხსენა ცელნამგალა ვეშაპი (რუს. Коса́тка, ლათ. Orcinus orca), რომელიც იქვე ბინადრობს და, როგორც კვებითი ჯაჭვის ზედა რგოლი, ჭამს სხვა რგოლს, თეთრ დათვს. „წარმოიდგინეთ, იქვე, ახლოს, ბინადრობენ ცელნამგალა ვეშაპიც. ისინი ამ დათვებს წვრილფეხობასავით, ჭიჭყინებივით ჭამენ. უბრალოდ, გუნდურად ესხმიან თავს და ნაწილებად გლეჯენ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ასეთი კვებითი ჯაჭვია. და ამის შესახებაც უნდა მოუყვეთ ბავშვებს, რათა მათ გაიგონ, რა სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. ზოოლოგების შეფასებით... ზოოლოგების განმარტებით, პუტინის ნათქვამი არ ეფუძნება მეცნიერულ კვლევასა და დაკვირვებას, რადგან მეცნიერულად დადგენილია, რომ ცელნამგალა ვეშაპები თეთრ დათვებზე არ ნადირობენ, ხოლო თეთრი დათვის ერთადერთი მტერი ადამიანია. „თეთრი დათვებით საერთოდ არავინ იკვებება. ისინი ტროფიკული ჯაჭვის მწვერვალზე არიან , - განუცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა გამოცემა „კედრს“. - ცელნამგალა ვეშაპებიც ტროფიკული ჯაჭვის მწვერვალზე იმყოფებიან. და ერთადერთი რამ, რაშიც მათ თეორიულად შეიძლება კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, ისაა, რომ ორივე სახეობა სელაპებით იკვებება“. ტროფიკული (კვების) ჯაჭვი (ძველი ბერძნული τροφή (trophē) - საკვები) - კვების პროცესში ურთიერთდაკავშირებული ორგანიზმების სისტემა (კონსუმენტების, პროდუცენტების და რედუცენტების), რომლებიც თანმიმდევრულად ურთიერთქმედებენ კვების პროცესში. ტროფიკული ჯაჭვი გამოიხატება ერთი სახეობის ინდივიდების კვებაში სხვა სახეობის ცოცხალი ინდივიდების, მათი სასიცოცხლო საქმიანობის პროდუქტების ან მათი მკვდარი ნაშთების ხარჯზე. ეკოლოგიური სისტემის შიგნით ორგანულ ნივთიერებებს მცენარეები ქმნიან. მათ ჭამენ ცხოველები, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ცხოველებს ჭამენ. ამ თანმიმდევრობას ეწოდება კვების ჯაჭვი და თითოეულ რგოლს ეწოდება ტროფიკული დონე. ტერმინი "ტროფიკა" მოდის ბერძნული სიტყვიდან trophos - "კვება". ზოოლოგის თქმით, ტექნიკურად ეს ორი სახეობა შეიძლება მართლა შეხვდეს ერთმანეთს, თუმცა ერთადერთი წარმოსახვითი ვითარება, როდესაც ვეშაპმა შეიძლება დათვი შეჭამოს ან პირიქით დათვმა - ვეშაპი, არის შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი უკვე მკვდარია. „შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ცელნამგალა ვეშაპის გვამი ნაპირზე გამოირიყა და მისი სხეული დათვებმა შეჭამეს. სულ ეს არის და ეს. სინამდვილეში კი, არ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ცელნამგალა ვეშაპი დათვს თავს დაესხა“ , - ამბობს ზოოლოგი. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვეშაპებსა და თეთრ დათვებს, ადამიანის გარდა, ბუნებრივი მტრები არ ჰყავთ. „თეთრი დათვის ერთადერთი მტერი ადამიანია - ადამიანის ყოფნა არქტიკაში. და ეს მართლაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ამ სახეობისთვის. იგივე ეხება ცელნამგალა ვეშაპებსაც. ადამიანები მათზე გავლენას ახდენენ მათი საკვები რესურსების - პირველ რიგში, თევზის - მოპოვებით, ასევე ტურიზმის საშუალებით. წელს კვლავ ვხედავთ, როგორ დასდევს კამჩატკაზე ათეულობით ხომალდი ამ ვეშაპებს. სწორედ ანთროპოგენური საფრთხეებია მათთვის მართლაც საერთო“ , - ამბობს გამოცემა „კედრის“ ერთ-ერთი რესპონდენტი. ცელნამგალა ვეშაპი (Orcinus orca) - წყლის ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა ზღვის ბინადართა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აგრესიულ ცხოველად ითვლება. კონტრასტულად მოშავო-მოთეთრო ფერისაა. აქვთ 13 სმ-მდე სიგრძის მასიური კბილები, მამრის სხეულის სიგრძეა 9-10 მ, წონა 7,5 ტ; კიდევ ერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ პუტინს ვეშაპებისა და თეთრი დათვების შესახებ წარმოდგენა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი ვიდეორგოლებიდან შეექმნა: „ხელოვნური ინტელექტის მოყვარულებმა ასეთი სიუჟეტები უხვად შექმნეს და ინტერნეტში დაყარეს. უამრავი მსგავსი სისულელე იტვირთება, მაგალითად, თითქოს ცელნამგალა ვეშაპებმა სელაპები ზურგზე შეისვეს და ისე გადაარჩინეს. სხვა ცხოველებზეც იმავე სულისკვეთებით ქმნიან მსგავს ამბებს: ლომები და მგლები ერთ ხროვად მეგობრობენ, დათვებსა და სხვა ცხოველებს კი ტყეში ჩახუტებულებს სძინავთ. თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, ცელნამგალა ვეშაპი, ისევე როგორც ყველა მტაცებელი, უპირატესობას ანიჭებს მისთვის ჩვეულ ნადავლზე თავდასხმას. ეს შეიძლება იყოს სელაპი, ლომვეშაპი, თევზი - იმის მიხედვით, თუ რა კვებითი სპეციალიზაცია აქვს კონკრეტულ ჯგუფს, რაც მათი ბინადრობის რეგიონზეა დამოკიდებული. მაგრამ არავითარ შემთხვევაში თეთრი დათვები“. აღიარების ტოლფასი მეტაფორა პოლიტიკის ექსპერტებმა პუტინის განცხადების კომენტირებისას, მეცნიერულ უზუსტობასთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს თავად მეტაფორის არსსა და რუსეთის ლიდერის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე: უკრაინელი პოლიტოლოგის, ვიტალი პორტნიკოვის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ველური ბუნების კანონებით გამართლება („ძლიერი სუსტს გლეჯს“) შემზარავად გამოიყურება საბაზისო მორალისა და ადამიანური ღირებულებების თვალსაზრისით. “რუსი დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის მცდელობები, სამხედრო აგრესია აბსურდული ზოოლოგიური მეტაფორების დახმარებით გაამართლოს, ნათლად მეტყველებს მის სრულ უცოდინარობაზე. პუტინი, როგორც ჩანს, სკოლაში ცუდად სწავლობდა” , - თქვა პორტნიკოვმა ტელეკომპანია „ესპრესოს“ ეთერში: „ის, რომ ცელნამგალა ვეშაპები დათვს არ ჭამენ... ხომ გესმით, პუტინი სკოლაში ძალიან კარგად არ სწავლობდა. ეს ხომ ისედაც ვიცით მისი მასწავლებლის მოგონებებიდან. პუტინმა არაფერი იცის არც ბიოლოგიაში და არც ზოოლოგიაში. მან მოიფიქრა რაღაც სახე, რომელიც თავად ლამაზად ეჩვენება“. ვიტალი პორტნიკოვი პოლიტოლოგის თქმით, რუს დიქტატორს ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნია და იმის გათვალისწინებით, რომ უმარტივეს საკითხებში ვერ ერკვევა, ის იძულებულია, მუდმივად საკუთარი ალტერნატიული რეალობა გამოიგონოს, მათ შორის ვეშაპების შესახებ, რომლებიც თითქოსდა დათვებს ჭამენ. „მას ჰალუცინაციები აქვს, ანუ რეალობის მის აღქმაში რაღაც შეუქცევადი ცვლილებები მოხდა“ , - ამბობს ანალიტიკოსი, რომლის თქმით, მსგავსი ანალოგია ტლანქი მცდელობაა, ფართომასშტაბიან აგრესიაზე პასუხისმგებლობა გამოგონილ გარე მტრებს გადააბრალოს. დიქტატორი რეალური პოლიტიკის ნაცვლად აშკარად ზღაპრულ სიუჟეტებს იყენებს, რადგან მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოზე სასტიკი თავდასხმის რეალური მიზეზები უბრალოდ არ არსებობს. საბოლოოდ, პორტნიკოვის თქმით, ეს უაზრო ზოოლოგიური მეტაფორა თავად მისივე ავტორის წინააღმდეგ შემოტრიალდა: საშიში და ძლიერი სახის შექმნის ნაცვლად, კრემლის მეთაურმა შექმნა ანეკდოტური სიტუაცია, რომელიც ადეკვატურ და განათლებულ ადამიანებში მხოლოდ ბუნებრივ დაცინვას იწვევს. პუტინი სამოთხეში მოხვედრას აღარ ჩქარობს? კიდევ ერთი ანალიტიკოსის, სტანისლავ კუჩერის თქმით, პუტინმა პირველად ახსნა საჯაროდ უკრაინასთან ომის მიზეზი უკიდურესად გულწრფელად. თანაც, დასავლეთსაც და საკუთარ ხალხსაც მიანიშნა, როგორ უნდა მოექცნენ თავად მასაც. „პუტინმა განაცხადა, რომ ბავშვებს უნდა აუხსნან, როგორ არის მოწყობილი „კვებითი ჯაჭვი“ - თითქოს ვეშაპები გუნდურად ესხმიან თავს თეთრ დათვებს, „წვრილფეხობასავით ჭამენ“ მათ და ნაფლეთებად გლეჯენ, უნდა აუხსნან რათა ბავშვებმა „გაიგონ, რა სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. როგორც ცნობილია, პუტინის სიმართლე ფაქტებზე არ არის დამოკიდებული. მეცნიერებისა და ჩრდილოეთის ხალხების ცოდნით, ცელნამგალა ვეშაპები თეთრ დათვებზე არ ნადირობენ. მეტიც, ზრდასრულ თეთრ დათვებს პრაქტიკულად ბუნებრივი მტრები არ ჰყავთ. თეორიულად, ცელნამგალა ვეშაპს შეუძლია წყალში მოცურავე დათვის მოკვლა, თუმცა პუტინის მიერ აღწერილი სცენის - გუნდი თავს დაესხა, დაგლიჯა და შეჭამა - რეგულარული დაკვირვებები არ არსებობს და ვერც იარსებებს“ , - ამბობს სტანისლავ კუჩერი, რომლის თქმითაც, პუტინის მორიგი „გარეკვა“ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ორი მიზეზის გამო: ომის მიზეზები - ომის მიზეზებიდან პირველად გაქრა ნატო, დონბასი, „რვა წელი“, „დენაციფიკაცია“ და სხვა ისტორიული ექსკურსები. დარჩა მთავარი: ძლიერი შთანთქავს სუსტს. თუ ომის მიზეზი გჭირდებათ, აი, მიზეზიც. სამყაროს ხედვა - პუტინმა ამავე შეხვედრაზე გაიხსენა ჯეკ ლონდონი და მოხუცები, რომლებსაც მგლებთან ტოვებდნენ. „რა თქმა უნდა, ეს სისასტიკეა, მაგრამ ასეთია ცხოვრება“. ანუ, საუბარია არა შემთხვევით მეტაფორაზე, არამედ სამყაროს მთლიან ხედვაზე. „თავად პუტინმა ვერ შეამჩნია, რა შესანიშნავი სახელმძღვანელო დაწერა არა მხოლოდ რუსი ბავშვებისთვის, არამედ უკრაინისა და დასავლეთისთვისაც, - ამბობს ანალიტიკოსი, - თუ საერთაშორისო ურთიერთობები ჯუნგლებია, მაშინ რაღატომ ჩივის სანქციებზე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ნატოს გაფართოებაზე, ევროპის გადაიარაღებაზე და საერთოდ, „კოლექტიურ დასავლეთზე“? ვეშაპები. კვებითი ჯაჭვი. ასეთია ცხოვრება. და მთავარი: პუტინმა პირადად აუხსნა რუს ბავშვებს, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ერთ დღეს მათი წინამძღოლი დაბერდება და დასუსტდება. ასევე დასავლეთსაც - რა უნდა უქნას რუსეთს, როდესაც ის საბოლოოდ სრულიად დაუძლურდება”. რიგაში მცხოვრები ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და ბიბლეისტის, ანდრეი დესნიცკის თქმით, ყველაზე საშინელი (არა სასაცილო, არამედ სწორედ საშინელი) თეზისში - „ვეშაპები დათვებს ჭამენ და ამიტომაც ვაწარმოებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ - სულაც არ არის ის, რომ ვეშაპები ამას არ აკეთებენ: “სახელმწიფომ სკოლას მკაფიო დავალება მისცა: ბიოლოგიის გაკვეთილებზე ბავშვებს უნდა ჩააგონოთ, რომ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ზუსტად ისევეა მოწყობილი, როგორც ველურ ბუნებაში მტაცებელსა და მსხვერპლს შორის. უნდა ვიყოთ კოლექტიური მტაცებელი და არა მსხვერპლი!” ანდრეი დესნიცკი ამბობს, რომ ერთ დროს ნაცისტურ პროპაგანდას სწავლობდა, განსაკუთრებით მის ადრეულ პერიოდს, რადგან, მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორ მივიდა სრულიად ცივილიზებული ერთი ასეთ მხეცობამდე. “ბევრ ვინმეს არ უყვარს ბევრი სხვა, მაგრამ იმისთვის, რომ ერთბაშად ყველა გაზის კამერებში გაგზავნო... ამისთვის წინასწარ უნდა ჩაენერგათ ადამიანებში სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება. და მართლაც ჩაუნერგეს. ნაცისტური პროპაგანდა რამდენიმე ძირითად თეზისს ეფუძნებოდა. ორ მათგანს გამოვყოფ: 1. ხალხი პირველადია, პიროვნება კი მხოლოდ ხალხის ნაწილია. ვინც ხალხის ნაწილი არ არის, ის დაავადების გამომწვევი პარაზიტია. 2. ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ზუსტად ისევეა მოწყობილი, როგორც ველურ ბუნებაში მტაცებელსა და მსხვერპლს შორის. როგორც კი ადამიანებმა - მათ შორის, ბიოლოგიის გაკვეთილებზე მსხდომმა მოსწავლეებმაც - ეს აზრები შეითვისეს, გაზის კამერების საკითხი ზნეობრივი პრობლემიდან ტექნიკურ პრობლემად გადაიქცა. აი, სწორედ ეს არის საშინელი” , - დაწერა რიგაში მცხოვრებმა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და ბიბლეისტმა, ანდრეი დესნიცკიმ პუტინის განცხადების კომენტირებისას. პუტინი და ცხოველთა სამყარო ვლადიმირ პუტინს თავის გამოსვლებში არაერთხელ გამოუყენებია ცხოველებთან დაკავშირებული შედარებები. მაგალითად, 2025 წლის სექტემბერში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრაზე, პუტინმა განაცხადა, რომ არ სურს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების „ქვეწარმავლებთან ან ცხოველებთან“ შედარება. „ისინი ზღაპრების კი არა, საშინელებათა ფილმების სპეციალისტები არიან. ის, რომ მუდმივად აჩაღებენ ისტერიას იმის შესახებ, თითქოს რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს, ვფიქრობ, ან პროვოკაციაა, ან სრული არაკომპეტენტურობა“ , - თქვა მაშინ პუტინმა. როგორია ჰააგაში რუსი პროპაგანდისტების გასამართლების შესაძლებლობა? 2021 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალური კრებისადმი მიმართვისას, როდესაც სხვა სახელმწიფოების მხრიდან შექმნილ საფრთხეებზე საუბრობდა, რადიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნი“ გაიხსენა: „ისინი რუსეთს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ხან აქედან ეცემიან და ხან - იქიდან. და მათ გარშემო, როგორც შერხანის (ვეფხვი პერსონაჟი - რ.თ.) გარშემო, მაშინვე იწყებენ ტრიალს ყველანაირი წვრილ-წვრილი ტაბაკები (ტურა პერსონაჟი რ.თ. ) - ყველაფერი ისეა, როგორც კიპლინგთან: ყმუიან თავიანთი სუვერენის გულის მოსაგებად“. პირველად პუტინს კიპლინგის “ჯუნგლების წიგნი” 2011 წლის დეკემბერში გაახსენდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც, პუტინის მტკიცებით, უცხოური ფულით მოქმედებდნენ, „ბანდერლოგები“ უწოდა. ბანდერლოგი - ინდ. Bandar-log (Bandar - მაიმუნი, log - ხალხი) რადიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნის“ გამოგონილი მაიმუნების ტომი 2014 წელს ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე, საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა რუსეთი შეადარა დათვს, რომელსაც „ყოველთვის უპირებენ ჯაჭვით დაბმას, შემდეგ კი კბილებისა და ბრჭყალების დაგლეჯას“. „იქნებ ეს ჩვენი დათუნია მშვიდად უნდა იჯდეს თავისთვის? იქნებ ტაიგაში გოჭებსა და ბურვაკებს არ უნდა დასდევდეს, არამედ კენკრითა და თაფლით იკვებებოდეს? იქნებ ამის შემდეგ თავს დაანებებენ? არა, არ დაანებებენ“ , - განაცხადა მაშინ ვლადიმირ პუტინმა. პუტინის უცნაური ალეგორიები ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის ფორუმზე გამოსვლისას ბირთვული ომის შესაძლო სცენარისა და რუსეთის სამხედრო დოქტრინის კონტექსტში საუბრისას თქვა, რომ რუსეთი არასოდეს იქნება ბირთვული დარტყმის პირველი ინიციატორი და იარაღს მხოლოდ საპასუხო დარტყმისთვის გამოიყენებს. „აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ შურისძიება გარდაუვალია და ის მაინც განადგურდება. ჩვენ კი, როგორც აგრესიის მსხვერპლნი, როგორც მოწამენი, სამოთხეში მოვხვდებით, ხოლო ისინი უბრალოდ ჩაძაღლდებიან (დაიღუპებიან), რადგან მონანიებასაც კი ვერ მოასწრებენ“. როდესაც პუტინმა ეს სიტყვები წარმოთქვა, დარბაზში მსხდომთა ნაწილმა გაიღიმა, თუმცა საერთაშორისო ანალიტიკოსებმა და მედიამ განცხადება უკიდურესად სერიოზულად მიიღეს. კრემლის პრესსპიკერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პუტინის სიტყვები „ალეგორიული“ იყო და რუსეთის სამხედრო დოქტრინის არსს გამოხატავდა - რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ საპასუხო დარტყმისთვის გამოიყენებდა. პუტინის მორიგი ბირთვული მუქარა - რა წერია განახლებულ დოქტრინაში? დასავლეთში პუტინის ნათქვამი აღიქვეს როგორც ღია შანტაჟი და „ბირთვული ფსიქოზის“ გაღვივება, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როცა „სამოთხისა და ჯოჯოხეთის“ თემატიკამ რუსულ პროპაგანდაში კიდევ უფრო აგრესიული სახე მიიღო. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასა და დასავლეთში „სატანასთან და ლუციფერთან მართავს წმინდა ომს და მოსკოვს შესწევს ძალა, ყველა თავისი მტერი „გეენის ცეცხლში“ (ჯოჯოხეთში) გაგზავნოს”. 2024 წლის 19 დეკემბერს მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას პუტინმა პირველად ახსენა სიტყვა „დვიჟუხა“ (Движуха - მოძრაობა): „როდესაც ჩვენთან ყველაფერი მშვიდად, თანაბრად და სტაბილურად მიმდინარეობს, მოწყენილობა გვიპყრობს. ჩნდება უძრაობა. გვინდება “დვიჟუხა” - რაღაც მოძრაობა და აურზაური. როგორც კი ეს მოძრაობა ("ხადვიჟუხა") იწყება, ყველაფერი ზუზუნებს ყურთან - წამებიც და ტყვიებიც. სამწუხაროდ, ახლა ტყვიებიც ზუზუნებენ. გვეშინია და ვამბობთ: „საშინელება, საშინელებაა“. მაგრამ ეს სულ სხვანაირი საშინელებაა.“ ვლადიმირ პუტინმა სახალხო, მოწყენილობის გამფანტავი მოძრაობა უწოდა ომს, რომელშიც ყოველთვიურად ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები იხოცებიან თუმცა “დვიჟუხაზე” ლაპარაკამდე ორი წლით ადრე, 2022 წლის ნოემბერში პუტინმა ომში დაღუპული რუსი სამხედროების დედები ასე უცნაურად ანუგეშა : „ჩვენ ყველანი ოდესმე დავტოვებთ ამ ქვეყანას, ეს გარდაუვალია. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ როგორ ვიცხოვრეთ. ზოგიერთი ადამიანი ხომ ისეთნაირად ცხოვრობს, რომ ვერ გაიგებ, იცხოვრა თუ - არა. ამ ქვეყნიდანაც როგორ მიდიან? არყის სმით ან კიდევ სხვა რამით იკლავენ თავს და არანაირ კვალს არ ტოვებენ. თქვენმა შვილმა კი ნამდვილად იცხოვრა და მიზანსაც მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ მომკვდარა“.

Download metadata bundle
31 Aug 2026, 11:55 GMT By ლელა კუნჭულია

ეპილეფსია, კრუნჩხვები, ფსიქიკური პრობლემები, ძლიერი ტკივილები, ინსულტი - უკვე მეხუთე თვეა, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სატანჯველად იქცა. „დოზა რაც შეუმცირეს, ვეღარ ვაკავებ - ვარდება, იმტვრევა ქალი...“ „სახლში რომ ვბრუნდები, არ ვიცი, ცოცხალი დამხვდება თუ არა...“ „სახლიდან გაუთენებელზე თუ არ გავედი, შეიძლება აფთიაქს ვერ მივუსწრო...“ „თუ ვარ ხოლმე ცოტა უკეთესად, ნახევარ დოზას ვსვამ... ექიმმა იტირა, რომ ვუთხარი...“ „გაქრა ჩვენი წამალი და რაც შემოიტანეს, არაფრად ვარგა...“ რადიო თავისუფლებამ 10-ზე მეტი პაციენტისა და მათი ოჯახების წევრების მძიმე ისტორიები მოისმინა. ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული პრეპარატების დანიშვნა, გამოწერასა და შეძენაზე ახალი წესები 1 აპრილიდან აამოქმედა - ნარკომანიასთან ბრძოლის გამკაცრების დეკლარირებული მიზნით. “კონტროლს არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?!" "რატომ უნდა ხდებოდეს ეს ჩვენს ხარჯზე?!” - გვეუბნებიან პაციენტები, რომელთა ყოფა ამ ახალმა რეგულაციებმა დრამატულად შეცვალა. რადიო თავისუფლებამ ექიმებსაც მოუსმინა, ცვლილებებმა პრობლემები მათაც შეუქმნა. 2026 წლის 1 აპრილს ძალაში შესული ახალი რეგულაციებით: ექიმმა ფსიქოტროპულ მედიკამენტზე რეცეპტი [ზრდასრულებს] ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა გამოუწეროს; ექიმმა რეცეპტი უფრო ხანგრძლივ ვადაზეც რომ გამოწეროს - აფთიაქები 14 დღის სამყოფზე მეტს მაინც არ გასცემენ; ფსიქოტროპული წამლები მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სპეციალიზებულ აფთიაქებში იყიდება; ექიმმა უნდა დაასაბუთოს კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა და დააზუსტოს დოზები, პაციენტის სამედიცინო ისტორიაში; ექიმებს პრეპარატების დოზების შემცირების დავალებაც მისცეს. ამას ემატება ისიც, რომ პაციენტმა, რომელიც სახლიდან ვერ გადის, ვინმეს მინდობილობა უნდა გაუფორმოს, რომ მის მაგივრად ჯერ რეცეპტი აიღოს, შემდეგ კი წამალი იყიდოს; რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, მათ შორის - პაციენტების შეკითხვებით; მაგრამ უწყებამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით გაგვიშვა, რაც ხანგრძლივი და ხშირად უშედეგო პროცესია. პასუხებს, მიღების შემთხვევაში, სტატიას დავამატებთ. ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ექიმი პაციენტს უნიშნავს ფსიქიკური ან მძიმე ნევროლოგიური დარღვევების დროს: შფოთვითი და პანიკური აშლილობები, დეპრესია, ძილის მძიმე დარღვევები, ფსიქოზები, შიზოფრენია, ეპილეფსია, კრუნჩხვითი მდგომარეობები. ეს მედიკამენტები პაციენტმა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს. რეცეპტის გარეშე ეს წამლები ჩვეულებრივ ქსელურ აფთიაქებში არ იყიდება. ლალი და მისი 82 წლის დედა ზალიკო 58 წლის ლალი ქაჩიბაიამ საკუთარ თავსაც უნდა მიხედოს და დედაც მოსავლელი ჰყავს - 82 წლის ზალიკო გოგოხია. დედა-შვილი აფხაზეთიდან დევნილები არიან, სოციალურად დაუცველები, ახლა სამტრედიაში ცხოვრობენ. უკვე ათეულობით წელია, ფსიქოტროპული პრეპარატები ორივეს სჭირდება, მაგრამ ახალი რეგულაციებით - დოზები ორივეს მნიშვნელოვნად შეუმცირეს. ახალი რეგულაციებით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის "სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს". პაციენტები მტკივნეულად განიცდიან ათეულობით წლის განმავლობაში, თანდათან გაზრდილი დოზების ერთბაშად შემცირებას. “ადრე დედას ციკლოდოლს უწერდნენ 60 ტაბლეტს თვეში და ახლა 3 თვეში 28 ტაბლეტს უწერენ. დოზა რომ აკლდება - დარბის, ეცემა, იმტვრევა ქალი... ეს ექიმმაც იცის და მეზობლებმაც, ყველამ. კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ... მეც დილა-საღამოს ვსვამდი ზოლომაქსს და შემიმცირეს ახლა - ყოველ 14 დღეში მარტო 14 აბს მიწერენ“, – ლალი თვითონ მეორე ჯგუფის ინვალიდია - ძლიერი ტკივილები, შფოთვა, შიშები, თავბრუს ხვევა, გულისრევა, მეხსიერების დაქვეითება აწუხებს - სოხუმში ავარიაში მოვყევი და მას შემდეგ მუდმივად წამლები მჭირდებაო. წამლებს სამტრედიაში ვერ შოულობს და ზესტაფონში, სენაკში, ზუგდიდში უწევს ჩასვლა. „გათენებისას 7 საათზე გავდივარ წამალს რომ მივუსწრო... რატომ არ უნდა იყოს წამლები სამტრედიაში?! შემოიტანონ წამლები სამტრედიაში და დაუბრუნდნენ ძველ წესს... ჯანდაცვასაც [სამინისტროს] მივწერეთ ავადმყოფებმა. პასუხი არ მიგვიღია“, - როცა ლალი წამლის საყიდლად შორს, სხვა ქალაქში მიდის, დედას მარტო დატოვება უწევს - იატაკზე აწვენს ხოლმე, საწოლიდან რომ არ გადმოვარდეს. ექიმები და პაციენტები ამბობენ, რომ მცირეა იმ აფთიაქების რიცხვი, სადაც ფსიქოტროპული პრეპარატები იყიდება - არ არის ყველა ქალაქში, რომ აღარაფერი ვთქვათ დაბასა თუ სოფელზე. როგორ არის გადანაწილებული აფთიაქების ქსელი თბილისში და რეგიონებში? ღია წყაროებში აფთიაქების სრული სია არ იძებნება. შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება ჯანდაცვის სამინისტროსაც ვთხოვეთ - პასუხი ჯერ არ მიგვიღია. დედა-შვილს რეცეპტებს, როგორც ლალი გვეუბნება, ძირითადად ქუთაისიდან სამტრედიაში კვირაში ერთხელ ჩასული ექიმი ფსიქიატრი უწერს; მაგრამ როცა ფსიქიატრი ადგილზე არ არის, რეცეპტისთვის ნარკოლოგთან მიდის, იქვე - სამტრედიაში, „ნარკოლოგიურ კაბინეტში“. რადგან დედა-შვილი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ, ექიმთან ვიზიტი და დანიშნულება მათთვის უფასოა, ფულს სახელმწიფო იხდის. ლალი ქაჩიბაია. ფსიქოტორპული წამლები მასაც სჭირდება და მის 82 წლის დედასაც. რეგიონებში პრობლემებს ინფორმაციის ნაკლებობაც ემატება. ლალიმ ჩვენგან გაიგო ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესის შესახებ, რომ - "ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს [წამლის] არაუმეტეს 5 დღის მარაგი"; თუმცა, როგორც გვეუბნება , ამ წესს ექიმები არ ითვალისწინებენ და შიშობს, რომ უქმე დღეების ან რეცეპტისთვის ზუსტად მე-14 დღეს ვერ მისვლის შემთხვევაში, დედა-შვილი, უბრალოდ, წამლის გარეშე დარჩებიან. "ვიზოგავთ და ვწვალობთ", - ეუბნება ლალი ქაჩიბაია რადიო თავისუფლებას. რადიო თავისუფლებამ დედა-შვილის ექიმებთან დაკავშირება ვერ მოახერხა. თუმცა - მათ შორის, ამ ოჯახის მონათხრობზე დაყრდნობით - შეკითხვები ჯანდაცვის სამინისტროს გავუგზავნეთ. 67 წლის მალუ ვეღარ გადის ქალაქიდან მალუ 67 წლის პენსიონერი ქალია, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა [ურჩევნია, რომ ნამდვილი სახელი და გვარი არ გაამხილოს]. თავის ძაღლთან ერთად, მთელი წელი ელოდება ზაფხულს - ნათესავთან ჩადის ხოლმე თვე-ნახევრით ქობულეთში. წელს უკვე აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, როცა ამ თვე-ნახევარში რეცეპტისთვის ექიმთან მისვლა სამჯერ მოუწევდა. „ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩამოვქანდე თბილისში?!. ვერ შევძლებ, რომ ვიღაც ექიმი მოვძებნო ბათუმში და მერე იქ აფთიაქში ვიდგე კიდევ რიგში საათობით... ან იქნება ჩემი წამლები იქ და ან არა... საგონებელში ვარ“, - გვითხრა მალუმ, რომელმაც გადაწყვიტა თბილისში დარჩენა მანამდე მაინც, ვიდრე მისი ექიმი შვებულებაში გავა. მალუ წამლების გამოზოგვას ცდილობს: „იცით, რას ვაკეთებ ხოლმე?! რომელიღაც დღე თუ ვარ ხოლმე ცოტა უკეთესად, ნახევარ დოზას ვიღებ, რომ გამოვიზოგო... გაგიჟდა ჩემი ექიმი, ცრემლები მოერია ქალს, ეს რომ მოვუყევი... გადაირია ექიმი“. 30 წელზე მეტია, რაც მალუ ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებს - ნევროლოგიურმა სენმა და არასწორმა მკურნალობამ სამუდამო პრობლემები დაუტოვა: ძლიერი ტკივილი, სახის კუნთის დაჭიმულობა, დეფორმაცია, რის გამოც მყარ საჭმელს ვეღარ ჭამს. ამას 5 წლის წინ გადატანილი ინფარქტიც დაემატა. „ჯოჯოხეთია, რაც გვჭირს. [აპრილში] პოლიკლინიკაში მითხრეს, ფსიქიატრმა უნდა გაგსინჯოს, რეცეპტი რომ გამოვწეროთო. 60 ლარი გადავიხადე და მეგონა ამით მორჩა, მაგრამ არა - 2 კვირაში ისევ ფსიქიატრთან მიშვებდნენ, რეცეპტის გამოწერამდე. თქვენ გაგიჟდით, კიდევ 60 ლარი უნდა გადავიხადო-მეთქი?! ერთი ამბავი დავატრიალე... ახლა ოჯახის ექიმი მიწერს რეცეპტს - 14-დღიანს. მერე გავრბივარ ჯერ ვაჟა-ფშაველაზე ერთი წამლისთვის, მერე - ავლაბარში მეორისთვის. უნდა ვიჩქარო, თორემ 4 საათზე იხურება რაღაც პროგრამა... ერთხელ 3 წუთი დამაკლდა და ვერა, ვერ მოგცემთო... წარმოგიდგენიათ, ხალხო?!“ - მალუ კოშმარივით იხსენებს აფთიაქის რიგში დგომას. ზოლომაქსი, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ფსიქოტროპული პრეპარატი საქართველოში 30 წელიწადზე მეტია, კლონაზეპამსა და ქსანაქსს სვამდა. რადგან ახლა ქსანაქსი აღარ იშოვება, მის შემცვლელად ზოლომაქსს უწერენ. უკმაყოფილოა სომხური წარმოების კლონაზეპამით, რომელმაც ფარმაცევტულ ბაზარზე პოლონური ჩაანაცვლა - არ მშველისო, ამბობს. მალუ ჯანდაცვის სამინისტროს ძველ რეგულაციებზე დაბრუნებას სთხოვს - არ სჯერა, რომ ახალი რეგულაციები მისთვის პატივსაცემი მინისტრის მოგონილია. ვიღაცებმა ამ რეგულაციების შემოღებით საბოტაჟი მოაწყვესო, ასე ვარაუდობს. მაია კობახიძე და მისი 34 წლის შვილი მაია კობახიძეს 34 წლის შვილი, გურამ ცინცაძე ჰყავს მოსავლელი - პირველი ჯგუფის ინვალიდი, ეპილეფსიური გულყრებით; აუტისტური სპექტრიც დაუდგინდა; წართმეული აქვს მეტყველების უნარი. კლონაზეპამი პაციენტისთვის სასიცოცხლო პრეპარატია - გურამი ამ წამალს ღრმა ბავშვობიდან სვამს. ადრე დედა 3 თვის სამყოფს ერთად ყიდულობდა და მშვიდად იყო - ახლა თვეში ორჯერ უწევს ყიდვა. ბოლო კვირებში მაიამ შვილი წყნეთში აიყვანა და წამლისთვის ისევ თბილისში დარბის. მინდობილობა მასზეა - წამალს სხვა ვერავინ იყიდის. მაია კობახიძე და მისი ვაჟი - გურამი „წყნეთში ვისთანაც ვართ - მეგობრის დედას, 87 წლის ქალს დავუტოვე შვილი იმ იმედით, რომ მეორე შვილი მანქანით უცებ მიმიყვანდა აფთიაქში და ამოვბრუნდებოდით უკან სწრაფად“, - გვიყვება მაია, რომელსაც იმ დღეს ავადმყოფ შვილთან დაბრუნება მაინც დაუგვიანდა - ერთ აფთიაქში წამალი არ დახვდა, მეორეში კი 3-საათიან რიგში მოუწია დგომა. „ეს 14-დღიანი [რეცეპტი] საშინელებაა... ორ კვირაში ერთხელ ასეთი ბავშვების დატოვება სახლში, ძალიან ძნელია... ხან სულ ვერ გავდივარ სახლიდან - ხან შეტევა აქვს, ხან შფოთვაშია, შეტევის წინ... ვერც ვმუშაობ ასეთი მდგომარეობის გამო“, - მაია წინასწარ ნერვიულობს იმაზეც, რომ სრულწლოვან შვილზე გაფორმებულ მხარდამჭერის 5-წლიან სტატუსს ვადა მალე ამოეწურება [ადრე მეურვეობა მუდმივი იყო] - ამ საბუთს სასამართლო გასცემს, ცალ-ცალკე ასაღებ მრავალ შესაბამის საბუთზე დაყრდნობით - „ყველგან ფულია გადასახდელი, უფასო არაფერია“. რეცეპტისთვის ექიმთან ვიზიტში [სპეციალიზებულ ცენტრში] რეგულარულად 5 ლარის გადახდა უწევს; თუმცა, აპრილის შემდეგ, ერთხელ ნევროლოგთან კონსულტაციაც მოსთხოვეს - ონლაინკონსულტაცია 85 ლარი დაუჯდა. ნაირა და მისი ქმარი კახეთიდან “ამბულატორიაში რომ ჩავალ და ავიღებ მიმართვას, მერე ახმეტაში ნევროლოგთან უნდა წავიდე და წამლებიც იქ ვიყიდო .… იქ კიდევ იმხელა რიგებია, იმხელა რიგებია, რომ მთელი დღე სჭირდება… თითო-თითო აფთიაქია ახმეტაში და თელავში - როდის როდის ავიღებ წამლებს… და ორ კვირაში ისევ წასასვლელი ვარ იგივე გზაზე” , - ნაირა ამუზანაშვილი, ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში, 76 წლის ქმარს, შალვა ამუზანაშვილს უვლის, მძიმე ავადმყოფს - “პარკინსონი, გლაუკომა აქვს, ზის - ხელით ვაყენებთ, თავისით ვერაფერს აკეთებს, ვერ ჭამს. 3-ჯერ ინსულტი აქვს გადატანილი”. ციკლოდოლი, ზოლომაქსი, დიაზეპამი - ავადმყოფს მუდმივად სჭირდება, სხვა ბევრ წამალთან ერთად. თავად ნაირასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - მენჯის სახსარი აწუხებს, შიშობს, რომ საოპერაციოა - სტრესებისგან და დაღლილობისგან ხშირად ცუდად ხდება, მაგრამ საკუთარი თავისთვის აღარ მცალიაო - გვეუბნება. „ამის წინ რომ ავედი [ქმრის რეცეპტისთვის] ექიმთან - ცუდადაც გავხდი. გული მაქვს ძალიან ცუდად, თავს ვეღარა ვწევ მაღლა-მეთქი, თავი მაგიდაზე მქონდა დადებული. წნევა გამიზომეს - დაცემული გაქვსო. ექიმმა ყავა მომიდუღა, შავი შოკოლადი გამიტეხა, დამილაგა. მრცხვენოდა, მაგრამ ავიღე ერთი ცალი, შევჭამე - როგორმე აქედან წავიდე სახლში-მეთქი“, - ნაირა საკუთარ ოჯახს ღატაკად თვლის, მაგრამ სოციალური დახმარების ბენეფიციარები არ არიან. მათი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, ჯამში დაახლოებით 850 ლარი. "მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა", - აცხადებდა 2025 წლის მიწურულს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე. პაციენტები ფსიქოტროპული პრეპარატების სიძვირეს მართლაც არ უჩივიან - გვითხრეს, რომ ბოლო წლებში ფასი საგრძნობლად შემცირდა; თუმცა მათ, როგორც წესი, სჭირდებათ სხვა არაერთი პრეპარატიც - რომელთა დიდი ნაწილის ყიდვა საკუთარი სახსრებით უწევთ. ჯამში, ეს თანხა - ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯია. პაციენტები პრობლემებს შორის გამოყოფენ: ეფექტიანი მედიკამენტების ნაკლებობას, მათ სიძვირეს და მედიკამენტების დეფიციტს - როცა წამალი ერთ დღეს ბაზრიდან საერთოდ ქრება. ნაირა გვეუბნება, რომ წამლების ნაწილის დაფინანსებაზეც ბოლოს უარი უთხრა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. თუმცა მათთან დადის შშმ პირებისთვის განკუთვნილი პერსონალური ასისტენტი - სამუშაო დღეებში, საღამოს 5 საათამდე და ცოლიც ქმრის წამლებზე გასვლას სწორედ ამ დროს ახერხებს. შვილები მათგან შორს - ცალკე ცხოვრობენ. შორენა დავითური და მისი 18 წლის შვილი - ელენე 18 წლის ელენესთვის კლონაზეპამი აუცილებელია - ორი აბი დღეში. უკვე წლებია, ეპილეფსიასთან ერთად, სხვა დაავადებებიც აქვს - პირველი ჯგუფის ინვალიდია. ძირითადად - წევს, მუცელში სტომით; საკვებს ზონდით იღებს, გულყრა ზოგჯერ ხელით შეხებაზეც ემართება და საავადმყოფოში გადაჰყავთ - განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. „ზოგჯერ ყოველდღე შეიძლება დასჭირდეს ჟანგბადის მიწოდება და დღეში რამდენჯერმე [ლორწოს] ამოქაჩვა სასუნთქი გზებიდან. 6 თვიდან სვამს წამლებს, კლონაზეპამის დოზები თანდათან გაუზარდეს და ეს წამალი ვერაფრით ჩავანაცვლეთ. ადრე 3 თვის სამყოფს ერთად ვყიდულობდი. ეს 14-დღიანი რეცეპტი ნამდვილი საშინელებაა...“ - გვეუბნება ელენეს დედა, შორენა დავითური. ელენე ძირითადად წევს, მუცელში სტომით. საკვებს ზონდით იღებს, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. როცა დედა წამლის საყიდლად გადის, ბავშვს არასრულწლოვან ძმას უტოვებს და გზაში ორივეზე ნერვიულობს. ხოლო როცა ბიჭი სკოლაშია - ელენეს დატოვება დედას სულ მარტო უწევდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, აფხაზეთიდან დევნილები არიან - ექიმთან ვიზიტისთვის არაფერს იხდიან. მათ პრობლემებს წამლის ხარისხი დაემატა. შორენა გვეუბნება, რომ პოლონური კლონაზეპამი აღარ შემოდის, სომხური წარმოების ეს პრეპარატი [იმავე დასახელებით] - ძალიან სუსტია და შედეგი პრაქტიკულად არა აქვს. რას ამბობენ ექიმები? აპრილში შემოსული ახალი რეგულაციები არც იმ ექიმებს მოსწონთ, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა. მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო კლინიკურ გადაწყვეტილებაში ჩაერია. „ფსიქიატრიაში დოზა, მკურნალობის ხანგრძლივობა და ვიზიტების სიხშირე კონკრეტული პაციენტის მდგომარეობით უნდა განისაზღვროს და არა ყველასთვის ერთნაირი სქემით. ბენზოდიაზეპინებს ნამდვილად სჭირდება მკაცრი კონტროლი - მათ აქვთ ტოლერანტობისა და დამოკიდებულების რისკი. მაგრამ კონტროლი არ ნიშნავს კლინიკური გადაწყვეტილების ჩანაცვლებას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექიმი ფსიქიატრი მარინა გეგელაშვილი და აპრილის რეგულაციების ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურად თვლის ხანგრძლივად ნამკურნალები პაციენტებისთვის დოზის „ხელოვნურად, დაჩქარებულ შემცირებას”. ექიმი გვეუბნება, რომ სწრაფი შემცირება მძიმე შფოთვას, უძილობასა და აგზნებას იწვევს. მარინა გეგელაშვილი, ექიმი ფსიქიატრი ვინ არის პასუხისმგებელი, თუ დოზის შემცირების გამო, რასაც ექიმი არ ეთანხმება, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება? - ეს შეკითხვა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსაც დავუსვით. “ექიმი პასუხს აგებს თავის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მაშინ მას ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს”; “თუ მე ვთვლი და ვასაბუთებ, რომ კონკრეტულ პაციენტს [დოზის] უფრო ნელი შემცირება სჭირდება, მაგრამ რეგულაცია ამის საშუალებას არ მაძლევს, შედეგზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ექიმს ვეღარ დაეკისრება… როდესაც ექიმს შედეგზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, მაგრამ თან ვეუბნებით, რომ კონკრეტულ პაციენტთან როგორ მოიქცეს, ექიმის როლიდან რეცეპტის გამომწერის ფუნქციამდე დადის და ეს უკვე მხოლოდ ექიმის პროფესიის დაკნინება არ არის. საბოლოოდ ისევ პაციენტი ზარალდება” , - გვპასუხობს მარინა გეგელაშვილი. ახალმა რეგულაციებმა ექიმების დატვირთვა გაზარდა. ახლა პაციენტები ყოველ ორ კვირაში ერთხელ მათთან მხოლოდ რეცეპტის გასაახლებლად მიდიან, ხოლო გრძელი რიგების გამო - ეს დრო სხვა პაციენტებს აკლდება. წამლის რეცეპტის გამოწერისას, ექიმმა ელექტრონულ სისტემაში კონკრეტული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ნებისმიერი მედიკამენტის დანიშვნა და დოზები დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს. ნებისმიერი აცდენა ექიმს შესაძლოა სასჯელად და ლიცენზიის შეჩერებადაც დაუჯდეს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგ შემთხვევებში, ექიმები ზედმეტადაც იზღვევენ თავს. ეკა ჭყონია - ექიმი ფსიქიატრი „იმის თქმა, რომ რაღაც წამალი ექიმმა არ უნდა გამოწეროს, ანდა, უნდა გამოწეროს შეზღუდული რაოდენობით - სამედიცინო ლოგიკაში არ ჯდება“, - ექიმი ფსიქიატრი ეკა ჭყონია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში ხარისხიანი და ეფექტიანი წამლების არჩევანი ისედაც ძალიან შეზღუდულია. როგორც კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები გვიყვებიან - ფსიქიატრთან ვიზიტის ხარჯის ასარიდებლად ჯერ ოჯახის ექიმთან მიდიან გადამმისამართებლად და შემდეგ - ფსიქიატრთან თუ ნევროლოგთან. ეს მათთვის დროის ორმაგი დანახარჯია. პრობლემაა იმ მედიკამენტების დეფიციტიც, რომლებსაც პაციენტი წლების განმავლობაში სვამს. ექიმი გვიხსნის, რომ, მაგალითად, პრეპარატ ციკლოდოლის გამოწერა აუცილებელია ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან ერთად, რათა „არ გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები - კუნთების დაჭიმულობა, შინაგანი დაძაბულობა და უფრო მძიმე შედეგებიც“; მაგრამ „ერთ მშვენიერ დღეს [გაზაფხულზე] ეს პრეპარატი მთელ ქვეყანაში გაქრა“. ამ და სხვა პრეპარატების პერიოდულ გაქრობას შემოტანაზე დაწესებული კვოტებით ხსნის. ახალი რეგულაციების გავლენით, ექიმებს ერთი და იმავე პაციენტისთვის რეცეპტის გამოწერა დღეში ორჯერაც მოუწიოს. ეკა ჭყონია იხსენებს შემთხვევებს, როდესაც პაციენტებს აფთიაქიდან ხშირად ისევ ექიმთან აბრუნებენ - რადგან აღმოჩნდება, რომ, ვთქვათ, 1 მლ.გ.-იანი კონკრეტული პრეპარატი აფთიაქებს იმ მომენტისთვის არა აქვთ და რეცეპტი 0.5 მლ.გ.-იანზე თავიდან უნდა გამოიწეროს. ასევე რეცეპტი ზუსტად იმ დასახელების პრეპარატზე უნდა იყოს გამოწერილი, რაც იმ დროს აფთიაქშია - პაციენტს სხვა წამალს არ მიჰყიდიან. „ელექტრონულ სისტემაში რომ შევდივარ, იქ მედიკამენტების ჩამონათვალში ყველა დოზა წერია - 1 მლ.გ.-იანიც, 2-იანიც, 1.5-იანიც და 0.5 მლ.გ.-იანიც. საიდან უნდა ვიცოდე იმ დროს რომელი [პრეპარატი] იშოვება და რომელი არა?!“ - ეუბნება ეკა ჭყონია რადიო თავისუფლებას. პაციენტებს გაზრდილი ხარჯები და წამლების შავი ბაზარი „ჩემთან ვიზიტი 140 ლარი ღირს. მე მხოლოდ 2 კვირის რაოდენობის გამოწერა შემიძლია. ორ კვირაში ისევ უნდა მოვიდეს პაციენტი და ისევ უნდა გადაიხადოს. ესე იგი, თვეში 280 ლარი უნდა გადაიხადოს მარტო ვიზიტში, რომ მე შევძლო 28 დღის სამყოფი რეცეპტის გამოწერა. ეს ქმნის საფრთხეს, რომ პაციენტი წავიდეს შავ ბაზარზე და იქ, კაცმა არ იცის, რას იყიდის. თითქოს ხომ [ახალი რეგულაციების] იდეა იყო კონტროლი, მაგრამ სრულიად უკონტროლო ეს ბაზარიც“, - გვეუბნება ექიმი ფსიქიატრი ეკა ჭყონია. ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის ახალი წესები: კანონი გამკაცრდა, მაგრამ ვის დაუჯდება ეს ძვირად? ფსიქოტროპულ პრეპარატებზე რეცეპტებს, ფსიქიატრების გარდა, ექიმი ნევროლოგები და ოჯახის ექიმები წერენ. სტატიის მომზადებისას, რადიო თავისუფლება კიდევ არაერთ ექიმს დაუკავშირდა - უდიდესმა ნაწილმა ინტერვიუს აარიდა თავი. თუმცა პირად საუბარში აღწერილი პრობლემები იდენტურია. არავინ უარყოფს, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა აუცილებელია და ავადმოხმარებას კონტროლი ესაჭიროება; თუმცა ეს ყველაფერი პაციენტებისა და ექიმების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ჯანდაცვის სამინისტროს ვკითხეთ - აქვს თუ არა ინფორმაცია ფსიქოტროპული მედიკამენტების საჭიროების მქონე პაციენტების პრობლემების შესახებ? და ხომ არ იგეგმება ამ რეგულაციების გადახედვა? პასუხი, როგორც უკვე ვთქვით, არ მიგვიღია. პაციენტები და ექიმები დღეს არსებულ პრობლემებს ჯერ კიდევ აპრილში პროგნოზირებდნენ.

Download metadata bundle
15 Aug 2026, 15:31 GMT By გიორგი გვახარია

გასული წლის შემოდგომაზე კინორეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ გზის გადაკეტვის აქციაში მონაწილეობდა. „მოვითხოვ, დავისაჯო ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები“, - მიმართა ახალგაზრდა კინორეჟისორმა სასამართლოს. გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის ახალი ეპიზოდის გმირისთვის წინააღმდეგობის გადალახვა ცხოვრების პრინციპად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მის პოზიციას ეწინააღმდეგებიან, ის ბოიკოტის მონაწილე კინემატოგრაფისტების გვერდით დგას - იბრძვის, თუმცა საკუთარ თავს აქტივისტს არ უწოდებს და ყველაზე მეტად კინოზე საუბარი უყვარს.

Download metadata bundle
11 Aug 2026, 15:28 GMT By ეუჯენ ურუშჩუკი

მოლდოვის ხელისუფლებამ 9 აგვისტოს დაგმო სოფელ კროკმაზთან მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგადაც ნამსხვრევები „დიდ ტერიტორიაზე“ მიმოიფანტა და განაცხადა, რომ საქმე ეხება „სარაკეტო დრონს.” რას წარმოადგენს ჰიბრიდული დრონი, რომლებსაც რუსეთი სულ უფრო ხშირად უშვებს უკრაინის ოდესის რეგიონისკენ?

Download metadata bundle