US Agency for Global Media

News and Information from Around the World

← Back to Direct feed
Download metadata bundle

დნმ-მასალა მუქარითა და მოტყუებით: ბელარუსში რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გენომურ ბაზას ქმნიან

1 Sep 2026, 12:53 GMT By რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური
დნმ-მასალა მუქარითა და მოტყუებით: ბელარუსში რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გენომურ ბაზას ქმნიან
დნმ-ის ნიმუშების აღების ლაბორატორია. საილუსტრაციო ფოტო
Credit: რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური

ბელარუსის ხელისუფლება მოქალაქეების დნმ-ის მონაცემთა ბაზას ქმნის. ადგილობრივი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებები, ხშირად მუქარითა და მოტყუებით, გენეტიკურ ინფორმაციას უკვე აგროვებენ - განსაკუთრებით ლუკაშენკას რეჟიმის მოწინააღმდეგეებისა და მათი ნათესავებისგან. ბელარუსის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომიტეტი მოქალაქეების გენომური რეგისტრაციისა და დნმ-ის ნიმუშების შეგროვების ინიციატივით გამოვიდა. წინადადება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალიაქსეი ვოლკაუმ გააჟღერა. მისი თქმით, ბელარუსის მოქალაქეების მონაცემებზე დაფუძნებული დნმ-ის ბაზის შექმნის ინიციატივა ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა, თუმცა მან უკვე მიიღო ძალოვანი სტრუქტურებისა და სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა. „საუბარი არ არის მთელი ქვეყნის მასშტაბით დნმ-ის ნიმუშების ერთდროულად შეგროვებაზე. ჩვენი აზრით, ამ სამუშაოს გარკვეული დრო დასჭირდება - ერთი, ორი, სამი, ოთხი წელი, შესაძლოა, მოქალაქეთა კატეგორიების მიხედვით. ზოგიერთი კატეგორია პრიორიტეტული იქნება, სხვებისთვის კი შეიძლება უფრო შორეული ვადა განისაზღვროს“ , - განაცხადა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომიტეტის თავმჯდომარემ. თუმცა, ბელარუსელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ძალოვანი უწყებები უკვე აგროვებენ დნმ-ის ნიმუშებს და, პირველ რიგში, იღებენ ლუკაშენკას რეჟიმის მოწინააღმდეგეებისა და მათი ნათესავებისგან. მათ შორის იმ ადამიანების ოჯახის წევრებისგანაც, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს, ადამიანებს დნმ-ის ნიმუშების ჩაბარებას ხშირად მუქარითა და მოტყუებით აიძულებენ. მათი ინფორმაციით, ბელარუსში სულ მცირე რამდენიმე წელია არსებობს ქვეყნის მოქალაქეების დნმ-ის არასაჯარო მონაცემთა ბაზა, რომლის გამოყენება კანონით დარეგულირებული არ არის. დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) - ადამიანის ერთგვარი უნიკალური „შტრიხკოდია“. დნმ-ის შესაგროვებლად, როგორც წესი, ნერწყვის ნიმუშს იღებენ. ევროპის ქვეყნებში მოქალაქეებს სახელმწიფო ორგანოებისთვის დნმ-ის ნიმუშის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დნმ-ის ნიმუშებს იღებენ მსჯავრდადებული და გარკვეული კატეგორიის დანაშაულებისთვის დაკავებული პირებისგან. მსგავსი სისტემა არსებობს აშშ-შიც (CODIS), თუმცა იქაც დნმ-ის ნიმუშებს ყველასგან არ აგროვებენ - მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებისა და ზოგიერთ შტატში გარკვეულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირებისგან. „გვითხრეს: თუ თქვენს შვილს რამე დაემართება, მისი ამოცნობა უფრო ადვილი იქნება“ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტებისთვის ცნობილია სულ მცირე რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბელარუსის ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ცდილობდნენ ქვეყნიდან წასული ბელარუსის მოქალაქეების ნათესავებისგან დნმ-ის ნიმუშების აღებას. საუბარია არასახელისუფლებო მედიის თანამშრომლებზე, რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. პირველი შემთხვევები ჯერ კიდევ 2024 წელს დაფიქსირდა. ბელარუსის მილიცია. დამოუკიდებელი ბელარუსული მედიის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს და რომლის სახელიც უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ორი წლის წინ, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ბელარუსში მცხოვრებ მის მშობლებს დნმ-ის ტესტის ჩაბარება აიძულეს. „ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დედაჩემი საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს. გარკვეული ხნის შემდეგ ის ისევ დაიბარეს - ამჯერად დნმ-ის ნიმუშის ჩასაბარებლად , - ამბობს ჟურნალისტი, - იმ დროს დედაჩემი ქალაქგარეთ ცხოვრობდა. უთხრა, რომ ჩამოსვლას ვერ შეძლებდა. საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები თვითონ ჩავიდნენ მის სოფელში და ნერწყვის ნიმუში ადგილზე აუღეს“. „მათ რაღაც ასეთი უთხრეს: „თუ თქვენს შვილს რამე დაემართება, ასე მისი ამოცნობა უფრო ადვილი იქნება“ , - ციტირებს რადიო თავისუფლების რესპონდენტი ძალოვნების სიტყვებს. ბელარუსული არასახელისუფლებო მედიის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ, რადიო თავისუფლებას ასევე უამბო თავისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევის შესახებ. მილიონი „მტერი“ და განდევნილი. ბელარუსი და ბელარუსელები 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ „ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ჩემი მშობლები საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს. გამომძიებლებმა მათ უთხრეს, რომ სჭირდებოდათ ჩემი დნმ, მაგრამ რადგან მე ბელარუსის ფარგლებს გარეთ ვცხოვრობდი, ნერწყვის ნიმუშს მათგან აიღებდნენ“ , - ამბობს ჟურნალისტი, რომელსაც უსაფრთხოების მოსაზრებებით საკუთარი სახელის გამხელა არ სურს. „ჩემმა მშობლებმა ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა უარი ეთქვათ დნმ-ის ნიმუშის ჩასაბარებლად საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადებაზე. გამომძიებლებმა უპასუხეს, რომ ნიმუშს ნებისმიერ შემთხვევაში აიღებდნენ“ , - განუცხადა რესპონდენტმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს, რომლის ინფორმაციით, დნმ-ის მონაცემებს მხოლოდ პოლიტიკური ემიგრანტების ნათესავებისგან არ აგროვებენ. ნიმუშებს იღებენ იმ ადამიანების ოჯახის წევრებისგანაც, რომლებიც ბელარუსში პოლიტიკურ საქმეებზე გაასამართლეს. იურისტი და ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ აგეი ადასტურებს, რომ ბელარუსში დნმ-ის იძულებით შეგროვების პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული: „ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა: დნმ-ის ნიმუშებს იღებენ პოლიტპატიმრებისგან და იმ ადამიანების ნათესავებისგან, რომლებმაც ბელარუსი დატოვეს. ეს ყველაფერი სამართლებრივი რეგულირების ფარგლებს გარეთ ხდება“. ოლეგ აგეი „კანონის მიხედვით, ასეთი ინფორმაცია პირად ინფორმაციად ითვლება და მისი შეგროვება და გავრცელება აკრძალულია , - განმარტავს იურისტი, - კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ნიმუშების შეგროვების გარკვეული პროცედურა არსებობს, თუმცა ბელარუსში მასაც არ იცავენ. ახლა კი ფართომასშტაბიან შემთხვევებს ვხედავთ, როდესაც ადამიანებისგან დნმ-ის ნიმუშებს მოტყუებით ან მუქარით იღებენ რათა შექმნან მონაცემთა ბაზები, რომელიც არსებითად უკანონოა“. ოლეგ აგეის თქმით, ბელარუსის ძალოვანი უწყებების თანამშრომლების ქმედებები ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 203-1 მუხლის - „პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უკანონო ქმედებები“ სფეროში ექცევა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, თუ კანონდამრღვევი თანამდებობის პირი არ არის. „ჩვენ არ ვიცით, როგორ ინახება დნმ-ის შესახებ ინფორმაცია და როგორ იყენებენ მას. ახალი კანონის მიღება კი უკვე არსებული პრაქტიკის ლეგალიზების მცდელობაა“, - ამბობს ადვოკატი. „გენომური რეგისტრაცია საზოგადოებაზე კონტროლის გაძლიერებაა“ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის (BAJ) იურისტის ოლეგ აგეის თქმით, დღემდე გაურკვეველია, რაში შეიძლება დასჭირდეთ ბელარუსის ძალოვან სტრუქტურებს რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების ან ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური აქტივისტების დნმ-ის მონაცემები. აგეი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში, სადაც კანონი არ მოქმედებს, ეს განსაკუთრებით სახიფათოა. იურისტი არც იმას გამორიცხავს, რომ რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანების დნმ-ის ნიმუშები ბელარუსმა ძალოვნებმა სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების გაყალბებისთვის გამოიყენონ. „თუ სამართლებრივი რეგულირება არ არსებობს, მხოლოდ ისინი - თავად ხელისუფლების წარმომადგენლები - წყვეტენ, როგორ გამოიყენონ ეს ინფორმაცია. სხვა ქვეყნებში დნმ-ის შეგროვების პრაქტიკა არსებობს, მაგრამ იქ არსებობს სამართლებრივი რეგულირებაც და შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოებიც. ბელარუსში კი ძალოვან სტრუქტურებს შეუძლიათ შეგროვებული დნმ-ის ნიმუშები საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ. ადამიანები კი ამის გამო ვერც საჩივარს შეიტანენ და ვერც თავის დაცვას შეძლებენ“, - ამბობს ოლეგ აგეი. რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ვიასნას“ იურისტმა სვიატლანა ჰალაუნიოვამ დაუდასტურა, რომ ბელარუსის ძალოვანი უწყებები დნმ-ის ნიმუშებს იღებენ როგორც პოლიტიკურ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდადებული პირებისგან, აგრეთვე იმ ადამიანებისგან, რომლებიც 2020 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციულად გასამართლდნენ. „ადამიანები მოგვმართავენ და გვეკითხებიან, შეუძლიათ თუ არა დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა. უმეტეს შემთხვევაში ეს ყოფილი პოლიტპატიმრები ან ის ადამიანები არიან, რომელთა წინააღმდეგაც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმეებია აღძრული , - ამბობს იურისტი, - ამ ეტაპზე ბელარუსში ადამიანებს დნმ-ის ნიმუშების წარდგენის ვალდებულება არ აქვთ; ეს მხოლოდ თავად პირის თანხმობით შეიძლება მოხდეს. თუმცა ასეთი გენომური რეგისტრაცია საზოგადოებაზე კონტროლის გაძლიერების მიზნით კეთდება“. სვიატლანა ჰალაუნიოვა ექსპერტები დნმ-ის ნიმუშების იძულებით ჩაბარებას ბელარუსის მოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული სხვა კანონების გაგრძელებად მიიჩნევენ. ჯერ კიდევ 2004 წელს ბელარუსში მიიღეს კანონი „თითის ანაბეჭდების რეგისტრაციის შესახებ“, რომელშიც რამდენჯერმე შევიდა ცვლილება. საბოლოო რედაქციით, კანონი ბელარუსის მოქალაქეობის მქონე თითქმის ყველა სრულწლოვან მამაკაცს თითის ანაბეჭდების ჩაბარებას ავალდებულებს. ბელარუსში სავალდებულო დაქტილოსკოპიის ტალღა 2008 წელს დაიწყო - 3 ივლისს მინსკში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს მომხდარი აფეთქების შემდეგ. 2026 წლის გაზაფხულიდან ბელარუსში თითის ანაბეჭდების ჩაბარება სავალდებულოა ყველა უცხოელისთვის, რომელიც ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადებას დაწერს, ან დაქტილოსკოპიურ პროცედურას სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადის. გარდა ამისა, თითის ანაბეჭდები უნდა ჩააბარონ 14-დან 75 წლამდე ასაკის იმ ბელარუსებმაც, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ულადიმერ ჟიგარი ბელარუსის ყოფილი ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ასოციაცია BelPol-ის წარმომადგენელი ულადიმერ ჟიგარი ბოლომდე ვერ ხვდება, რაში სჭირდება ბელარუსის ხელისუფლებას „პოლიტიკურთა“ დნმ-ის მონაცემთა ბაზა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ნიმუშების შენახვა საკმაოდ რთულია. ჟიგარი იხსენებს, რომ ბელარუსში ადრე დნმ-ის ნიმუშებს მხოლოდ მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისგან აგროვებდნენ, რაც ზოგჯერ დანაშაულების გახსნასაც უწყობდა ხელს. „ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, როგორი იქნება ეს კანონი - დნმ-ის ნიმუშების ჩაბარების შესახებ. შეუძლია თუ არა მას რაიმე გავლენა მოახდინოს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე? სავარაუდოდ, არა. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკურ საქმეებში ხშირად საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არის საჭირო - ყველაფერი „არაფრისგან“ კეთდება, - ამბობს ულადიმერ ჟიგარი, - ისეთი რთული ინსტრუმენტები, როგორიც დნმ-ის მონაცემთა ბაზაა, ამისთვის უბრალოდ ზედმეტია“.