არ არის მდინარაძე, არ იქნება ახალი პოსტი - როგორ იცვლება „ქართული ოცნების“ გეგმები
არდადეგების შემდეგ, "ქართული ოცნების" უმრავლესობას სადავო პარლამენტს დაჩქარებული წესით უნდა განეხილა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ყოფილი თანაგუნდელის, მამუკა მდინარაძის ყოფილ, ბოლო მოქმედ თუ სამომავლოდ დაგეგმილ თანამდებობებს შეეხებოდა. მაგრამ გეგმები შეიცვალა - სუსის ყოფილმა უფროსმა, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე დროებით იყო დანიშნული, 27 აგვისტოს თანამდებობაც დატოვა და პოლიტიკაც. პარლამენტში დარეგისტრირებული საკანონმდებლო პაკეტით დაგეგმილი იყო შემდეგი: უნდა გაუქმებულიყო რეგიონული განვითარების სამინისტრო [მინისტრის პოსტს მდინარაძე 29 ივლისიდან 27 აგვისტომდე იკავებდა]; უნდა გაუქმებულიყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტი [მდინარაძე იკავებდა 2026 წლის 30 აპრილიდან 2026 წლის 29 ივლისამდე]; უნდა შექმნილიყო რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტი [უნდა დაეკავებინა მამუკა მდინარაძეს]. მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მისი შემცვლელის გამოძებნის ნაცვლად, გადაწყდა, რომ სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი საერთოდ აღარ შეიქმნება; ხოლო რეგიონული განვითარების სამინისტრო ისევ ძველ მეწყვილეს - ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეერწყმება და გაერთიანებულ უწყებას სავარაუდოდ ისევ ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი უხელმძღვანელებს. „ქართული ოცნების“ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც სადავო პარლამენტში მუშაობს, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მმართველი პარტია სახელმწიფო უწყებებსა და თანამდებობებს მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. 1 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, მამუკა მდინარაძე მხოლოდ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა ახსენა. იმავე დღის ბოლოს, „ქართული ოცნების“ ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ თავის #5 წერილში აღნიშნა, რომ მდინარაძის კარიერა მის საქმეს შეეწირა. არ არის ადამიანი, არ იქნება პოსტი პარლამენტში აგვისტოს დასაწყისში დარეგისტრირებული და უკვე გაწვეული საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში მამუკა მდინარაძე, ცხადია, ნახსენები არ არის, თუმცა მრავალგზის ხაზგასმულია ახალი თანამდებობის შექმნის მნიშვნელობა - რეგიონებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის. „საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიღებით უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო მართვის უმნიშვნელოვანესი მიმართულების - ერთიანი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება, შედეგებზე დაფუძნებული რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება, გაუმჯობესებული კოორდინაცია რეგიონული მართვის საკითხებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობის ზრდა", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. ასევე, ტექსტის თანახმად: “ცვლილების მიზანია სახელმწიფო მართვის უმნიშვნელოვანესი მიმართულების - რეგიონული მართვის ეფექტიანობის გაზრდა”. “მოცემული რეფორმა დაეხმარება სხვადასხვა სამინისტროს რეგიონული პროექტების კოორდინირებულად განხორციელებაში. ასევე, გაზრდის რეგიონული პროექტების სტრატეგიული დაგეგმარების ხარისხს და უზრუნველყოფს მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უფრო დროულად მიღებას”. “რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოზიციის შემოღება, რომელიც ამავდროულად შეასრულებს ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც, მნიშვნელოვნად გაზრდის კოორდინაციის ხარისხს სხვადასხვა უწყებებს შორის”. ტექსტში ლაპარაკია ადმინისტრაციული რესურსებისა და საბიუჯეტო თანხების მნიშვნელოვან დაზოგვაზეც. ეს საქმიანობა დამღლელია, მის ფსიქოლოგიურ სტრესს გაგებით მოვეკიდეთ - კობახიძე მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე თუკი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოზიცია ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ გამოინახა ამ პოსტისთვის სხვა, შესაფერისი ადამიანი მდინარაძის წასვლის შემდეგ? 31 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობა ახლა „განსხვავებულ მოდელზე“ მუშაობს, რაც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. წინასწარი ინფორმაციით, აღარ გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „[მამუკა მდინარაძის] პირადი შესაძლებლობიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული“, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს და განმარტა, რომ ახლა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა რელევანტური აღარ არის. “მთავრობა ეს არის პოლიტიკური გუნდი და პოლიტიკურ გუნდში მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც აქვთ რესურსი გარკვეული საქმიანობის განხორციელების. იმისთვის, რომ კოორდინაცია აწარმოო სხვადასხვა სამინისტროების თუ სტრუქტურების, ამას რა თქმა უნდა პოლიტიკური გამოცდილებაც სჭირდება, პოლიტიკური რესურსიც სჭირდება, რომელიც მამუკა მდინარაძეს ჰქონდა განსაკუთრებული ამ მხრივ”, - განაცხადა პაპუაშვილმა. მდინარაძის წასვლა - პოსტიდან პოსტზე გადასვლის შემდეგ გაყოფა და შეერთება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორ ნაწილად 2025 წლის აპრილში გაიყო. 2025 წლის 2 აპრილს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე [2025 წლის 2 აპრილს] ირაკლი კობახიძემ სუსის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა - ამჟამად დაჭერილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო; 4 აპრილს კობახიძემ განაცხადა, რომ “განსხვავებული მიდგომების” გამო ლილუაშვილი აღარ დაიკავებდა მინისტრის პოსტს. 2025 წლის ოქტომბერში ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს, დეკემბერში ის დააკავეს. მას შემდეგ სამინისტროები ასე ცალ-ცალკე იყო დარჩენილი. 29 ივლისს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძე დანიშნა - დაპირებით, რომ „სექტემბრის პირველ კვირაში“ მისთვის ახალი პოსტი შეიქმნებოდა, სამინისტრო კი გაუქმდებოდა. ამ გეგმის შესრულება ვეღარ მოესწრო. 27 აგვისტოს მდინარაძე გადადგა. მდინარაძის 4 თანამდებობა არასრულ ერთ წელში - რა ხდება “ძალაუფლების ოლიმპოზე”? „ეს ხალხი [„ქართული ოცნება“] ასე ექცევა სახელმწიფოს... მათი ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება ერთადერთ მოტივაციას - ძალაუფლების შენარჩუნებას. სახელმწიფოს რა გამოადგება, ხალხს რა გამოადგება, რა უკეთესი იქნება, რამდენად ეფექტიანი იქნება - ეს მეასეხარისხოვანი „ოცნებისთვის“... უტიფარი სახეებით, მათ შეუძლიათ, ერთ დღეში რადიკალურად შეცვალონ გადაწყვეტილება და ისევ დაგისაბუთონ, რომ რაც გუშინ პრიორიტეტი იყო და რის გარეშეც თურმე არ შეიძლებოდა, დღეს ამის გარეშეც შესაძლებელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ - დეპუტატი, გიორგი შარაშიძე. ის „დიდ უპასუხისმგებლობას“ ხედავს პროცესებში - რაც ჯერ მხოლოდ რეგიონული სამინისტროს საკადრო გადაადგილებებს, მისი გაუქმებისა და ახალი პოსტების შექმნის გეგმებს, შემდეგ კი ამ გეგმების შეცვლას უკავშირდება: „მათი ერთადერთი კრიტერიუმი მონური მორჩილებაა - კონკურენცია იმაში კი არ აქვთ, ვინ უფრო რეფორმატორია ან ვინ უფრო კონკურენტულია; არამედ კონკურენცია იმაშია - ვინ უფრო მეტად, უკაცრავად ჟარგონისთვის და გააპრავებს [ბიძინა] ივანიშვილის გადაწყვეტილებებს“. შარაშიძეს ასევე აინტერესებს, როდემდე დარჩება კულტურის სამინისტრო მინისტრის გარეშე. კულტურისა და სპორტის სამინისტროები 2025 წლის იანვარში გაიყო. თინათინ რუხაძე, რომელმაც, 2026 წლის ივლისის ბოლოს, თანამდებობა ფეისბუკპოსტით დატოვა, სპორტიდან გამოყოფილი კულტურის სამინისტროს პირველი ხელმძღვანელი იყო. „დამჭირდება მკურნალობის სპეციალური კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას. კულტურა ისეთი სფეროა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ შექმნილი ვითარება საშუალებას არ მაძლევს, სათანადო დრო დავუთმო ჩემთვის უძვირფასეს საქმეს,“ - წერდა თინათინ რუხაძე განცხადებაში. შემოდგომის პირველ სხდომაზე 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე. ყოფილი თანაგუნდელებიდან მამუკა მდინარაძე მხოლოდ არჩილ ბერიძემ ახსენა და მადლობაც გადაუხადა „ღირსეული კვალის“ დატოვებისთვის, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. პოლიტიკური განცხადებების რიგში ბერიძე თანაგუნდელებს შორის მეექვსე იყო. არც მანამდე და არც მის შემდეგ, სხდომაზე, მდინარაძე არავის უხსენებია. “მის გარეშე რთული იქნება მუშაობა” , - ანსამბლ „ბათუმის“ ყოფილმა სოლისტმა არჩილ ბერიძემ სხდომაზე თქვა, რომ მდინარაძე “მაღალი დონის პროფესიონალი”, “გამორჩეული მენეჯერი”, “პრინციპული” და “გუნდის ერთგული ადამიანი” იყო. გიორგი შარაშიძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მდინარაძისთვის მადლობის გადასახდელად საგანგებოდ შეარჩიეს „ნაკლები პოლიტიკური წონის, ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც თავისი პროფესიის [მომღერლობის] გამო საზოგადოებაში აქვს გარკვეული ავტორიტეტი “, ხოლო დანარჩენები მდინარაძის ხსენებას მოერიდნენ. „ბატონი არჩილ ბერიძე „ქართული ოცნების“ ახალი წევრია [2024 წლის არჩევნების შემდეგ]... თუ ვინმეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა უნდა გადაეხადა მდინარაძისთვის, ეს უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებთან ერთადაც ის წლები მუშაობდა... ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის გამიჯვნა მისგან [მდინარაძისგან]“, - გვეუბნება შარაშიძე. მამუკა მდინარაძემ პარლამენტში 9 წელი გაატარა. 2016 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” გუნდში ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო - ჯერ მაჟორიტარი, ხოლო მომდევნო ორ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” პარტიული სიის მე-5 ნომრად დაასახელა. ძირითადად იყო “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი. გარკვეული პერიოდი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედაც მუშაობდა. თანაგუნდელების ნაწილმა, მდინარაძის წასვლის შემდეგ, მას ფეისბუკპოსტებით გადაუხადა მადლობა; აქებდნენ, მადლობას უძღვნიდნენ მედიასთან გაკეთებულ კომენტარებშიც. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 31 აგვისტოს, ბიუროს სხდომაზე, მდინარაძეს მადლობა გადაუხადა „წლების განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის“ და „მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ მთავრობაში. მის წასვლას დასანანი უწოდა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. უკვე სხდომაზე პაპუაშვილს იგივე არ გაუმეორებია. ღარიბაშვილი: მდინარაძის გადადგომამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ წერილი ნამდვილია 1 სექტემბერს, დღის ბოლოს, პატიმარი ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხეში დაწერილი მორიგი წერილი გამოქვეყნდა. ამჯერად წერს, რომ - მამუკა მდინარაძის კარიერა მის საქმეს შეეწირა. “მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა”, - ღარიბაშვილი ამჯერად, მდინარაძესთან ერთად, კობახიძესაც მძიმე ბრალდებებს უყენებს: “მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”. მანამდე, ღარიბაშვილი თავის წერილებში აღნიშნავდა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდა მდინარაძე, “ბიძინა ივანიშვილის დავალებით”, როდესაც მისგან კორუფციული ბრალის აღიარებას პოლიტიკიდან სამუდამო გამიჯვნის გარანტიად ითხოვდნენ. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვარაუდობს, რომ საბოლოოდ, მამუკა მდინარაძე გრიგოლ ლილუაშვილის ბედს გაიზიარებს და პასუხს, ადრე თუ გვიან - მათ თანაგუნდელზე, დეპუტატ გიგა ფარულავაზე „ოცნების“ დეპუტატების ჯგუფური ძალადობის წახალისებისთვისაც აგებს. გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს გახარიას გუნდში დარწმუნებული არიან, რომ 2026 წლის 26 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, ფიზიკური ანგარიშსწორება სწორედ მამუკა მდინარაძის “შეკვეთით” დაიწყო. პარლამენტში იმ დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენდნენ. დარბაზში იჯდა მდინარაძეც. ის ამ დროს ჯერ კიდევ სახელმწიფო მინისტრი იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. თანაგუნდელები მან სრულად გაამართლა და გამოძიების დაწყება გამორიცხა. "მეც ვიზიარებ, ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან, ვინც იმ სამწუხარო ინციდენტში მონაწილეობდნენ. ვიღებ მეც მეგობრულადაც, მორალურადაც, პოლიტიკურადაც, გუნდურადაც ყველა პასუხისმგებლობას. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გულით რომ გინდოდეთ, ვერ დადგება.” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ გიგა ფარულავას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. პარტიის “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატები მან პროვოკაციაში დაადანაშაულა; თქვა, რომ ჩხუბი გიგა ფარულავას გინებამ გამოიწვია. პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართა. გიორგი შარაშიძე გვეუბნება, რომ ამ ნაბიჯს - საგამოძიებო უწყების რეაგირება არ მოჰყოლია.
